LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 წლის ქართველი მოცარტი ნიკოლოზ რაჭველს ესტუმრა

641
nikoloz-rachveli-news121

ნიკოლოზ რაჭველი აქვეყნებს ვიდეოსა და ფოტოებს, რომლებიც 9 წლის ქართველი გენიოსის, ცოტნე ზედგინიძის მასთან სტუმრობას ასახავს. ცნობილი მუსიკოსი წერს, რომ გია ყანჩელმა, პატარა ცოტნესთან  შეხვედრის შემდეგ, აღნიშნა, რომ ასეთ ასაკში მსგავსი მოვლენა ვერ წარმოედგინა…

გთავაზობთ ნიკოლოზ რაჭველის პოსტს:

„გუშინ პირველად მესტუმრა ცოტნე თავის დიდ და პატარა ნინოებთან ერთად. გავერთეთ, ვიცელქეთ, ვირბინეთ, შტოკჰაუზენის “ჰელიკოპტერ კვარტეტის” პრემიერის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ვუყურეთ, მუსიკაზეც ვისაუბრეთ, იმპროვიზაციებიც შევასრულეთ ოთხ ხელში და ბოლოს ქარის შტურმისას ერთ-ერთი თავისი ნაწარმოებიც დამიკრა, მე კი გადავიღე!

რამდენიმე დღის წინ გია ყანჩელს შეხვდა, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი მოვლენა, თან ამ ასაკში, ვერ წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა, ოდესმე ენახა. მისი ზენიჭიერებით აღტაცებულ ლიზა ბათიაშვილს კი ერთი სული აქვს, როდის შეახვედრებს ცოტნეს დანიელ ბარემბოიმს, რომელმაც პიერ ბულეზის ცენტრი დააარსა ბერლინში.

ჰო, კიდევ ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ცოტნემ შონბერგის სამი ურთულესი პიესა, ბარტოკის ნაწარმოებები და შოსტაკოვიჩის მეორე კონცერტი გაარჩია, დიდი მონაკვეთები უკვე ზეპირად იცის, შოსტაკოვიჩს ერთად დავუკრავთ, მზად რომ ექნება.

მანამდე კი მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ ბელგიის ნაციონალური ოპერის თეატრ La Monnaie De Munt-ში თანამედროვე რეჟისურით დადგმულ საოპერო წარმოდგენებს დაესწროს. მათ შორის მომახსენა, რომ მომავალ სეზონზე სამი ახალი შექმნილი თანამედროვე ოპერა იდგმება, იქვე მათი ავტორების სხვა ნაწარმოებები მომასმენინა და თავისი შთაბეჭდილებები გამიზიარა (100%-იან თანხვედრაში ჩემს მოსაზრებებთან). აი, ასეთი კოლეგა და მეგობარი მყავს ჩემო მეგობრებო, მეტი რა არის დიდი სიხარული და ბედნიერება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები