LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

94 მომხრე, 1 წინააღმდეგი – „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი  დამტკიცდა

101
BeFunky-collage - 2020-07-03T130413.922

94 მომხრე, 1 წინააღმდეგი – პარლამენტმა  მესამე მოსმენით „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა.

პროექტი საარჩევნო კამპანიასთან და არჩევნების ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, სააგიტაციო მასალის განთავსება, საარჩევნო უბნის გარდა, შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსშიც აკრძალული ხდება. აკრძალული ხდება კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხებაც. ეს აკრძალვა არ შეეხება ეგზიტპოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას.

ფართოვდება იმ პირთა წრეც, რომელთაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა ეკრძალებათ. პროექტის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ საჯარო სკოლების პედაგოგებს, სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას, ასევე სსიპ-ებისა და სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლებს.

კანონპროექტში ჩანაწერი რეკლამა და აგიტაციაზე:

საარჩევნო კოდექსს ემატება ჩანაწერი, რომელიც არჩევნებამდე 2 თვით ადრე სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შეუზღუდავს განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლების განთავსებას.

ცვლილების მიხედვით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება არჩევნებიდან მე-3 შაბათს და მას განკარგულებით ნიშნავს ცესკო. თუ მეორე ტურში მონაწილე ერთ-ერთმა საარჩევნო სუბიექტმა დაკარგა პასიური საარჩევნო უფლება, ასეთ შემთხვევაში მეორე ტური არ გაიმართება და ცესკოს მიერ გამარჯვებულად ცხადდება მეორე საარჩევნო სუბიექტი.

ამავე კანონპროექტით  მედია-კამპანიისა და პოლიტიკური სუბიექტებისთვის დათმობილი საეთერო დროის მიმართულებით მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს. კონკრეტულად,  ტელე-ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს.

წარმოდგენილი ცვლილებებით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები ვეღარ შეძლებენ, მედიაში ერთმანეთზე პოზიტიური საარჩევნო რეკლამის განთავსებას. დაუშვებელი ხდება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება.

ტელე და რადიო მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონით დადგენილ ვადაზე ადრე გამოქვეყნებაზე ჯარიმა იზრდება. კერძოდ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა გამოიწვევს მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარით. სხვა მედიიის საშუალებებისთვის ჯარიმის ოდენობა კვლავ 1 500 ლარი იქნება.

 

საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურები:

ცვლილებების თანახმად, ზუსტდება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურები. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიებში არაპარტიული ნიშნით წევრთა არჩევა მოხდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის არაპარტიული ნიშნით არჩეულ წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით. ამასთან, საუბნო კომისიებთან მიმართებით ფართოვდება ჩანაწერი ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვაზე. უფრო კონკრეტულად, თუკი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრია, მას არჩევის პროცედურაში მონაწილეობის უფლება ეკრძალება. კანონპროექტის თანახმად, ოჯახის წევრად მიჩნეულია: მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი. ასევე, დაუშვებელი ხდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული იყო პოლიტიკური პარტიის მიერ.

 

გენდერული კვოტების ახალი ცვლილება ჩანაწერში და პარტიების დაფინანსება

ცვლილებები ეხება გენდერული კვოტირების საკითხებსაც. კერძოდ, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ხოლო 2028 წლიდან 2032 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტია ვალდებული იქნება, ცესკოსთვის წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც იყოს განსხვავებული სქესის. პარტია, რომელიც 2028 წლამდე ჩატარებული პარლამენტის არჩევნების საფუძველზე იღებს დაფინანსებას, მიიღებს ასევე დანამატს მისაღები დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ მის მიერ პარლამენტის ბოლო არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში, ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც განსხვავებული სქესისაა. დანამატი პარტიის ქალთა ორგანიზაციის საქმიანობისთვის უნდა იყოს გამოყენებული. ცვლილებების თანახმად, ბლოკში შემავალი პარტიების სახელმწიფო დაფინანსების განაწილების წესი ბლოკის წესდებით შეიძლება განისაზღვროს.

შშმ პირებისთვის დროებითი წესის განსაზღვრა:

საარჩევნო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა მონაწილეობის დროებითი წესის განსაზღვრა. აღნიშნულის თანახმად, საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მოხდება შშმ პირთათვის უბნების ადაპტირება – თითოეულ ოლქში არანაკლებ 4-4 უბანი ეტლით მოსარგებლეთათვის.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით 120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება, ე.წ. 40%-იან ჩამკეტი მექანიზმით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები