ერთი შეხედვით მოკრძალებული პენსიონერი – სინამდვილეში, 94 წლის ოლავ ტონი – მრავალრიცხოვანი კომერციული ობიექტების, მათ შორის სავაჭრო ცენტრების და სასტუმროების მფლობელი, ნორვეგიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომელიც სოლიდური ასაკის მიუხედავად, დღეში მინიმუმ 10 საათს მუშაობს და არც დამსახურებულ პენსიაზე გეგმავს გასვლას, რადგან თვლის, რომ საოცრად შრომისუნარიანს კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია. პარასკევს საღამოს, როცა მისი კომპანიების თანამშრომლები უქმეებისთვის ემზადებიან, ოლავი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას. „ოფისში დილის 7-8 საათზე მივდივარ. მთელ დღეს შეხვედრებზე ვატარებ, სახლში კი, გვიან ვბრუნდები. 10-საათიანი სამუშაო დღე – ჩემთვის სრულიად ნორმალურია, რადგან ძალიან მიყვარს მუშაობა“, – აღნიშნა ტუნიმ ჟურნალ Scandinavian Traveler-თან ინტერვიუში.

ოლავ ტუნი ნორვეგიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში სავაჭრო ცენტრების, აეროპორტისა და ქიმიური საწარმოს მფლობელი კომპანიის Olav Thon Gruppen-ის მმართველთა საბჭოს თავჯდომარეა. „ნებისმიერ ადგილას შეიძლება ვიყო, მაგრამ დღეც არ გავა, დეტალურად არ შევისწავლო სხვა ლოკაციებზე არსებული სიტუაცია და გაყიდვების მდგომარეობა, რადგან  კომპანიის ინვესტიციები მხოლოდ ჩემი თანხმობით ხორციელდება“.

ყველასთვის საამაყოა Forbes-ის მილიარდერთა ნუსხაში მოხვედრა, მით უფრო რიგითი პროვინციელისთვის, რომელსაც სკოლაც არ აქვს დამთავრებული, „მედიცინის შესწავლა მინდოდა, თუმცა სწორედ მაშინ დაიწყო ევროპაში ომი. მშობლებმა ზედმეტად სარისკოდ ჩათვალეს ჩემი საზღვარგარეთ გამგზავრება და მშობლიურ ჰალინგდალეში დამტოვეს, სადაც მხოლოდ მელიების ფერმა იყო. გამოსავალი არ მქონდა, ამიტომ მელიების ბეწვით დაივიწყე ოსლოში ვაჭრობა“.  ახალგაზრდა ტუნიმ სწრაფად მიაღწია წარმატებას და ერთ წელიწადში ოსლოს დასავლეთ გარეუბანში წამოიწყო ბეწვის ბიზნესი. „ძალიან გამიმართლა, რადგან საქმე სწრაფად განვითარდა და შემდეგ წელს უკვე ქალაქის ცენტრში გავხსენი ფილიალი. მაშინ მხოლოდ 20 წლის ვიყავი, თუმცა საქმის მართვა კარგად გამომდიოდა. შენობა, რომელშიც მაღაზია მქონდა გახსნილი, აუქციონზე გამოიტანეს გასაყიდად და მეც დაუფიქრებლად შევიძინე“.

დღეს შენობა კარლ-იუჰანის ქუჩაზე – ოსლოს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა თავისი გრანდიოზული სავაჭრო ცენტრით. ოლავმა 1,4 მილიონი ნორვეგიული კრონი გადაიხადა მის შესაძენად, თუმცა თვითონ მხოლოდ 80 ათასი ჰქონდა, დანარჩენი კი, ბანკისგან ისესხა. „საინტერესო კლიენტი ვიყავი, რადგან ყოველთვის დროულად ვფარავდი გადასახადს, ამიტომ სიამოვნებით მაძლევდნენ კრედიტს“. შესაძლო რისკები ტუნის არასდროს აღელვებდა, რადგან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა კარგად იცოდა, რომ უძრავი ქონების ფასი მუდმივად იზრდებოდა. „მაგალითისთვის ჰალინგდალეს ფერმებიც გამოდგება. საუკუნის წინ მათი შეძენა რამდენიმე დოლარად შეიძლებოდა, ახლა კი, უზარმაზარი თანხა ღირს, ამიტომ არასდროს მივიჩნევდი საკუთარ შენაძენს სარისკოდ“.

ნორვეგიაში, ისე როგორც სხვა ქვეყნებში, სადაც ადამიანებს სოლიდური ქონების დაგროვება შეუძლიათ, ქონებასთან ერთად მტრებსაც მრავლად აგროვებენ. გამონაკლისი არც ტუნი აღმოჩნდა, რომელსაც ხან პოლიტიკოსები აკრიტიკებდნენ, ხან ჟურნალისტები და მწერლები,  „არასდროს მაინტერესებდა სხვათა აზრი, რადგან ყოველთვის მჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების. შესაძლოა ქედმაღლურად ჟღერს, მაგრამ საკუთარ თავში მართლაც არასდროს შემპარვია ეჭვი“. ზედმეტად ამბიციური განცხადების მიუხედავად, კოლეგა მილიარდერებისგან ტუნი სწორედ თავმდაბლობით და მოკრძალებით გამოირჩევა. ეკონომიურ Volkswagen-ს ანიჭებს უპირატესობას, მხოლოდ ერთი ველოსიპედი და ერთი წყვილი თხილამური აქვს, სავიზიტო ბართად ქცეული წითელი ქუდი კი, მეუღლემ მოუქსოვა. უცნაურია, მაგრამ ქუდის შიდა ნაწილში მცირე ბარათია ჩაკერებული ტელეფონის ნომრით და გზავნილით, რომელიც ქუდის დაკარგვის შემთხვევაში მპოვნელს 500 ნორვეგიული კრონით დასაჩუქრებას ჰპირდება.

ბიზნესში წარმატების მისაღწევად, ერთდროულად რამდენიმე ბურთით ჟონგლიორობა უნდა ისწავლოთ. ახალი ობიექტის შეძენისას ან ახალი ბაზრის ათვისებისას, ყველაფერს ვაკეთებ მისი შემდგომი განვითარებისთვის. არაფერს ვყიდი, რამდენიმე კრონის მოსაგებად და არასდროს ვაბანდებ ფულს იქ, სადაც შემოსავალი ნაკლები იქნება“.

ოლავს ძალიან უყვარს ბუნება და დიდ დროს ატარებს ნორვეგიის ტყეებში. 2013 წელს ტუნიმ, რომელსაც არასდროს ჰყავდა შვილები საქველმოქმედო ფონდი დააარსა და საკუთარი კომპანიაც მას გადასცა მემკვიდრეობით. „საიქიოში ვერაფერს წაიღებ, ამიტომ გარდაცვალების შემდეგ მთელი ჩემი ქონება ქველმოქმედებას მოხმარდება“, – აღნიშნა ოლავმა, რომლის ფონდი დღესაც აქტიურად აფინანსებს სამეცნიერო კვლევებს მედიცინის სფეროში, რადგან სწორედ მედიკოსობაზე ოცნებობდა ოლავი ახალგაზრდობაში.

მსგავსი თემები