“აჭარამ დაიბრუნა მწვანე ზონის სტატუსი. 30 აპრილის შემდეგ, რეგიონში აღარ გვყავს ახალი დაინფიცირებულები. ესაა საკმაოდ დადებითი, პოზიტიური შედეგი,”- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ  კლინიკა „მედალფაში“ ამ დრომდე მხოლოდ ორი ინფიცირებული მკურნალობდა, ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ და სამედიცინო დაწესებულებიდანაც გაეწერნენ.

აჭარაში 30 აპრილის შემდეგ, უკვე 23 დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

„ბოლო ორი ინფიცირებული განიკურნა. შესაბამისად, აჭარამ დაიბრუნა მწვანე ზონის სტატუსი. 30 აპრილის შემდეგ, რეგიონში აღარ გვყავს ახალი დაინფიცირებულები. ესაა საკმაოდ დადებითი, პოზიტიური შედეგი, მაგრამ ეს არაა მოდუნებისა და თვითკმაყოფილების საფუძველი. ჩვენ გვმართებს, რომ საზოგადოებასთან, მოსახლეობასთან ერთად, გავაგრძელოთ იმ რეკომენდაციების განუხრელად შესრულება, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის უწყებების მიერ. ის ფაქტი, რომ აჭარამ დაიბრუნა მწვანე ზონის სტატუსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ეპიდრეგიონი, იყო საკმაოდ მომეტებული რისკის მატარებელი, ვინაიდან ჩვენთან რამდენიმე ათეული საკარანტინე სივრცე მოეწყო. მიუხედავად ყველაფრისა, პირველ რიგში მოქალაქეების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით შევძელით, რომ კარგად, ეფექტურად გვემართა ეს პროცესი და დღეს გვქონოდა საკმაოდ დამაიმედებელი შედეგი. უსაფრთხო რეგიონისა და მწვანე ზონის სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის მოახლოებისას. ამიტომ ყველას გვმართებს, რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები და ფრთხილად დავუბრუნდეთ ეკონომიკის აღდგენის, განახლების ეტაპს და ვუმასპინძლოთ ტურისტებს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერში განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მედიკოსებს, საზოგადოებასა და უწყებათაშორის საბჭოს -პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, ვინაიდან ყველას კოორდინირებულმა მოქმედებებმა მოგვცა საშუალება, რომ დღეს ეს შედეგი გვქონოდა. ამას ყველა ერთად უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან ნებისმიერ დროს შესაძლოა, ეს შედეგი შეიცვალოს“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05