LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთს საქართველო აკლია – ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ომამდე და ომის შემდეგ (ექსკლუზივი სოხუმიდან)

6960
Abkhazia-ArnePiepke (2)

1993 წლის 27 სექტემბერს საკუთარ სამშობლოში ქართველი მოსახლეობა დევნილად იქცა. ამ დღეს, დღემდე დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი. ამ დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მატიანე დაიწერა, სადაც ძმამ ძმა მოკლა, ნათესავებმა ერთმანეთი დახოცეს, მოყვრებმა ერთმანეთს სახლ-კარი გადაუწვეს და რამდენი ტრაგიკული ამბავი გავნითარდა. ერთ დროს კეთილი მეზობლები მტრად გადაეკიდნენ ერთმანეთს. ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა, ქართული მოსახლეობის საკუთარი მიწიდან აყრით და ენგურის საზღვარზე განდევნით დასრულდა. იმ დღეს აფხაზეთი სოხუმში არ იყო, იმ დღეს აფხაზეთი ენგურზე გადმოვიდა.

 

25 წელი: დღეს სოხუმის დაცემის დღეა! (ფოტოები)

 

ბრძოლები 27 სექტემბრამდე გაგრძელდა, თუმცა მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და სოხუმი დაეცა. ეს არის ფაქტი. საუკენეების განმავლობაში ნაშენებ ურთიერთობას, მართალია ამ ომმა დაღი დაასვა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გაანადგურა. როგორი იყო ურთიერთობები ომამდე?! ამას უკვე მშობლებს მოვაყოლებთ ან უფროს თაობას და ვეცდებით გონებაში აღვიდგინოთ წარსული სურათები: ულამაზესი სანაპირო, ლურჯი ზღვა, განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა, ურთიერთობის და სიყვარულის ქალაქები, დასავლური და აღმოსავლური კულტურის შერწყმის ადგილ, სიწმინდეები, ტაძრები და ხალხი, რომელიც ერთმანეთზე იყო შეყვარებული. აქ იყო ქორწილი, ქართველის და აფხაზის დამოყვრების და აქ სადიდებელს ჯიხვის რქის განსხვავებული სასმისით სვამდნენ.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში მცხოვრებმა ერთმა ქართველმა თავის ჭიშკარს ბოქლომი დაადო. ის ბოქლომი დღემდე ხელუხლებელია. მართალია გაიცვითა და კარიც მოინგრა, სახლიც დამწვარია და ნასახლარზე ბალახია ამოსული, მაგრამ ის იქ მაინც თავის პატრონს ელოდება. ზოგიერთ სახლს ჯერ კიდევ შემორჩა ქართულენოვანი აბრა, ჟანგმოდებული და ხავსმოდებული, მაგრამ მასზე ჯერ კიდევ იკითხება ქართული ასოები.

 

„სოხუმი – მეხსიერებაში ფერადია! გულში – ნაცრისფერი და ტკივილით სავსე…“

 

“ფორტუნას” შესაძლებლობა ქონდა ჩაეწერა აფხაზეთში, საკუთარ სახლში სტუმრად ჩასული ქართველი ზ.ბ. რომელიც ექსკლუზიურად “ფორტუნას” მკითხველს უყვება იმ ვითარებას, რაც მან ნახა და მოისმინა. გარკვეული მიზეზების გათვალისწინებით რესპოდენტის ვინაობას ვერ ვასახელებთ.

“ჩასვლამდე გამაფრთხილეს სოხუმში მეგრულად და მით უმეტეს ქართულად არ მესაუბრა. საკუთარ სამშობლოში ჩემს ენაზე საუბარი რომ ამიკრძალეს და შეზღუდვები დამიწესეს, ეს უკვე ტრაგედია იყო ჩემთვის. როგორც კი ქალაქ გალს და მის რაიონებს გავცდით, უკვე სიცივე იგრძნობოდა. მანამდე ალბათ ქართული მოსახლეობის ნაწილი ცხოვრობს და სხვა სითბოს ვგრძნობდი. ოჩამჩირეს შემდეგ თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი. იმ ამბებიდან, რასაც მშობლები მიყვებოდნენ, თითქმის არაფერი დარჩენილა იქ. ვცდილობდი ახალგაზრდებთან ურთიერთობას, მათთან კონტაქტს, მაგრამ საქმე სულ სხვაგვარად აღმოჩნდა. იქ მცხოვრებთა სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვინც შემხვდა და ვისთანაც ურთიერთობა მქონდა, აშკარაა ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობა. განსაკუთრებით უფროს თაობაში შეინიშნება ძველი მეგობრობის, ნათესაობის და მეზობლობის კვლავ აღდგენის სურვილი. რაც შეეხება ახალგაზრდებს, მათი აზროვნება, ჩემი აზრით, უფრო განსხვავებულია. ზოგიერთმა მათგანმა არც კი იცის ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი, არ იცის საერთოდ რა ხდება ენგურს გაღმა. ვფიქრობ, ე.წ. აფხაზური განათლების სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეების განვითარებას საშუალო დონემდეც კი. მათზე არა მხოლოდ სკოლა და იქ შეთხზული ისტორიები მოქმედებს, არამედ საერთოდ გარემო, რომელიც ამ ახალგაზრდებზე დიდ ზეგავლენას ახდენს. სანაპიროზე მიმავალს, საკუთარი ყურით მოვისმინე ორი ახალგაზრდა გოგონა ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ – ჩვენს იქ მისვლამდე აფხაზეთ-საქართველოს ომი დაიწყებაო. გაკვირვებული ვუსმენდი. რა ომი, პირიქით, ჩვენ მშვიდობა გვინდა, მაგრამ სამწუხაროდ მათთვის ამის შეგნება ვერ მოვახერხე. საკუთარ სახლში ჩასული სტუმარი, თავს უბედურად და უხერხულად ვგრძნობდი. ყველაზე მთავარი, რაც კი მინდოდა მეთქვა ის არის, რომ აფხაზეთს აკლია საქართველო. გამოსავალი ვფიქრობ ისევ ახალი თაობის დაახლოების ფაქტორშია. მინდა მოვუწოდი არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთავრობის ხელშეწყობის პროექტები განახორციელონ, რაც გულისხმობს გაცვლით პროგრამებს. თუ ამ ბავშვების შეხვედრა ვერც საქართველოს მიერ კონტროლირებად და ვერც აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერ მოხერხდა, იყოს შუამავალი სხვა ქვეყანა. ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ სამომავლო საქმეს, იმ ბავშვების განათლების და აზროვნების ზრდას, რომლებმაც აფხაზეთს მიღმა რა ხდება არ იციან”, – ამბობს ჩვენთან ინტერვიუში ზ.ბ.


8 ადამიანის მონათხრობი აფხაზეთზე – დღეს სოხუმის დაცემის დღეა (ვიდეო)

ქართულ სკოლებში აფხაზური ენის სწავლების შემოღებას, შერიგების საკითხებში კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ლუიზა შონია. მისივე განმარტებით, მე-10 მე-11 და მე-12 კლასებში ერთ-ერთ ასარჩევ საგნად ისწავლება აფხაზური ენა და მოსწავლეთა უმრავლესობამ სწავლის სურვილი გამოთქვა. ქალბატონი ლუიზა აფხაზეთიდან დევნილია და მისთვის 27 სექტემბერი ავადსახსენებელი თარიღია. ამ დღეს მისი ხელმძღვანელობით, სკოლა სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს. როგორც მან “ფორტუნასთან” საუბარში აღნიშნა, წელსაც დაიგეგმა რამდენიმე აქტივობა და მათ შორის სამშვიდობო აქცია-ღონისძიებაში ჩართვა, რომელიც სიმბოლურად ენგურის ხიდთან გაიმართება.

ასე, ყოველწლიურად, დაუსრულებლად ვივლით გაეროში და მოვისმენთ როგორ დაგვიჭერენ მხარს კონფლიქტის მოგვარებაში, ან იმსჯელებენ და გვირჩევენ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების თაობაზე, ან რეზოლუციის მიღებაზე დებატებში მივიღებთ მონაწილეობას, კიდევ მოვისმენთ რამდენიმე “შეშფოთებას”, მოვითხოვთ სანქციებს და ამ “მხარდაჭერებში” გაიზარდა ახალი თაობა მდინარე ენგურის ორივე მხარეს, განსხვავებული აზროვნებითა და შეგნებით.

 

ლიკა შამათავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები