LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 წელი: დღეს სოხუმის დაცემის დღეა! (ფოტოები)

1486

დღეს სოხუმის დაცემის 25 წლისთავია. სოხუმის დაცემით ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის გადამწყვეტი ბრძოლა დასრულდა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

საომარი დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას “აფხაზურმა გვარდიამ” ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.

“აფხაზურმა გვარდიამ” შეიარაღებულ ძალებს გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირის გარდა, გულირიფშის რაიონში და სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედების დაწყება მოჰყვა. საომარი მოქმედება წელიწადი, ორი თვე და 13 დღე გრძელდებოდა. 30 სექტემბერს კი სეპარატისტულმა და რუსულმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები დაიკავეს.

ქართულ შენაერთებს, აფხაზებთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთი ებრძოდნენ. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს სოჭში ცეცხლის შეწყვეტისა და და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზურმა მხარემ ის 16 სექტემბრს დაირღვა და სოხუმზე ფართომასშტაბიანი იერიში ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან მიიტანეს. საქართველოს კი, შეთანხმების თანახმად, ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე კონფლიქტის ზონიდან გაყვანილი ჰყავდა.

გააფრთებული ბრძოლები 27 სექტემბრამდე გრძელდებოდა, თუმცა მასიურ შეტევას ქართულმა ნაწილებმა სუსტი შეიარაღებით ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა. სოხუმის აღების შემდეგ ქალაქში შესულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა–ჟლეტა მოაწყვეს.

აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია და ასევე ადგილობრივი მთავრობის წევრი რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს. რამდენიმე დღეში სეპარატისტთა ძალებმა აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს (კოდორის ხეობის გარდა).

27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 29 სექტემბერს – ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს – გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობების წარმომადგენელი აფხაზეთიდან დევნილი გახდა.

ზუსტად 25 წლის წინ, სოხუმი ქართველებისგან დაიცალა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმიდან გამოდევნილმა ქართველებმა დატოვეს ცეცხლში გახვეული მშობლიური ქალაქი, სადაც აფხაზები გამარჯვებას ზეიმობდნენ.

მას შემდეგ 27 სექტემბერი ენგურსაქეთა საქართველოში გლოვის, ხსოვნისა და იმედის დღეა, ენგურს იქით კი – ქართველებზე გამარჯვების დღე.

 

 

1993 წლის 27 სექტემბერი – საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ამ დღეს სოხუმი დაეცა!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g