„აღარ არის ადამიანებისთვის საინტერესო იმ ანაზღაურებაზე მუშაობა, რასაც დღეს ბაზარი სთავაზობს“, – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ ეთერში HR აუთსორსინგული კომპანია One Point -ის წარმომადგენელმა ლიკა კოვზირიძემ განაცხადა.
მან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც ქვეყანაში საკადრო დეფიციტი გამოიწვია. „საქსტატის მონაცემებით, 2020-2021 წლებში ემიგრაციის მაჩვენებელი 35%-ითაა გაზრდილი, რაც ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია საკადრო დეფიციტის. ის, რომ გადინება ძალიან მაღალია, ეს რა თქმა უნდა, მოქმედებს შრომის ბაზარზე იმიტომ, რომ ქვეყანაში ნაკლები ადამიანია დარჩენილი, ვისაც შეუძლია მუშაობა. გარდა ამისა, ინფლაციაც ძალიან მოქმედებს, იმიტომ, რომ აღარ არის ადამიანებისთვის საინტერესო იმ ანაზღაურებაზე მუშაობა, რასაც დღევანდელ დღეს ბაზარი სთავაზობს, ვინაიდან ძალიან გაძვირდა ცხოვრება და აღარ უღირთ მთელი თვე, ან მთელი დღე დაუთმონ დაბალანაზღაურებად საქმეს. ანაზღაურების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო გრაფიკი და გარემო, დამოკიდებულება თანამშრომლის მიმართ. ხშირად არის 24 საათიანი გრაფიკები, რომლებიც ადამიანებს არც აწყობთ, არც უღირთ და არც შეუძლიათ“, – აღნიშნა ლიკა კოვზირიძემ.
მისივე განმარტების, კადრების შერჩევის პროცესი გართულებულია როგორც ე.წ ბექის, ასევე ფრონტის მიმართულებით. „მიზეზები არის განსხვავებული. ე.წ ბექის შემთხვევაში, ეს არის: პანდემია, რომელმაც შეცვალა ჩვენი მუშაობის სტილი და უფრო მოთხოვნადი გახდა დისტანციური, ჰიბრიდული მუშაობა – ყველა კომპანია ამას არ არის მორგებული და ეს სირთულეს ქმნის ბაზარზე. გარდა ამისა, გაიხსნა საზღვრები და საერთაშორისო ბაზარზე ხელმისაწვდომია ვაკანსიები. შესაბამისად, სხვა ქვეყნებში გახდა შესაძლებელი დასაქმება, რამაც ასევე გამოიწვია ქართულ ბაზარზე საკადრო დეფიციტი. გამოვყოფდი თაობების მოთხოვნების სპეციფიკასაც, მილენიალები z, x Y. სხვადასხვა მოთხოვნები აქვს თაობებს და ესეც ქმნის პრობლემას დასაქმების. უკვე აღარ არის საკმარისი მხოლოდ კარგი ანაზღაურება, ან მენეჯმენტი იმისთვის, რომ შეინარჩუნო კადრი. ცხადია, ვრცელია მიზეზების სია ფრონტის მიმართულებითაც. საქსტატის მონაცემებით, 2020 -2021 წლებში, ქვეყანა დატოვა, დაახლოებით, 100 000-მა მოქალაქემ, ანუ იმ სეგმენტმა, რომლითაც კომპლექტდება ფრონტის პოზიციები. გარდა ამისა, აღსანიშნავია, სეზონურობა და ფასების ზრდაც. მოსახლეობას არ აკმაყოფილებს ის სახელფასო განაკვეთი, რასაც დღევანდელ დღეს მათ კომპანიები სთავაზობენ. ამასთან, გაჩნდა დასაქმების სხვა შესაძლებლობები – აქ გამოვყოფდი მიტანის სერვისს. ამ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ თვითონ დაარეგულირონ სამუშაო დრო და შემოსავალი. კომპანიების ნაწილმა საქართველოში უკვე დააკორექტირა ხელფასები, რამაც გაართულა შერჩევის პროცესი მათთვის, ვისაც ცვლილებები ჯერ არ განუხორციელებია“, – დასძინა რადიო „ფორტუნას“ ეთერში HR აუთსორსინგული კომპანია One Point -ის წარმომადგენელმა.