ახალქალაქი ექიმების გარეშეა დარჩენილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიზეზი კორონავირუსია, რადგან ყველა მათგანი დაინფიცირდა.
მისივე თქმით, დღესვე მოხდება სამედიცინო პერსონალის ჩანაცვლება.
“ჩვენ ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ, ექიმები, ვინც ვებრძვით კორონავირუსს. ჩვენ გვქონდა მსგავსი შემთხვევა, გაზაფხულზე, როდესაც სასწრაფოს ექიმები დაგვიინფიცირდნენ ბოლნისში. შესაბამისად, ხდება ჩანაცვლება სხვადასხვა რეგიონიდან გაგზავნილი პერსონალით. რა თქმა უნდა, გარკვეული რეზერვები არსებობს.
ამასთან, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ტესტირების სხვა რეჟიმში არიან გადაყვანილი, რათა თავის სამუშაო ადგილს ისევ მალე დაუბრუნდნენ. ეს არის ზოგჯერ 48 და ზოგჯერ 72 საათიანი მუდმივი ტესტირება“, “, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, ქვეყნის მაშტაბით დღეის მდგომარეობით, კლინიკებში დაახლოებით 800-900 საწოლია თავისუფალი.
„მოგეხსენებათ, ყოველდღიურად ხდება ავადმყოფების გამოწერა, ამიტომ მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ქალბატონი მინისტრისგან, დღესაც დაახლოებით 800-900 საწოლია, მთელ ქვეყანაზეა საუბარი და სხვადასხვა პროფილზე, რადგან მოგეხსენებათ კოვიდ ავადმყოფები შეიძლება იყვნენ სხვა თანმხლები დაავადებებითაც და შეიძლება მათ მოუწიოთ დიალიზის განყოფილებაში დაწოლა, ან ონკოლოგიური პაციენტი იყოს. ამიტომ ამის სპეციალიზირებული საწოლებიც არის მრავალპროფილიან ჰოსპიტლებში“.