LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალა პუგაჩოვამ ამომხედა და ჩემზე თქვა…“ – ლაშა რამიშვილი სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

13
ლაშა-რამიშვილი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, მომღერალი და რადიოწამყვანი, ლაშა რამიშვილი, რომელმაც კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ლაშა, ჩემთან ბევრ საინტერესო თემაზე მოგიწევს საუბარი, რის შესახებაც სხვაგან არ გისაუბრია. მოდი, ბავშვობიდან დავიწყოთ…

რუსეთში ვსწავლობდი, მუსიკალურ სკოლაში, პირველად მე და დედამ შევასრულეთ „სულიკო“, მე გიტარაზე ვუკრავდი, მახსოვს, სტატიაც დაწერეს ჩვენზე. ქართველმა ბიჭმა დედასთან ერთად სულიკო შეასრულაო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოჯახში ორივე ბაბუა მღეროდა. ბულინგის მსხვერპლიც ვიყავი, რუსეთში ალიოშას და „ღრუზინს“ მეძახდნენ, სანამ მამაჩემი არ მივიდა დირექტორთან არ მოგვარდა ეს ამბავი. მერე მალევე წამოვედით იქიდან, მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოშიც გაგრძელდა, წამო, ბირჟაზე დადექიო, რა გინდა სცენაზეო, შავ-ბნელი პერიოდი იყო, 10,11 წლის ასაკში სერიოზული ჩხუბები მომსვლია.

საერთაშორისო კონკურსებზე გვესაუბრე…

ყველაფერი დაიწყო რუსთავში, 1992 წელს, სკოლებს შორის ფესტივალი, „ეარი“ იმართებოდა, შემდეგ იყო საერთაშორისო ფესტივალი 2009 წელს. თუმცა მანამდე, მოდი, პატარა სკანდალი გავაკეთოთ, ჩემი ხმა დაიწუნეს ერთ-ერთ კომპანიაში. მითხრეს, რომ შენი ხმა არ გამოდგებაო, ეს იყო 1998 წელს და ეს იყო რადიო „ფორტუნა“. რეკლამა ჩაწერეს და არ მოეწონათ, მენეჯერმა ხმა დამიწუნა, 18 წლის ბიჭი ვიყავი, აი, ამ ფოეში მოხდა ყველაფერი, აქედან თეატრალურ უნივერსიტეტამდე ტირილით მივედი. ამის შემდეგ კი 2012 წელს აქ დავიწყე მუშაობა. რაც შეეხება შემდეგ ფესტივალს, ის ჩატარდა პეკინში და მე ფინალისტი გავხდი. ფინალში იმიტომ არ მოხვდი, რომ თავად ვთქვი უარი, უნდა მემღერა რუსული სიმღერა „კატიუშა“, არადა, მაშინ 2008 წლის ომი ახალი მომხდარი იყო. შემდეგ კონკურსში კი პირველი ადგილი ავიღე. მომცეს ვლადიმერ მულიავინის პრემიაც. 2012 წელს ალა პუგაჩოვასა და სოფია როტარუს გადავეკვეთე, ალამ ამომხედა და ჩემზე თქვა, „ხაროში მალჩიკო“ იქაც ფინალისტი გავხდი.

რა იყო შენი პირველი წარმატება?

ეს იყო 2008 წელს, როდესაც საზოგადოებამ გაიცნო ლაშა რამიშვილი. როსინის „საქორწინო ვექსილი“ დაიდგა, გასტროლებზე ბერლინში ვიყავი, ორკესტრს ნიკა მემანიშვილი ხელმძღვანელობდა, აუდიტორია აღფრთოვანდა, ვტიროდით სიხარულისგან. მაღაზიაშიც რომ შევდივარ ხოლმე და რომ მხედავენ, ატეხენ ხოლმე ამბებს. პირველი კრიტიკოსი იყო მამა და დედა. წნეხში მატარებდნენ. ერთ ფაქტს მოვყვები. ახლა მქონდა პრაღაში გადაღებები, წასვლის წინ დაინიშნა 5 სპექტაკლი, დოისთან მივედი და ვუთხარი, მიშველე-მეთქი. გამიშვი ან ძალიან მაგარ შესაძლებლობას ვკარგავ-მეთქი, მან ჩემი შემცვლელი ვერ ნახა, ამიტომ ჩავწერე პლუსები, სხვა თამაშობდა და ჩემი ხმა იყო. იმ დღეს „რუსთავი 2“-ზე ვიყავი და ასე წარმადგინეს, მსახიობი, მომღერალი, ლაშა რამიშვილი, რომელიც არის ძალიან კარგი თამადა და მას უყვარს ქეიფიო, ეს ბაბუების დამსახურებაა, ალბათ. სერიალებშიც და ფილმებშიც „ღრუზინული“ როლები მაქვს. გუშინ ღამე სპექტაკლის დასრულების შემდეგ, კორპორატიულმა აგენტმა მითხრა, ივენთი არისო, ზუსტად 15 წუთში მთელი კორპორატიული გავწერეთ, ის აღფრთოვანებული იყო. ვუთხარი, რომ მე ვარ ერთადერთი და განუმეორებელი-მეთქი.

როგორც ვიცი, ხმის პრობლემები გქონდა, შემდეგ ოპერაციაც გაიკეთე…

იოგაზე კისტა იყო, 2 მილიმეტრიანი, პანდემიის რთული პერიოდიც დაემთხვა. მეუბნებოდნენ, რომ ტემბრი შემეცვლებოდა, არადა, მთელი ჩემი პროფესია ტემბრზეა აწყობილი. უნდა დანგრეულიყო ის შენობა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვაშენებდი, ისეთი ემოციური ადამიანი ვარ, ვტიროდი ხოლმე. ოპერაცია ზურა ჩხეიძემ გამიკეთა, მადლიერი ვარ მისი, მან მითხრა, რომ 1,2 თვეში სრულად აღდგებოდა, ამ პერიოდში მეუღლე სულ გვერდში მედგა, დედაჩემი ჩემთან ერთად ტიროდა. შვილები, მეგობრები მამხნევებდნენ, თუმცა იყო რამდენიმე მეგობარი, რომლებმაც ამ პერიოდში მიმატოვეს, ოპერაციის დღეს,  მაგრამ ზღვა მეგობრების გვერდში დამიდგა. ერთ თვეში სიმღერა ვიმღერე და ოჯახში ყველა ტიროდა ბედნიერებისაგან.

ახლა რადიო „არ დაიდარდოზე“ გვესაუბრე…

ამ ტალღას აქვს მაგიური ძალა, მიიზიდოს ადამიანები, თუნდაც არ უსმენდნენ ამ ტალღას, ჰოლდინგი კი არის ოჯახი, ერთი დიდი ოჯახი, სიცოცხლის ელექსირია, ჩემი „არ დაიდარდოს“ თამადობით.

როგორი მამა ხარ?

ვარ მომთხოვნი მამა, ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მე ვარ ტირანი მამა, როცა მამა ლაშა ეუბნება, ბავშვებო, რა გინდათ, რა გაგიხარდებათ-მეთქი, შესაბამისად, მათ სკოლიდან არ უნდა მოიტანონ 9-იანები.  არ არსებობს მამაკაცისთვის სტატუსი, იმაზე უფრო მაგარი, ვიდრე მამის სტატუსია. მე და მართა ერთობლივ სპექტაკლშიც ვთამაშობთ.

სამომავლო გეგმებიც გაგვანდე.

ახლა სამსონ დიასამიძის ალბომი დავასრულეთ, ერთ-ერთი სიმღერა სიყვარულზეა, სახელწოდებით – „როგორ მენატრება“,  ის ტელეპრემიერას ელოდება. იგეგმება რამდენიმე მიუზიკლიც. მაქვს რადიოგადაცემაც, საინტერესო სტუმრებით. რამდენიმე სერიალში შემომთავაზეს მონაწილეობა მეზობელი ქვეყნიდან, მაგრამ ვითარების გამო უარი ვთქვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები