LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე, ისრაელიდან ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას: ზალკალიანი

69
Capture

“ჩვენი თანამემამულეების ბედი ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, საელჩო 24-საათიან სამუშაო რეჟიმზეა გადასული და კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან ისრაელში”, – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი და ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას.

როგორც დავით ზალკალიანი აცხადებს, საგარეო უწყება სიტუაციას აკონტროლებს და სიტუაციის შესაბამისად იმოქმედებს.

ამასთან, მინისტრი კიდევ ერთხელ აფიქსირებს ხელისუფლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას, ისრაელ-პალესტინას შორის მიმდინარე კონფლიქტზე და ამბობს, რომ მხარეებს მოუწოდებენ, გამონახონ მოლაპარაკების საშუალება იმისთვის,რომ სიტუაცია დეესკალაციის გზით წავიდეს:

“შეშფოთებით ვადევნებთ თვალს იქ მიმდინარე პროცესებს და კონფლიქტის ესკალაციას, ისრაელში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმებს ვგმობთ. ეს პოზიცია ძალიან მკაფიოდ იყო გაჟღერებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის განცხადებაში. ჩვენი მხრიდან მოწოდებაა, რომ დაუყოვნებლივ იყოს გამონახული მოლაპარაკების საშუალება იმისთვის,რომ სიტუაცია დეესკალაციის გზით წავიდეს, საზოგადოებას და მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა, რომ ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი ცხოვრება გააგრძელოს.

ჩვენი თანამემამულეების ბედი ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, საელჩო 24 საათიან სამუშაო რეჟიმზეა გადასული, კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან. გუშინ გაუწყეთ, რომ მცირე დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა ჩვენმა მოქალაქემ, ძალიან უმნიშვნელო, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, გაწერილია საავადმყოფოდან, მასთან კავშირზეა ჩვენი საელჩო. ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას. ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, არ მოგვერიდება, თუკი ამის შესაძლებლობა დადგა.” – თქვა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ისრაელში, სარაკეტო იერიშების დროს, საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა, რომელსაც ჭრილობა მარცხენა ხელში აქვს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

პოპულალურები