„ეს კანონები – ევროპულიც და ქართულიც, აბსოლუტურად იდენტურია, მაგრამ ევროპაში მას ჩვენი ოპოზიცია „ევროპულს“ უწოდებს, საქართველოში კი – „რუსულს“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტზე საუბრის დროს განაცხადა და ევროკომისიაში წარდგენილ კანონპროექტს გამოეხმაურა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, აღნიშნული „კანონის დრო საქართველოშიც მოვა“.
„არ მგონია, რომ ევროპაში გამჭვირვალობით უნდა იცავდნენ დემოკრატიას, საქართველოში კი – „მოლოტოვის კოქტეილებით“, თან გმირად რაცხავდნენ პოლიციელის დაწვის მცდელობის გამო.
ვფიქრობ, რომ ამ კანონის დრო საქართველოშიც მოვა, თუმცა, რა თქმა უნდა, ვასრულებთ სიტყვას და ამ კანონს „ხალხის ძალა“ არ შემოიტანს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისათვის, ევროკომისიაში წარადგინეს „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტსაც მოიცავს. ყველა სუბიექტი, რომლის საქმიანობაც მესამე ქვეყნის ინტერესებს უკავშირდება, ვალდებული ხდება, გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირდეს და ფინანსები საჯარო გახადოს.