საქართველოს პარლამენტში დღეს საქართველოს კანონის პროექტი “ამნისტიის შესახებ” დაინიცირდა. დეტალებზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თამვჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტით, ამნისტია შეეხება 44 მუხლით გათვალისწინულ დანაშაულს. მათ შორის:
◾ ქურდობას;
◾ ფალსიფიკაციას;
◾ ქონების დაზიანებას;
◾ ნარკოდანაშაულებს, გარდა გასაღების დანაშაულისა;
◾ სხეულის დაზიანების სხვადასხვა კატეგორიას;
◾ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს (დღეს, ასეთი 3 პირი იხდის სასჯელს საქართველოს საპატიმროებში) სასჯელის სახე გარდაექმნათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, აგრეთვე, გულისხმობს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის სასჯელის შეცვლის პროცედურების მნიშვნელოვან რეფორმას.
სარჯველაძის განმარტებით, ამნისტიის წარმოდგენილი ინიციატივა რამდენიმე პრინციპულ მიდგომას გულისხმობს:
◾ კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაული;
◾ კანონპროექტით არ არის გათვალისწინებიული ისეთი დანაშაულებები, როგორიც არის მკვლელობა და ოჯახური ძალადობა;
◾ იმ დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია კანონპროექტში და რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, სასჯელისგან გათავისუფლებისთვის სავალდებულო წინაპირობა იქნება ზიანის ანაზღაურება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, დაზარალებულის თანხმობა;
◾ ცალკეულ შემთხვევებში წინაპირობად ასევე გათვალისწინებულია ნასამართლობის არქონა;
◾ გათვალისწინებულია ხანდაზმული, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე შეფარდებული სისხლის სამართლის ჯარიმისგან პირთა გათავისუფლებაც.
სარჯველაძის განმართებით, აღნიშნული საკანონმდებლო პროექტის ინიცირებით, დაინტერესებულ მხარეებთან იხსნება კონსულტაციები, რომლის მიმდინარეობის პროცესშიც საბოლოო რედაქციის შესამუშავებლად შესაძლებელი იქნება განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა.
კანონპროექტთან დაკავშირებით ოფიციალური პროცედურები დაწყებულია და მას საზოგადოება უახლოეს დღეებში იხილავს.