თანამედროვე ქართულ-რუსული ურთიერთობები უკვე წლებია არაკეთილმეზობლურ პოზიციებზე დგას. რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკვანძო ელემენტების გათვალისწინებით, დროებითი და მოჩვენებითი “თანამშრომლობა” მეზობელთან იშვიათ შემთხვევებში გამოდის, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ის შემთხვევებია, როდესაც პროცესები რუსული ინტერესების სასარგებლოდ მიმდინარეობს და სარგებელი ჩრდილოელი მეზობლის ეზოშია. სტაბილური ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის, ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არ ყოფილა. მთავრობებს შორის მტრული რიტორიკის მიღმა, ხალხთა შორის (გამონაკლისის სახით) მცირეოდენი ფორმით, მაგრამ მაინც შენარჩუნდა გარკვეული დონის ურთიერთობა. მოსკოველი ეკატერინა უსტინოვა შეიძლება მაგალითად მოვიყვანოთ და ვთქვათ, რომ მას საქართველოს და ქართველების მიმართ განსაკუთრებული გრძნობები აკავშირებს. ეკატერინა არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ ის არის მოსკოვის გავლენიან წრეში ცნობადი და პატივსაცემი ჭკვიანი ბიზნესმენი ქალი, რომლისთვისაც მიუღებელია რუსული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. “ფორტუნას” საშუალება ჰქონდა პირადად გასაუბრებოდა უსტინოვას და მოესმინა მისგან მიმდინარე პროცესებზე გულახდილი შეფასებები.
თბილისობა მოსკოვში აღარ გაიმართება – შეფასებები მოსკოვიდან
“წელს მოსკოვში “თბილისობა”, რომელიც ჩვეულებრივ, ოქტომბრის დასაწყისში ერმიტაჟის ბაღში იმართებოდა, გაუქმდა. ძალიან უსიამოვნოა არა იმიტომ, რომ ეს იყო ძალიან დასამახსოვრებელი დღესასწაული, რომელზეც ყველას სურდა დასწრება, არამედ იმიტომ, რომ ეს რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ანტიქართული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ზოგადად, 21-ე საუკუნეში რუსეთის პოლიტიკას არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს ნორმალურ მეგობრულ ურთიერთობებს ხალხს, ქვეყნებს შორის. მე არ ვიზიარებ ამას და კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. როგორც მე, ისე რუსეთის მოქალაქეების ნაწილი ძალიან მეგობრული არიან საქართველოს მიმართ და ზოგადად, არ უჭერენ მხარს ხელმძღვანელობის ანტიქართულ პოლიტიკას”, – ეკატერინა ვიქტორის ასული უსტინოვა.
ლიკა შამათავა