LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები რელიგიის სააგენტოს გაუქმებას მოითხოვენ

70
მუსლიმი თემი

არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები რელიგიის სააგენტოს გაუქმებას მოითხოვენ და შესაბამისი განცხადებით ხელისუფლებას მიმართავენ. აღნიშნულ თემაზე დღეს, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია რელიგიის სფეროში ფუნდამენტური რეფორმები დროულად დაიწყოს. აგრეთვე, შეიქმნას რეფორმების დემოკრატიული და ინკლუზიური პროცესი.

ამ განცხადებით ორგანიზაციები ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ მიუხედავად მხარეებს შორის შერიგებისა, სახელმწიფომ რელიგიური დევნის, კონფლიქტებისა და გაუცხოების მიზეზები უნდა შეისწავლოს და საკანონმდებლო, ინსტიტუციურ, სოციალურ დონეებზე პოზიტიური ჩარევითა და რეფორმებით უპასუხოს.

ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბუკნარის გარდა, რელიგიური შევიწროების შემთხვევები წინა წლებშიც გამოვლენილა, ხოლო სახელმწიფო უწყებებს კონფლიქტებზე სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება არ ჰქონდათ.

“ზოგიერთ შემთხვევაში სიტუაციის განმუხტვა მუსლიმი თემის რელიგიური უფლებებისა და საჭიროების სრული უგულებელყოფის ხარჯზე მოხდა (მაგალითად, სამთაწყაროში ჯამეს გახსნა ადგილობრივი თემის მიერ შეძენილ კერძო სახლში მაინც ვერ მოხერხდა, ქობულეთის მუსლიმური პანსიონატი ამ დრომდე დაკეტილია, მოხის ისტორიული მეჩეთისთვის ამგვარი სტატუსის მინიჭება ამისთვის საგანგებოდ შექმნილი კომისიის მუშაობის მიუხედავად არ მომხდარა). ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა თითქმის არც ერთ ინციდენტზე და რელიგიური დევნისა და ძალადობის ფაქტებზე არავის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, მათ შორის, მაშინ როცა ადგილობრივი მუსლიმი გლეხების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების აშკარა შემთხვევები დაფიქსირდა (მაგალითად, სოფელ ჭელასა და მოხეში)”, – აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობოების ერთობლივ მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ ბუკნარის მოვლენების დროს პრემიერის დაქვემდებარებაში არსებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს არაეფექტიანი როლიც გამოჩნდა. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სააგენტო მედიაციის პროცესში აქტიური არ იყო, რაც მის მიმართ მკვეთრი კრიტიკითა და უნდობლობით აიხსნება.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტოს არ უზრუნია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაზე, როგორიცაა – დისკრიმინაციული ჩანაწერები კანონმდებლობაში, რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და საჭიროებების უგულებელყოფა, რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე არაეფექტიანი რეაგირება და ა.შ.

ორგანიზაციები დასძენენ, რომ რელიგიის სააგენტოს ბუნდოვანი და პრობლემური მანდატი აქვს, ასევე, უსაფრთხოებაზე და იერარქიებზე დაფუძნებული ხედვები გააჩნია. გარდა ამისა ისინი აღნიშნავენ, რომ სააგენტოს აქვს ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო მუშაობის გამოცდილება, ხოლო რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან დაბალი ნდობით სარგებლობს.

“ამ უწყების მიმართ ღრმა უნდობლობა და კრიტიკა რელიგიური ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა აქტორების მიერ დაფიქსირდა მისი დაარსებიდან პირველივე დღეებში, როცა მაკონტროლებელი “რელიგიური სამინისტროს” შექმნის რისკებს ვხედავდით და ამ უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ რეგრესულ, უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებსა და განცხადებებს ვისმენდით. სამწუხაროდ, ეს კრიტიკა და ნდობის კრიზისი მთავრობას სერიოზულად არასდროს განუხილავს და მას შემდეგ არა თუ რეფორმის პროცესი, სახელმწიფოსთან თავისუფალი დემოკრატიული კომუნიკაციაც კი შეჩერდა ამ თემაზე”, — აღნიშნავენ ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებებში.

არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობასა და პარლამენტს:

• შეიცვალოს რელიგიურ ორგანიზაციებთან და თემებთან მუშაობის არსებული პერსპექტივა. შეწყდეს ცალკეული რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და მათ ავტონომიაში ჩარევის პრაქტიკა
• შემუშავდეს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმის თანმიმდევრული გეგმა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების რეკომენდაციებს, ასევე, სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და ადამიანის უფლებათა აქტორებთან ორგანიზებულ დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება;
• გაუქმდეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო და რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციისა და პოლიტიკის კოორდინაციის ახალი მოდელი ჩამოყალიბდეს.

აღნიშნულ განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, ევანგელისტური ეკლესია, პლატფორმა სალამი და სოლიდარობის პლატფორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები