საქართველოში სეზონური ვირუსების შემთხვევებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში შედარებით მოიმატა.
რესპირაციული ვირუსების შემთხვევების ზრდაზე განსაკუთრებით სკოლისა და ბაღის ასაკის ბავშვების მშობლები საუბრობენ.
მათი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც თითოეულ კლასში ვირუსებით მოსწავლეების ნახევარზე მეტი ერთ პერიოდში ინფიცირდება.
რა სახის რესპირაციული ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში და რამდენად მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლიათ მათ, ფიქსირდება თუ არა გრიპის ვირუსის შემთხვევები და როდის უნდა ველოდოთ პიკს, რა შემთხვევაშია აუცილებელი ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა – „ფორტუნასთან“ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე საუბრობს.
რესპირაციულ-სენსიტიური ტიპის ვირუსი – რა სახის ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში და როდის უნდა ველოდოთ შემთხვევების პიკს
როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, საქართველოში, ამ ეტაპზე, არა სეზონური ვირუსების პიკი, არამედ მატების დასაწყისია, შემთხვევების კიდევ უფრო მატება ნოემბრიდან დაიწყება და, სავარაუდოდ, პიკი დეკემბრის და იანვრის თვეში იქნება.
ჩხაიძის განმარტებით, აშშ-ში განსაკუთრებულია რესპირაციულ-სენსიტიური ტიპის ვირუსის მკვეთრი მატება, რაც წინა წლებში აღნიშნული არ ყოფილა, მისივე თქმით, იანვრიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, მხოლოდ იაშვილის კლინიკაში ამ ტიპის ვირუსის 112 შემთხვევა დადასტურდა.
„რესპირაციული ვირუსული ინფექციების აქტიურობის თვალსაზრისით, 2022 წელი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში გამორჩეული იყო – იგულისხმება რესპირაციული ვირუსების მატება აპრილიდან ივნისის პერიოდში, მაშინ, როდესაც ამ სახის ვირუსებისთვის არ არის დამახასიათებელი გაზაფხულსა და ზაფხულში აქტიურობა.
სეზონური ვირუსების ხელშემწყობია აცივება, უფრო მეტი ბავშვის თავმოყრა დახურულ სივრცეში, უფრო მეტი კონტაქტის შესაძლებლობა, ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ აცივების კვალდაკვალ შესაძლებელია ამ ვირუსების რაოდენობამ მოიმატოს.
ბოლო თვეებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ხაზს უსვამენ, რესპირაციულ-სენსიტიური ტიპის ვირუსის მკვეთრ მატებაზე, რაც არ ყოფილა წინა წლებში აღნიშნული.
თავისი მიმდინარეობით, ეს არის განსხვავებული ვირუსი იმ ფაქტით, რომ ძირითადად, 2 წლამდე ასაკის ბავშვებს აზიანებს და ამ ასაკის ბავშვებში ვითარდება ბრონქიოლების ანთება, ამ დაავადებას ბრონქიოლიტი ჰქვია.
თუ გრიპის დროს გვეშინია მაღალი ტემპერატურის და თავის ტკივილის, რესპირაციულ-სენსიტიური ვირუსის დროს ძირითადი აქცენტი კეთდება ქვემო სასუნთქი გზების დაზიანებაზე. ამ ვირუსით ინფიცირებული ბავშვები უჩივიან შეტევითი ხასიათის, სპაზმურ ხველას, აღინიშნება გახშირებული სუნთქვა – ეს ყველაფერი მხოლოდ ბრონქიოლიტისთვის არის დამახასიათებელი, ამიტომ განსაკუთრებით ფრთხილად ვართ ამ დიაგნოზის დასმის დროს და თუ ორ წლამდე ასაკის ბავშვში დაფიქსირდა, მას აუცილებლად სჭირდება საავადმყოფოში მოთავსება და ჟანგბადის მიწოდება.
რესპირაციულ-სენსიტიური ვირუსის შემთხვევები საქართველოში წელს განსაკუთრებულად ბევრი იყო, მარტო იაშვილის კლინიკაში, იანვრიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, რესპირაციულ-სენსიტიური ვირუსის 112 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.
მისივე თქმით, ქვეყანაში ამ ეტაპზე გრიპის ვირუსი არ არის და გრიპის სეზონის დაწყების შემდეგ, მხოლოდ ორი შემთხვევა, აქედან ბოლო – 9 ოქტომბერს დაფიქსირდა:
„პოტენციურად თუ შევაფასებთ, არის თუ არა ყველა ამ ტიპის ვირუსი საშიში, ძირითადი აქცენტი გრიპის ვირუსზე კეთდება და გრიპის ვირუსს შეუძლია მნიშვნელოვანი გართულებები გამოიწვიოს. იაშვილის კლინიკაში, იანვრიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდში იყო გრიპის 54 დადასტურებული შემთხვევა, ეს მართლაც განსაკუთრებულია, რადგან 2020-2021 წელს, ქვეყანაში გრიპის სულ ორი შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
ამის უკან დგას პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვები – დისტანცირება, ნიღბის ტარება, ხელების ჰიგიენა, ამან შეამცირა არა მხოლოდ კორონავირუსი, არამედ გრიპი და გრიპისმაგვარი დაავადებები.
ამიტომ ახსნადია, რატომ იყო ძალიან ცოტა გრიპის შემთხვევები, რატომ მოიმატა წელს ამ ვირუსების რაოდენობამ და ასევე მოლოდინი გვაქვს და ჯანმო გვაფრთხილებს, რომ შესაძლებელია, წლევანდელი წელი იყოს გაცილებით უფრო მეტი აქტიურობის წელი გრიპის თვალსაზრისით, ვიდრე ბოლო 3-4 წელი. ახლა ჯერჯერობით გრიპის შემთხვევები არ არის, მაგრამ ველოდებით, რომ გრიპის ვირუსი ნოემბრის თვეში ,ალბათ, უკვე უფრო მეტი ინტენსივობით გამოჩნდება“, – განმარტავს ივანე ჩხაიძე.
რესპირაციული ვირუსების სიმპტომები – რა შემთხვევაშია ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი
როგორც „ფორტუნასთან“ საუბარში ივანე ჩხაიძე განმარტავს, რესპირაციული ვირუსების დროს ჰოსპიტალიზაციის სინდრომი სტანდარტულია – ტემპერატურა, ხველა, ყელისა და თავის ტკივილი, ცემინება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ამ დროს კი ყველაზე საშიში ფილტვების ანთებაა:
„ფილტვების ანთების დროს ბავშვი აუცილებლად სტაციონარში უნდა მოთავსდეს, განსაკუთრებით, საუბარია მცირე ასაკის ბავშვებზე.
უნდა გავითვალისწინოთ – თუ კორონავირუსს შევადარებთ, მაშინ ბავშვებში ანტივირუსული პრეპარატების არჩევანი, პრაქტიკულად, არ გვქონდა, პრევენციას ბავშვებში არ ვატარებდით, ამისგან განსხვავებით კი გრიპის ვირუსის წინააღმდეგ პრევენცია გვაქვს და ქვეყანაში ვაქცინაციაც დიდი ხანია ტარდება.
ჯანმოს რეკომენდაციით, 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გრიპის ვაქცინაცია მკაცრად რეკომენდებულია. ასევე გვაქვს ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც გრიპის წინააღმდეგ მოქმედებს.
ამიტომ, მაღალი ტემპერატურის, ძლიერი სისუსტის, თავის ტკივილის, საკვებზე უარის თქმის შემთხვევაში, სჯობს, ბავშვი ექიმმა შეაფასოს.
აქ არ არის საუბარი, რომ ჩვენ კვლევა გავაკეთოთ – პროტოკოლის მიხედვით, განსაზღვრული გვაქვს, რომ როდესაც ქვეყანაში გრიპის შემთხვევების მატება დაფიქსირდება და კლინიკაში ან სახლში არის ბავშვი, რომელსაც გრიპისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშანი აქვს, შეგიძლიათ შეაფასოთ ეს როგორც გრიპი და მკურნალობაც დაიწყოთ, როგორც გრიპის, ლაბორატორიული ტესტირება აუცილებელი არ არის.
ტემპერატურის კონტროლი, სუნთქვის სიხშირის კონტროლი, ჟანგბადის სატურაციის კონტროლი – ივანე ჩხაიძე მთავარ რეკომენდაციებზე
რესპირაციული ვირუსების სეზონის დროს, გავიხსენოთ, რას ვაკეთებდით კოვიდპანდემიის დროს – როგორც კი ქვეყანაში გრიპის შემთხვევების მატება იქნება და ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოაცხადებს, პირბადის გამოყენება და პრევენციული ღონისძიებების ჩამონათვალის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.
განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მყოფი ორი სიმპტომი გვაქვს: ტემპერატურა და მკვეთრად გახშირებული სუნთქვა, თუნდაც ნორმალური ტემპერატურის ფონზე, ეს შეიძლება ფილტვის დაზიანების არსებობაზე მიანიშნებდეს.
ძალიან კარგი იქნება, თუ ტემპერატურის გაზომვასთან ერთად, ერთი წუთის განმავლობაში, მოსვენებულ მდგომარეობაში სუნთქვის სიხშირის დათვლა მშობლისთვის ბავშვის შეფასების აუცილებელი კომპონენტი გახდება.
ასევე, პულსოქსიმეტრით ჟანგბადის სატურაციის კონტროლი იქნება მაქსიმალური ყურადღება, რაც შეიძლება მშობელმა ამ დაავადებების მონიტორინგის დროს გამოიჩინოს“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.
არის თუ არა აუცილებელი კოვიდტესტირება ბინაზე, მომატებული რესპირატორული ვირუსების ფონზე
როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, ამ პერიოდში, იმის გასარჩევად, არის ეს რესპირაციული ვირუსი თუ კოვიდ-19, ბინაზე ტესტირების კატეგორიული აუცილებლობა არ არსებობს:
„ჩვენი მშობლები, მეტ-ნაკლებად, უკვე კარგად არიან მომზადებულები იმისთვის, რომ საშიში ვირუსული ინფექციის ნიშნების დროს ტესტირება გააკეთონ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვამბობთ, რომ: თუ გაქვთ ვირუსული ინფექციის ნიშნები გაიკეთეთ ჯერ კოვიდის ტესტირება, შემდეგ გრიპის ტესტირება, ეს კლინიკის საქმეა, დაავადების მიმდინარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მძიმე და ჰოსპიტალიზებულ პაციენტში, რა თქმა უნდა, კლინიკამ უნდა იცოდეს, რას მკურნალობს – გრიპს თუ კორონავირუსს, მაგრამ ეს ბინაზე გასაკეთებელი არ არის.
არ ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებელია, თუ მშობელს ამის სურვილი აქვს, შეუძლია გააკეთოს, მაგრამ ბინაზე ტესტირების კატეგორიული აუცილებლობა არ არსებობს“, – აღნიშნავს ჩხაიძე.
მოსალოდნელია თუ არა საქართველოში „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამის გამოჩენა
სეზონური რესპირაციული ვირუსების პარალელურად, „ფორტუნა“ დაინტერესდა, რამდენად ელიან ჯანდაცვის სპეციალისტები საქართველოში „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამების გამოჩენას.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, არის მოლოდინი, რომ ზამთრის განმავლობაში საქართველოში, შესაძლოა, კორონავირუსის ახალი მუტაცია გამოჩნდეს:
„ომიკრონი“ მუდმივად მუტირებადი ვირუსი აღმოჩნდა. ერთი წელია, ეს ვირუსი მუდმივ მუტაციას განიცდის, ამიტომ, ერთი მხრივ, კარგია, რომ კორონავირუსის სრულიად ახალი მუტაცია არ გამოჩნდა, მაგრამ მეორე მხრივ, ომიკრონს აქვს უნარი – მუდმივად განიცადოს მუტაცია და ეს ძალიან ცუდია.
ახალ მუტაციებს, როგორც წესი, გააჩნიათ უფრო მეტი და სწრაფი გადადების უნარი, არა უფრო მძიმე დაავადების განპირობება შეუძლიათ, არამედ უფრო იოლი გადაცემის უნარი აქვთ.
საქართველო ვერანაირად იქნება დაზღვეული და დაცული, ასე რომ მოლოდინი, რომ ზამთრის განმავლობაში, საქართველოში, შესაძლოა კორონავირუსის ახალი მუტაციაც გამოჩნდეს, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არ მივიჩნევ, რომ ის იქნება რაღაც განსაკუთრებული სიმძიმის ტალღის გამომწვევი.
თუ შემთხვევები მოიმატებს, პროპორციულად ჰოსპიტალიზაციაც გაიზრდება, მაგრამ არა ისე, როგორც პანდემიის წინა ტალღების დროს იყო“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.
რატომ არის მნიშვნელოვანი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია – წაიკითხავთ სტატიაში ➡ ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ