LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა ქვეყანაში გრიპის ვირუსი და როდის უნდა ველოდოთ შემთხვევების პიკს – ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

217
Untitled design

გასული ორი თვის განმავლობაში, საქართველოში გრიპის ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

გამომდინარე იქიდან, რომ გრიპის სეზონი ქვეყანაში ოფიციალურად ოქტომბრიდან დაიწყო, ჯანდაცვის სპეციალისტები გრიპის შემთხვევების გამოჩენას უკვე ოქტომბერ-ნოემბერში ელიან.

„ფორტუნასთან“ საუბარში, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ გრიპის თვალსაზრისით, წლევანდელი სეზონი იქნება უფრო მეტად აქტიური, ვიდრე წინა ორი წელი იყო. 

ჯანდაცვის სპეციალისტების ამ მოლოდინს ივანე ჩხაიძე ხსნის და საზოგადოებას მოუწოდებს, გრიპისა და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ.

ცნობისთვის, საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 სექტემბერს უკვე დაიწყო. ამ დროისთვის, ვაქცინირებულთა ოფიციალური სტატისტიკა ცნობილი არ არის, თუმცა რისკის ჯგუფში შემავალ 200 000 მოქალაქეს საშუალება აქვს, სახელმწიფოს მიერ შესყიდული გრიპის ვაქცინა უფასოდ გაიკეთოს.

რაც შეეხება, გრიპის ვირუსის შემთხვევების ზრდის მოლოდინს, „ფორტუნასთან“ საუბარში ივანე ჩხეიძე ამას სეზონურობასთან ერთად, კოვიდრეგულაციების შემსუბუქებითაც ხსნის და აქვე აღნიშნავს, რომ უნდა ველოდოთ კოვიდ-19-ის შემთხვევების მატებასაც.

 

 

„ეს მოლოდინი ეფუძნება იმას, რომ ნიღბისა და დისტანციის გარეშე დახურულ სივრცეში ბევრი ადამიანის თავმოყრა, აუცილებლად გამოიწვევს შემთხვევების მატებას.

რაც შეეხება გრიპის ვირუსს, 2022 წელი, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში გამორჩეული იყო – გრიპის სეზონი საქართველოში ნოემბრიდან მარტის ბოლომდე ვრცელდება, თუმცა წელს შემთხვევების პიკი არა ზამთრის თვეებზე, არამედ გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის პერიოდში მოვიდა.

მაისიდან ივნისის პერიოდში, მხოლოდ იაშვილის კლინიკაში ლაბორატორიულად დადასტურებული იყო გრიპის 60-მდე შემთხვევა. ივლისში გრიპის ორი შემთხვევა დაფიქსირდა ბავშვებში – სხვა დროს, ამ პერიოდში გრიპის შემთხვევა არ ყოფილა.

ეს მდგომარეობა ახსნადია და მის უკან კორონავირუსი დგას – პანდემიის გამო დაწესებული ორწლიანი შეზღუდვები ეფექტიანი აღმოჩნდა როგორც კოვიდის, ასევე გრიპის შემთხვევაში, შეზღუდვების მოხსნამ კი ინფექციის გადაცემის უფრო მეტი შესაძლებლობა შექმნა და ეს გრიპის შემთხვევების მატებაზე აისახა.

ჩვენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებას ვითვალისწინებთ – ჯანმო ფიქრობს, რომ წლევანდელი სეზონი, გრიპის თვალსაზრისით იქნება უფრო მეტად აქტიური, ვიდრე წინა ორი წელი იყო. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ, სავარაუდოდ, ნოემბერში ქვეყანაში გამოჩნდება ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის პირველი შემთხვევები და დადასტურდება მათ შორის ბავშვებშიც.

სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი რეკომენდაცია: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იმ გათვლით გაკეთდეს, რომ ნოემბერ-დეკემბერში მაქსიმალური დაცვა მიღებული გვქონდეს.

მნიშვნელოვანია ორსულების ვაქცინაცია და ქრონიკული დაავადების მქონე პირების ვაქცინაცია. ამ ადამიანებისთვის, ოქტომბრის თვე არის იდეალური, რათა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ.

ინფიცირებისგან თავის დაცვის თვალსაზრისით, გრიპის ვაქცინა არ არის ძალიან მაღალი ეფექტიანობის, თუმცა არის მაღალი ეფექტიანობის მძიმე შემთხვევებისა და სტაციონარში მოხვედრის თავიდან აცილების თვალსაზრისით“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე „ფორტუნასთან“.

 

 

საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო – რისკის ჯგუფებში შემავალი პირებისთვის ვაქცინა უფასოა

 

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყანაში 21 სექტემბერს დაიწყო.

„ფორტუნასთან“ საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქვეყანამ სულ 200 000 დოზა ვაქცინა შეიძინა.

ირინა კალანდაძის თქმით, „სანოფი პასტერის“ წარმოების  4 კომპონენტიანი ვაქცინა ერთ-ერთია მსოფლიო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

იმ ჯგუფებს, რომელთაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო ვაქცინაციას უფასოდ სთავაზობს.

რისკის ჯგუფის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინაციის მიმწოდებელ დაწესებულებებს მიმართონ, მათ სერვისის მისაღებად, თან უნდა ჰქონდეთ საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული.

სახელმწიფო გრიპის ვაქცინას უფასოდ სთავაზობს:

◼ ორსულებს,

◼ 60 წლის ზემოთ მყოფ ყველა პირს, რომელსაც აცრის სურვილი აქვს;

◼ დიაბეტიან პაციენტებს;

◼ დიალიზზე მყოფ პაციენტებს;

◼ პირებს, რომლებიც ცე ჰეპატიტის მკურნალობას გადის;

◼ აივ ინფექციით დაავადებულებს;

◼ ორგანოგადანერგილებს;

◼ თავშესაფრის ბენეფიციარებს და მათს მომსახურე პერსონალს – როგორც ბავშვთა სახლებში, ასევე მოხუცთა თავშესაფრებში;

◼ სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფებს – სამედიცინო პერსონალს, ბაღისა და სკოლის პედაგოგებს;

◼ პენიტენციურ სისტემაში მომსახურე პერსონალს;

◼ ვეტერინარებს.

როგორც ირინა კალანდაძე აღნიშნავს, ვაქცინის მიღება შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ ბენეფიციარ ბავშვებს, ან ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს, სხვა შემთხვევაში კი ბავშვებს ვაქცინა უფასოდ არ უკეთდებათ.

 

როდის და ვისთვის არის რეკომენდებული გრიპის ვაქცინა და რა შემთხვევაში არ შეიძლება მისი გაკეთება

 

NCDC-ს გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის განცხადებით, გრიპის ვაქცინის ეფექტიანობა 70 პროცენტიდან 90 პროცენტამდეა. ის არის ვაქცინებში ერთ-ერთი გამონაკლისი, რომელიც აფთიაქში იყიდება.

გრიპის სეზონის დაწყების წინ, ყოველ წელს, ვაქცინის ახალი პარტია მზადდება. მისი დამცველობითი უნარი კი 6 თვეს გრძელდება, სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სპეციალისტების მთავარი რეკომენდაციაა – გრიპის ვაქცინა გრიპის სეზონის დაწყებისთანავე გაიკეთონ:

„თუმცა, თუ ვინმე ოქტომბერში ვერ მოახერხებს აცრას, არ უნდა იფიქროს, რომ ნოემბერი ან დეკემბერი დაგვიანებულია, რადგან წინ კიდევ გრიპის სეზონია“, – აღნიშნავს კალანდაძე.

ჩვეული იმუნიტეტის გამომუშავებისთვის, ვაქცინის გაკეთებიდან, დაახლოებით, 10-14 დღეა საჭირო.

გრიპის ვაქცინაცია ხდება ნებისმიერ შემთხვევაში, ერთადერთი გამონაკლისის გარდა – პირს არ უნდა ჰქონდეს ტემპერატურა.

 

შეიძლება თუ არა გრიპის ვაქცინის გაკეთება მაშინ, თუ სხვა ვაქცინაც გვაქვს გაკეთებული

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტი ამბობს, რომ გრიპის ვაქცინა არანაირ წინააღმდეგობაში არ არის სხვა ვაქცინებთან და რომ მისი გაკეთება შესაძლებელია როგორც კოვიდის, ასევე ნებისმიერ ვაქცინასთან ერთად:

„გრიპის ვაქცინა ძალიან უპრობლემოა, არანაირ უკუჩვენებას არ იწვევს, შესაძლოა გამოიწვიოს მხოლოდ ადგილობრივი გაღიზიანება, სიწითლე აცრის ადგილზე, ან ხელის ტკივილი“, – ამბობს „ფორტუნასთან“ ირინა კალანდაძე.

 

„ველოდებით კოვიდის შემთხვევების მატებას“ – სპეციალისტების პროგნოზი გრიპის ვირუსის ფონზე

 

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ქვეყანაში კოვიდის შემთხვევების ზრდასაც ვარაუდობენ.

4 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ ერთ თვეში, საქართველოში კოვიდ-19-ის 35 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 43 189 პაციენტი, გარდაიცვალა 20 ადამიანი.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში არის ერთ მილიონამდე ადამიანი, რომელსაც არც კოვიდვაქცინა აქვს გაკეთებული და არც კოვიდ-19 აქვს გადატანილი, აქედან გამომდინარე, სპეციალისტებს კოვიდის შემთხვევების მატების მოლოდინი აქვთ:

„არსებობს მოსაზრება, რომ გრიპის ვირუსი და კორონავირუსი ერთმანეთის კონკურენტები არიან, თუ კოვიდის შემთხვევები იმატებს, შესაძლებელია გრიპის შემთხვევები დაბალი იყოს, ხოლო თუ გრიპი მოიმატებს, კოვიდის შემთხვევები შემცირდეს.

ამის დადასტურებით თქმა რთულია, მაგრამ საქართველოს მაგალითზე შეიძლება ვთქვათ, რომ ზაფხულში არ გვქონდა კოვიდის შემთხვევები, თუმცა გვქონდა გრიპის შემთხვევები.

დღეს საქართველოში არის მილიონამდე ადამიანი, რომელსაც ოფიციალურად არც აცრა აქვს გაკეთებული და არც კოვიდი აქვს გადატანილი, ამიტომ კოვიდის შემთხვევების მატების მოლოდინი გვაქვს.

2020-2021 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომელთაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდათ გაკეთებული, გაცილებით ნაკლებად ავადობენ კორონავირუსით, გაცილებით ნაკლებად ხდებიან მძიმედ და გაცილებით ნაკლებად ხვდებიან საავადმყოფოში.

ასე რომ გრიპის ვაქცინას კორონავირუსით ინფიცირების წინააღმდეგ გარკვეული დამცველობითი მნიშვნელობა ნამდვილად აქვს.

ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც კოვიდის 2 დოზა აქვს გაკეთებული და არ გაუკეთებია ბუსტერ დოზა, ოქტომბერი იდეალური პერიოდია ბუსტერ დოზის მისაღებად. აციების კვალდაკვალ, ველოდებით კოვიდის შემთხვევების მატებასაც.

რამდენიმე ევროპულ ქვეყანას, ექიმებისა და ჯანდაცვის მუშაკებისთვის აქვს რეკომენდაცია – ოქტომბერში, ერთდროულად გაიკეთონ კოვიდისა და გრიპის ვაქცინები – ეს არ იძლევა გვერდითი მოვლენების რისკს, ეს მნიშვნელოვანია სეზონის დაწყებამდე, სამედიცინო დარგის სპეციალისტების მაქსიმალური მომზადებისთვის და ვფიქრობთ, ეს რეკომენდაცია, შესაძლებელია, საქართველოშიც იყოს გამოყენებული“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე „ფორტუნასთან“.

magti 5g