ყველაფერი კეთდება იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რომ ქვეყანა გამოვიდეს პანდემიიდან მინიმალური დაზიანებით. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ პრესკონფერენციისას განაცხადა.
„დღევანდელი მონაცემებით, მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ ავადობის რიცხვები იზრდება ყველა ქვეყანაში, მაინც გარკვეული ტენდენცია უკვე ე.წ. შენელების ზრდის დინამიკის იგრძნობა. მთავარი ციფრები გახლავთ ის, რომ უკვე 210 ქვეყნაში 4 256 000 ადამიანია ლაბორატორიულად დადასტურებულად ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა უკვე მესამედი და სამწუხაროდ, დაიღუპა 287 ათასი, რაც არის 6,7%.
გავრცელებით ყველაზე მეტი შემთხვევაა აშშ-ში, მეორე ადგილზე გადაინაცვლა ესპანეთმა, შემდეგ მოდის რუსეთი, რაც ჩვენთვის საყურადღებოა, რადგან ჩვენი მეზობელია. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონი, რომ ზრდა აღინიშნება როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში და ასევე იმ ქვეყნებში, რომლებთანაც გვაქვს ტრადიციული, როგორც საქმიანი, ასევე კულტურული ურთიერთობები, მხედველობაში მაქვს ბელარუსი, უკრაინა, ყირგიზეთი და ასე შემდეგ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.