„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის უკვე დასახელებულ კანდიდატებს გარკვეული პირები დაემატება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პარტიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრამდე განმარტა, ეს არ არის ერთჯერადი შეხვედრა და მსგავსი ბევრი შეხვედრა გაიმართება.
„სულ ცოტა ხანში სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელმაც უნდა იმსჯელოს იმაზე, თუ რა ფორმატით და წესით უნდა ჩატარდეს თავმჯდომარის არჩევნები. თქვენ იცით, რომ ყველას ინტერესში შედის ერთი რამ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ასევე, კანდიდატებს საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ სრულფასოვანი კამპანია ჩაატარონ, როგორც თბილისში, ასევე სხვა ქალაქებში.
ეს არ არის ერთჯერადი შეხვედრა, ბევრი შეხვედრა გვექნება. მთავარია, რომ პროცესი არ გაჩერდეს, პროცესი მალე დასრულდეს. ჩვენ შეიძლება გვქონდეს საერთო პოზიცია, თუმცა თუ იქნება სხვა ვერსია, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ვერსიაც წარდგენილი იქნება პოლიტსაბჭოზე დასამტკიცებლად, შემდგომ უკვე პოლიტსაბჭო კენჭს უყრის, რომელ წესს დაუჭერს მხარს და რა ფორმატით ჩატარდება არჩევნები.
ჩვენ უკვე ვიცით დასახელებული კანდიდატების ვინაობა. დარწმუნებული ვარ კიდევ დაემატება. თუ ვინ გადაიფიქრებს ან პოზიციას ვინ შეცვლის და ვინ წარმოადგენს საკუთარ თავს თავმჯდომარის კანდიდატობაზე, მე ამაზე არ მინდა მარჩიელობა და უბრალოდ არც ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ კანდიდატები იქნება. როდესაც ჩვენ სრული სურათი გვექნება შემდგომ უკვე, ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს შეუძლია ამ კანდიდატებთან დაკავშირებით თავისი პოზიციის დაფიქსირება. შესაბამისად, კამპანიაში ჩართვის საშუალება ექნებათ და ასე რომ ეს ძალიან ნორმალური და ჯანსაღი პროცესია,“-განაცხადა დოლიძემ.