რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი ცხოვრების მნიშვნელოვან პროექტს შეეჭიდა. 26 ივლისიდან, კასპის რაიონის სოფელ ქვემო გობში მსახიობები და ადგილობრივი მოსახლეობა გადასაღებ მოედანზე ერთნაირად შრომობს. თამრი ფხაკაძის ცნობილი მოთხობა „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“, რომელსაც გამოქვეყნებისთანავე აღიარება ხვდა წილად, მალე კინოეკრანებზე გადაინაცვლებს. როგორც რეჟისორთან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს შევიტყვეთ, ფილმი 2019 წლის მეორე ნახევარში იქნება მზად.

ბესო სოლომანაშვილი:

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულია და მისი დაფინანსებით ვიღებთ. გადაღებები ერთი თვის განმავლობაში გრძელდება და 26 აგვისტოს დასრულდება. ფილმი 2019 წლის მეორე ნახევარში გამოვა.

ჩვენი მხარდამჭერია ტელეკომპანია „იმედი“. მისი ჟურნალისტი, სალომე შანშიაშვილი ასრულებს იმ ადამიანის როლს, ვისაც მთავარი გმირი საკუთარ ამბავს უყვება… ამბავი ეხება ერთ ადამიანს, რომლის ბოსტანიც კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდება. არ უნდა ომი, მაგრამ რუსული აგრესია აიძულებს, ხელში იარაღი აიღოს.

ეს არის თამრი ფხაკაძის მოთხრობა „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“. სცენარის ავტორები გახლავართ მე, ირაკლი სოლომანაშვილი და თამრი ფხაკაძე. ოპერატორი: გელა ჩინჩალაძე, მხატვარი: მამუკა ესაძე.

მთავარ როლს ასრულებს დუტა სხირტლაძე. ფილმში დაკავებულები არიან მსახიობები გორის და ხაშურის თეატრებიდან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.

თქვენთვის, ალბათ, ამ თემაზე მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია…

ეს არის უმნიშვნელოვანესი! ვფიქრობ, საქართველოს ყველა პრობლემა ამ ერთი

პრობლემიდან გამომდინარეობს, ოკუპაციის თემიდან. ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი, როგორც ქართველის სათქმელი – თუ ეს ძალადობა არ დამთავრდება, მოძალადე ქვეყანა დაღუპავს ჩვენს პატარა ლამაზ ქვეყანას. ჩვენ გვინდა შრომა, ამაში კი კატეგორიულად გვიშლის ხელს ოკუპანტი ქვეყანა.

ალბათ, გაქვთ იმედი, რომ ფილმი ამ სათქმელით უცხოურ ფესტივალებზეც წარდგება…

რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ის ქართველმა მაყურებელმა ნახოს და მიიღოს. მეორე რიგში კი, გაემგზავროს რაც შეიძლება მეტ ფესტივალზე. ჩემი ოცნებაა, ამ ფილმის გამო რუსეთმა პერსონა ნონ-გრატად გამომაცხადოს (იცინის). ეს ხუმრობით, მაგრამ მინდა, ასეთი სათქმელი იყოს, რომელსაც რუსეთი მწვავედ აღიქვამს. თუ რუსი რეჟისორები აკრიტიკებენ საკუთარ ხელისუფლებას, ჩვენ მით უმეტეს, გვაქვს ამისი უფლება.

ნინო მურღულია

 

კატეგორიები: ინტერვიუ