ბათუმის და ხელვაჩაურის ადმინისტრაციულ საზღვარზე სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, თუმცა, როგორც ირკვევა, მეპატრონეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი ჯერ არ უყიდია. მშენებარე ობიექტი ბიზნესმენ დიმიტრი ტვილდიანს ეკუთვნის, მიწის ნაკვეთი კი ორ მუნიციპალიტეტს – ბათუმს და ხელვაჩაურს. არც ერთ მუნიციპალიტეტს მშენებლობაზე ნებართვა არ გაუცია, ხოლო რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, ის აუქციონის წესით გატანილი იყო გასაყიდად, თუმცა ამ დრომდე არავის საკუთრებაში არ ფიქსირდება.

ბიზნესმენის ბიზნეს-გეგმას შესაძლოა ორი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა მოჰყვეს ან საზღვარი ზუსტად შენობის შუაში გაივლის. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „ბათუმელები“-ს ცნობით, მათ საკითხი გადაამოწმეს როგორც ბათუმის, ასევე ხელვაჩაურის მერიაში.

„აუქციონზე გამოტანილი ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არ შედის. მშენებლობის ნებართვა, ამ ნაკვეთზე ჩვენი მუნიციპალიტეტის მიერ, ბუნებრივია, გაცემული არ არის, ამიტომ მიმდინარე მშენებლობაზეც რეაგირება ჩვენს კომპეტენციაში არ შედის,“ – ხელვაჩაურის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ქურიძე.

„თუ მშენებლობის ნებართვა გაცემულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მშენებლობა გაგრძელდა, ვთქვათ, ბათუმის ტერიტორიაზე, მაშინ დარღვეულია პროექტი და რეაგირებაც ხელვაჩაურის მერიამ უნდა მოახდინოს. რაც შეეხება ქალაქის ტერიტორია არის თუ არა, საკადასტრო მონაცემებით ქალაქია, თუმცა, მაინც გადავამოწმებთ,“ –   ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი  ირაკლი მოქია.

„რამდენადაც ვიცით, გასაყიდ მიწაზე მიმდინარე მშენებლობა უკანონოა და მას, სავარაუდოდ, მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრე აწარმოებს, თუმცა, დეტალებზე შესაბამის მუნიციპალიტეტს უნდა დაუკავშირდეთ. ჩვენ არც მშენებლობაზე და არც დემონტაჟზე ნებართვას არ გავცემთ. დღეს ეს მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაა და მას სააგენტო აუქციონზე ყიდის,“ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო.

აუქციონზე გამოტანილ 3008 კვადრატულ მეტრ ფართობის მიწის ნაკვეთს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 246 ათას ლარად ყიდის. აუქციონი დღეს დასრულდება.

მსგავსი თემები