LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოტოქსის გამო, საუდის არაბეთში სილამაზის კონკურსიდან 40-ზე მეტი აქლემი მოხსნეს

1159
1

საუდის არაბეთში მიმდინარე აქლემების კონკურსს სკანდალები წელსაც არ მოაკლდა.

მეფე აბდულაზიზის აქლემების ფესტივალზე პირველობისთვის მებრძოლი მრავალი აქლემი კონკურსიდან მოიხსნა, მიზეზი კი აქლემების მფლობელების “თაღლითობით”, მათი ხელოვნური შელამაზებაა.

ათეულობით აქლემს დისკვალიფიკაცია მიენიჭა. აღმოჩნდა რომ მათ ბოტოქსი, ფილერი და სახის ლიფტინგი ჰქონდათ გაკეთებული, ზოგიერთ შემთხვევაში კი სხეულის ნაწილები პლასტიკური ქირურგიის ჩარევის შედეგად იყო შეცვლილი.

მსგავსი თაღლითობის შემთხვევები აქლემების კონკურსებზე ხშირია.

ბოტოქსით და სხვადასხვა მანიპულაციით გალამაზებული აქლემების კონკურსში მონაწილეობა კი აკრძალულია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კონკურსიდან 40-ზე მეტი მონაწილე მოიხსნა.

“საუდის არაბეთის დედაქალაქის, ერ-რიადის ჩრდილო-აღმოსავლეთით უდაბნოში გამართულ ერთთვიან ფესტივალზე აღმოჩნდა, რომ სპეციალიზებული და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ათობით აქლემს შეუსწორეს ტუჩები და ცხვირი, ასევე გამოიყენეს ჰორმონები – ცხოველის კუნთების გასაძლიერებლად, ტუჩებზე კი ბოტოქსი გაუკეთეს”, – წერს The Guardian.

პოპულარული ფესტივალი, რომელიც დეკემბერში დაიწყო, საასპარეზოდ ლამაზი აქლემების მომშენებლებს იწვევს. საპრიზო ფონდი 66 მილიონი დოლარია.

კატეგორიულად იკრძალება ბოტოქსის ინექციები, სახის ლიფტინგი და ასევე სხვა კოსმეტიკური ცვლილებები. ჟიურის წევრები გამარჯვებულს ცხოველების თავის, კისრის, კეხის, ჩაცმისა და ფორმის მიხედვით გამოავლენენ.

სოფელ დერცელში ძროხების სილამაზის კონკურსში „პეპელამ“ გაიმარჯვა