LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალდების სიტყვიდან გამომდინარე შესაძლოა გამამართლებელი განაჩენი დადგეს: არჩილ გაგნიძისა და ზ.ხ.-ს ადვოკატები

134
gagnidze 333

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული 5 პირის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

„დღეს სახელმწიფო ბრალდებას საკუთარ შესავალ სიტყვაში არ უსაუბრია, თუ როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი წყალში“, –  აცხადებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური. 

ადვოკატი განმარტავს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები და ძნელია იმის დადგენა, თუ ვინ მიაყენა გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები.

„ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესავალი სიტყვა, მომდევნო პროცესზე ჩვენ წარმოვადგენთ დაცვის მხარის შესავალ სიტყვას. ბრალდების მხარემ ყველაფერი ილაპარაკა იმის შესახებ, თუ რა მოხდა იმ დღეს, გარდა ერთი დეტალისა – როგორ მოხდა გარდაცვლილ შაქარაშვილზე დაზიანებების მიყენება, როგორ მოხდა მისი წყალში ჩავარდნა, რა ვითარებაში განხორციელდა ეს, ვინ არის ამის დამნახავი და ა.შ. ბრალდების მხარეს მსგავსი არაფერი უთქვამს. არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ამ პირებმა განახორციელეს დაზიანებების მიყენება. ბრალდების მხარე ასევე შეეხო იმ გარემოებებს, რომ ამ პირებს სხვა ბრალიც აქვთ წარდგენილი და მიმდინარეობს მათი საქმის არსებითი განხილვა“, – აღნიშნავს ჟურნალისტებთან საუბარში ადვოკატი.

ადვოკაცი ამტკიცებს, რომ ამ საქმეზე ვისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აუცილებლად დაიდება გამამართლებელი შედეგი.

„პროკურატურამ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, ვინაიდან საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და შესაბამისად, ვერც იტყოდა ბრალდების მხარე, როგორ განხორციელდა იმ დაზიანებების მიყენება, რაც გარდაცვლილს ჰქონდა და ასევე, წყალში როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი. მიგვაჩნია, რომ ერთადერთი შედეგი, რაც ამ საქმეზე დაიდება, ეს იქნება გამამართლებელი განაჩენი“, – განაცხადა გელხაურმა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილიც დარწმუნებულია, განაჩენი დღეს რომ დგებოდეს, ბრალდების მხარის შესავალი სიტყვიდან გამომდინარე, უალტერნატივოდ დადგებოდა გამამართლებელი განაჩენი.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარემ დღეს სუსტი შესავალი სიტყვა წარმოთქვა, რაც დაცვის მხარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

მამულაშილი აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდზე სახელმწიფო ბრალდება მხოლოდ დაშვებით საუბრობს.

„ბრალდების მხარე სასამართლოს 20-25 წუთი ესაუბრა და ყველაფერი თქვა, გარდა მკვლელობის ბრალდებისა. ბრალდების მხარემ თქვა, რომ ფიზიკურად ისინი პირდაპირ მტკიცებულებებს ვერ მოიძიებდნენ, რომელიც მნიშვნელოვან გარემოებებს დაადგენდა. ფაქტობრივად, ბრალდების მხარემ თავად აღიარა, რომ მოსულია არარსებული მტკიცებულებებით და ეს ჩვენთვისაც გასაკვირია, რომ ბრალდების მხარის შესავალი სიტყვა ასეთი სუსტი იყო. თუ როგორ მოხვდა გიორგი შაქარაშვილი წყალში, ამაზე პროკურატურა არ საუბრობს და ამბობს, რომ ეს მათი მსჯელობა, ვარაუდია და სხვაგვარად ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებებით ეს დაადგინონ, უბრალოდ დაშვებას აკეთებენ, ვინაიდან სხვა ვერსია არ აქვთ, ვინ განახორციელებდა აღნიშნულ დანაშაულს. თუმცა, დანაშაული რომ განხორციელდა, ამაზეც არ უსაუბრიათ. მკვლელობის ნაწილში მხოლოდ დაშვებით საუბრობენ და უფრო მეტიც, ამბობენ, რომ მათ მტკიცებულებები არ გააჩნიათ, ვინაიდან იმ კონკრეტულ ადგილას სათვალთვალო კამერები არ იყო, თვითმხილველი მოწმეები არ არიან და თავად უთითებენ, რომ ეს მათი ვარაუდია“, – აცხადებს მამულაშვილი.

 

შეგახსენებთ, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულები არიან – ზ.ხ., ა.ქ., არჩილ გაგნიძე,  ვახტანგ ჩიქოვანი და ნიკოლოზ რევაზიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები