LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრწყინვალე გარეგნობა, იშვიათი ქარიზმა და უბადლო ნიჭი – ბრედ პიტის საუკეთესო ფილმები

5734
bred-pit

მართალია, ბრედ პიტმა პირველ რიგში ბრწყინვალე გარეგნობისა და იშვიათი ქარიზმის წყალობით მოიპოვა პოპულარობა, მაგრამ არც მისი უბადლო ნიჭის უგულებელყოფა შეიძლება, მით უფრო, რომ 35-წლიანი კარიერის მანძილზე პრაქტიკულად ყველა ჟანრის ფილმს მოუყარა თავი.

„ტელმა და ლუიზა“ (Thelma & Louise, 1991) – რიდლი სკოტის როუდ-მუვიში პიტმა მხოლოდ ეპიზოდური როლი შეასრულა, თუმცა სწორედ „ტელმა და ლუიზა“ იქცა ახალბედა მსახიობისთვის წარმატებულ სტარტად, რასაც მალე ისეთი ცნობილი ჰიტები მოჰყვა, როგორიც „იქ, სადაც მდინარე მიედინება“, „კალიფორნია“ და „ნამდვილი სიყვარულია“.

„შემოდგომის ლეგენდები“ (Legends of the Fall, 1994) – ედვარდ ცვიკის ეპიკური დრამა სწორედ ის ფილმია, რომლის წყალობითაც პიტმა სექს-სიმბოლოს სტატუსი მოიპოვა და დიდი ხნით შეინარჩუნა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ახალგაზრდა, საოცრად სიმპათიურმა მსახიობმა მართლაც არაჩვეულებრივად განასახიერა მეტად წინააღმდეგობრივი პერსონაჟი.

„შვიდი“ (Seven, 1995) – ნუარის სტილში გადაღებული ტრილერი დევიდ ფინჩერისა და ბრედ პიტის პირველი ერთობლივი ნამუშევარია, რომელშიც მსახიობმა შვიდი მომაკვდინებელი ცოდვით შეპყრობილ მანიაკს დადევნებული დეტექტივი განასახიერა და MTV Movie Awards-ის პრემიაც დაიმსახურა. სხვათა შორის, სწორედ „შვიდის“ გადაღებებზე გაიცნო პიტმა გვინეტ პელტროუ, ვისთანაც ხანმოკლე, თუმცა საკმაოდ ხმაურიანი რომანი ჰქონდა.

„შვიდი წელი ტიბეტში“ (Seven Years in Tibet, 1997) – ჟან-ჟაკ ანოს ბიოგრაფიულ დრამაში, რომელსაც ავსტრიელი მთამსვლელის ჰენრიჰ ჰარერის ისტორია დაედო საფუძვლად, პიტმა ისევ გაამართლა მაყურებელს იმედი და ბრწყინვალედ განასახიერა ნაცისტი ოფიცერი, თუმცა სწორედ  შესანიშნავად შესრულებული როლის შემდეგ აეკრძალა ჩინეთის საზღვრების გადაკვეთა.

„მებრძოლთა კლუბი“ (Fight Club, 1999) – ჩაკ პალანიკის ამავე სახელწოდების რომანის მოტივებზე დადგმული კრიმინალური დრამა ფინჩერისა და პიტის მეორე და შესაძლოა საუკეთესო პროექტია, თუმცა ფილმმა, რომელშიც მსახიობმა სისტემასთან მებრძოლი ანარქისტი და მთავარი გმირის ერთგვარი „ალტერ ეგო“ განასახიერა, კრიტიკოსებმა ძალადობის სცენების სიჭარბის გამო დაიწუნეს. ნამდვილი აღიარება ფინჩერის ნამუშევარმა მხოლოდ წლების შემდეგ მოიპოვა, როცა 1990-იანი წლების საკულტო ფილმის სტატუსი შეიძინა.

„ბენჯამინ ბატონის იდუმალებით მოცული ისტორია“ (The Curious Case of Benjamin Button, 2008) – ფინჩერისა და პიტის დუეტის კიდევ ერთ ბრწყინვალე ნამუშევრად იქცა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის მოთხრობის მიხედვით შექმნილი დრამა, რომელშიც პიტმა სამსახიობო ოსტატობის მაქსიმუმი გამოავლინა და „ოსკარის“ ნომინაციაც დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ კინოკომპანია Paramount Pictures რამდენიმე წელი მუშაობდა პროექტზე ცნობილ რეჟისორებთან სტივენ სპილბერგთან და რონ ჰოვარდთან ერთად, თუმცა მხოლოდ ფიჩერმა შეძლო ნამდვილი შედევრის შექმნა, რომელმაც საკუთარ ფავორიტს მიანდო მეტად რთული როლის შესრულება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g