LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინური ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოშია, 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება – პრემიერი

63
irakli

საქართველოში COVID-19 ვაქცინის 1 000 000 დოზა საქართველოშია და დამატებით მილიონ დოზას ველოდებით. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ორშაბათიდან, 5 ივლისიდან  ქვეყანა მზადაა, რომ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს.

„დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ავტორიზებული ჩინური „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა კარგად იცნობს. მილიონი დოზა არის უკვე ადგილზე. ჩვენ ახლა ვართ მზად, ორშაბათიდან უკვე დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.

მინდა, მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდო შემდეგი დოზების შემოსვლის თაობაზე. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავეთ პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებლებთან. ისე, როგორც მოხდა ჩინური ვაქცინების შემთხვევაში, აქტიურად ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და წარმატებით დავასრულეთ. დამატებით მილიონს კიდევ ველოდებით და ალბათ ერთ თვეში შემოვა, უახლოეს რამდენიმე კვირაში. ნახევარი დოზა „სინოფარმი“ და ნახევარი დოზა „სინოვაკიც“. ჯამში ორი მილიონი გვაქვს შეკვეთილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა განაცხადა, რომ ივლისიდან ქვეყანაში „ფაიზერის“ მილიონი დოზა შემოვა, წლის ბოლომდე კი ქვეყანა ვაქცინების 4 მილიონ დოზას მიიღებს.

„ფაიზერთან“ ჩვენი წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, კონტრაქტი გაფორმებულია, ფული გადახდილია მილიონი დოზის თაობაზე.

„ფაიზერიც“ ასევე ეტაპობრივად, ივლისიდან დაიწყებს მილიონი დოზის ვაქცინის მოწოდებას. ჯამში, წლის ბოლომდე ველოდებით, რომ დაახლოებით 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მიერ განსაზღვრული სამიზნე, ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტი იყოს სრულად აცრილი წლის ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დამატებითი დეტალები მოლაპარაკებების დასრულებისთანავე გაცდება ცნობილი.

„აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებთან საბოლოო დეტალებს გავივლით, ვაცნობებთ ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ  ახლა ვაქცინაციის პროცესში გადამწყვეტია მოქალაქეების აქტიურობა და ჩართულობა.

„ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით მთელი სამინისტრო, ჯანდაცვის სისტემა არის სრულად მობილიზებული. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, კლინიკების ხელმძღვანელებთან და ვართ სრულ კოორდინაციაში მათთან იმისათვის, რომ ჩვენ დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი ორშაბათიდან.

რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩვენს მოქალაქეებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. მე მინდა თხოვნით მივმართო ჩვენს მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა ისე, როგორც ჩვენ პანდემიის დასაწყისში გამოვიჩინეთ და ვაჩვენეთ უმაღლესი პასუხისმგებლობის დონე. ახლა ვაქცინაციის პროცესში გადამწყვეტია მოქალაქეების აქტიურობა და ჩართულობა.

ჩვენ, ერთი მხრივ, უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და ჯანმრთელობა და მეორე მხრივ, ჩვენს გარშემო მყოფების მიმართ უნდა გამოვიჩინოთ სოლიდარობა.

ორშაბათიდან სრულად იქნება მზად მთელი სისტემა, დაიწყება რეგისტრაცია ხვალიდან და უკვე ორშაბათიდან ჩვენ დავიწყებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასობრივ ვაქცინაციას.

დაახლოებით, 350 ბრიგადა, რომელიც დაკომპლექტებულია ექიმებით, შესაბამისი აღჭურვილობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლებიან და ჩვენ ამ პროცესს წარმატებით ვმართავთ. ჩვენი გათვლებით დღეში დაახლოებით 20 000-დან 25 000-მდე აცრა უნდა ჩავატაროთ, იმისათვის, რომ თვეში მინიმუმ ნახევარი მილიონი ადამიანის აცრა განვახორციელოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები