“დღევანდელ გამოწვევაზეც ჩემი და ჩემი კოლეგების პასუხი მთავრობისადმი არის ის, რომ ჩვენ თქვენი არ გვეშინია, რადგან სასწორზე დევს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამ თითოეული ჩვენგანისთვის,” – ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულაში” გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მედიასაშუალების დირექტორის მოადგილემ, გიორგი თარგამაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიზანს და ამოცანას წარმოადგენს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, არათუ არჩევნები აღარ ჩატარდეს, არამედ პოლიტიკური, პლურალური პროცესი საერთოდ მოკვდეს:

“ხელისუფლების მიზანს და ამოცანას წარმოადგენს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, როგორც ამას გვპირდებიან არათუ არჩევნები აღარ ჩატარდეს, არამედ პოლიტიკური, პლურალური პროცესი საერთოდ მოკვდეს და ამ პოლიტიკის და ამ გეგმის ნაწილია, რომ ქვეყანაში აღარ არსებობდეს კრიტიკული სატელევიზიო მედია, სივრცე, სადაც ხალხი თავს დაიცავს მმართველი კლანისგან, ძარცვისგან და ჩაგვრისგან.

მთელს ამ პროცესში ტელეკომპანია “ფორმულა”, რომელიც ამ დღეებში სულ რაღაც 2 წლის ხდება, ასრულებდა, ასრულებს და შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს.

ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც იყო ამ არხის დაფუძნებიდან, იყო და რჩება ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ჩვენ, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები შევძლებთ საერთო დემოკრატიული, ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას.

სწორედ ამიტომ, დღევანდელ გამოწვევაზეც ჩემი და ჩემი კოლეგების პასუხი მთავრობისადმი არის ის, რომ ჩვენ თქვენი არ გვეშინია, რადგან სასწორზე დევს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამ თითოეული ჩვენგანისთვის, ამ თაობის ჟურნალისტებისთვის – რომ გადავარჩინოთ საქართველოში სიტყვის თავისუფლება და შევუნარჩუნოთ საქართველოს შანსი, განვითარდეს როგორც დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო”, – განაცხადა თარგამაძემ.

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

საქმეზე, რომლის შესახებაც თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, 7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელს 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ პროექტში 5 600 000 ევროს გაფლანგვაში დასდო, ორ ინსტანციაში გამოძიებამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო. თავდაცვის სამინისტრო სასამართლოს სწორედ ამ თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართავს.

ვრცლად თემაზე:

„ფორმულას“ საგანგებო განცხადება – ხელისუფლების მთავარ სამიზნეს ამ ქვეყანაში კრიტიკული მედია და მათი გაჩუმება წარმოადგენს

თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

მშვილდაძე: ველოდებით “ფორმულაზე” წილების დაყადაღებას

ველით, მაგრამ „ფორმულას“ ჯერ ყადაღა არ ადევს – გიორგი თარგამაძე

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები