LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩვენი მისიაა ვისწავლოთ, გამოცდილება მივიღოთ და მოვახდინოთ ჩვენი პოტენციალის გამოყენება” – ბიზნესმენის ისტორია

638
აიეტ-კუკავა

რუბრიკაში ,,ბიზნესმენის ისტორია” გიამბობთ ბიზნესმენ აიეტ კუკავას შესახებ.

აიეტ კუკავა საინვესტიციო კომპანიას “ალიანსი ჯგუფ კაპიტალს” მართავს, რომელიც სპეციალიზებულია “M&A” ტრანზაქციებზე (შერწყმები და შესყიდვები), მან დააფუძნა ბიზნეს ინფორმაციის კომპანია, ლიზინგის კომპანია, ფინური საერთაშორისო სკოლა და 3 მცირე კომპანია  (უძრავი ქონების, IT, გაზიარების), ასევე GVCA- საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაცია.

სწავლა და კარიერა:

დავამთავრე უნივერსიტეტი. ჩემი სწავლის პერიოდში საქართველოში იყო რთული მდგომარეობა. სწავლის დასრულების შემდეგ დავიწყე მუშაობა. ქართულ-ამერიკულ ბანკში მუშაობის დროს ასობით კლიენტის განაცხადისა და ბიზნეს პროექტების დამუშავებისას მივიღე დიდი გამოცდილება. ბანკის ამერიკელი პრეზიდენტი თავის შემცვლელად მომიაზრებდა და ხელს მიწყობდა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.  ამერიკის რამდენიმე ბანკში აღმოვჩნდი სტაჟირებაზე, კერძოდ რეგიონულ ბანკებში, ასევე, “უოლ სთრითის” წამყვან ბანკში. ამერიკული ბანკების სტრუქტურის, ტემპის, ტექნოლოგიის გაცნობით ბევრ რამეზე შემექმნა წარმოდგენა. მივხვდი, რამდენი რამ სჭირდება ჩვენ საბანკო სექტორსა და ქვეყანას განსავითარებლად. აქვე, გადავწყვიტე ქვეყანაში საკრედიტო ბიურო განმევითარებინა. მივხვდი, რომ MBA, ანუ ბიზნესის მაგისტრატურა უნდა დამემთავრებინა, რომელიც დამეხმარებოდა პირად განვითარებაში, ასევე ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტების განსავითარებლად. თუმცა ამ აზრს არ ეთანხმებოდნენ ახლობლები და ნათესავები. მათ მიაჩნდათ, რომ აშშ-ში სწავლის გაგრძელებით, კარიერულ პერსპექტივაზე უარს ვამბობდი.

მაგისტრატურა – მასკის პროგრამის აშშში:

მონაწილეობა მივიღე ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ მასკის მაგისტრატურის პროგრამაში, ბანკის პრეზიდენტმაც კარგი რეკომენდაცია მომცა და 1 წელიწადში შტატებში გავემგზავრე 2 წლიანი პროგრამით.

სწავლა მომიწია ჰარვარდის შემდეგ, ამერიკის სიძველით მეორე უნივერსიტეტში. პირველ სემესტრში ადაპტირება გამიჭირდა, ვინაიდან თბილისში უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე, წარჩინებით ისე დავამთავრე, ღამე არ გამითევია, აქ კი ხშირად საღამოს 7 საათზე უნივერსიტეტიდან მისული კომპიუტერთან დავმჯდარვარ თეზისის დასაწერად, რომელიც დილის 8-ზე დამითავრებია. როგორც კი ადაპტაციის პროცესი გავიარე, დავინტერესდი ამ უნივერსიტეტის სხვა პროგრამებით, შევეცადე მაქსიმალურად გამომეყენებინა თავისუფალი დრო გარკვეულ სპეციალობებზე წარმოდგენის შესაქმნელად.

2002 წლის ივნისში მივიღე მაგისტრის ხარისხი და არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი, გამეგრძელებინა სტაჟირება შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, ან დავბრუნებულიყავი საქართველოში.

არჩევანი საკმაოდ რთული იყო. ერთის მხრივ, შეძენილი მეგობრები და მათი კავშირები მაძლევდა გარანტიას, რომ პერსპექტივების გარეშე არ დავრჩებოდი. მეორეს მხრივ, იყო საქართველო, რომელსაც იმ დროს არ ჰქონდა განვიტარებული ეკონომიკა, ცხოვრების ელემენტარული პირობები არ არსებობდა, ქვეყანა რეფორმების საჭიროების წინაშე იდგა, ბიზნესის კანონიერი კეთება ურთულესი იყო.

პარალელურად დავიწყე ჩემი დაგეგმილი პროექტი – საკრედიტო მონაცემთა ბიურო, ვატარებდი შეხვედრებს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურებთან, შესაბამის არასამთავროებთან და ასოციაციებთან, საბანკო-საფინანსო სფეროს წარმომადგენლებთან. ასევე დავიწყეთ საერთაშორისო წარმატებულ მულტინაციონალურ საკრედიტო ბიუროებთან მუშაობა, რათა მათი პლატფორმა საქართველოში დაგვენერგა. დავესწარი რამდენიმე საერთაშორისო ფორუმს, სადაც გავიცანი დარგის წარმომადგენლები, დავიწყეთ მუშაობა საუკეთესო პარტნიორის ასარჩევად.

2004 წლის გაზაფხულზე იმ ეტაპისთვის საქართველოში ოპტიმალურ პარტნიორზე – კრედიტინფო ჯგუფზე ჩამოვყალიბდით. ივლისისთვის გავაფორმეთ ხელშეკრულება, დავაფუძნეთ ერთობლივი კომპანია და დავიწყეთ ბაზებზე მუშაობა. პარალელურად ურთიერთობები გავაფართოვეთ საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან. შედეგად, საერთაშორისო გერმანული ბანკის “პროკრედიტ ბანკი”გენერალურმა დირექტორმა გამოთქვა სურვილი შეეძინა კომპანიის აქციები და ერთობლივი, უფრო მჭიდრო პარტნიორობით განგვევითარებინა კომპანია. ამის შემდგომ, კიდევ 3 კომერციული ბანკი დაემატა და კომპანია დადგა ტრამპლინზე.

ბიზნესი:

“მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში შევიმუშავე 7 წლიანი გეგმა, საქართველოში ჩამოსვლისას თუ რა ტიპის კომპანიები შემექმნა და რომელი დარგების განვითარებაში მიგვეღო მონაწილეობა. დავაფუძნეთ ჰოლდინგური კომპანია, რომლის მისია ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიული  დარგების განვითარებით გრძელვადიანი ღირებულების შექმნაა.

ჩემი მიზანი იყო ქვეყანაში ისეთი დარგები და მომსახურებები განგვევითარებინა, რომელიც ქართული ბიზნესის ეფექტიანობას გაზრდიდა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, შესაბამისად მისი კონკურენტუნარიანობაც გაიზრდებოდა და ასევე, ხელი შეეწყობოდა ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.

8 წლიანი მუშაობით ქვეყანაში განვახორციელეთ ბევრი წვრილი და რამდენიმე დიდი გარიგება, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩენია მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერს – M&A ქსელს და მათთან 1 წლიანი კონსულტაციის შემდეგ წევრად მიგვიღეს. ქსელში 50-ზე მეტი ქვეყნის M&A-ზე სპეციალიზებული საინვესტიციო ფირმაა გაერთიანებული”.

ბიზნესმენმა ცოტა ხნის წინ დააფუძნა ფინური საერთაშორისო სკოლა. ფინური სწავლის მოდელი მსოფლიოში ცნობილია, როგორც ყველაზე ინოვაციური და 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური ეპოქის გამოწვევებზე მორგებული. შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე ფინური მოდელი მიიჩნევა ყველაზე ეფექტიან მოდელად, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდა თაობისთვის კონკურენტუნარიან განათლების მიღებას, ასევე, აუცილებელ უნარ ჩვევების განვითარებას.

“განათლების სფეროში ინვესტირება სულაც არ შედიოდა ჩვენს გეგმებში, თუმცა საქართველოში ჩვენმა გამოცდილებამ ცხადყო, იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარების უფრო მაღალ დონეზე ავიდეს, პირველადი, დაწყებითი განათლება უნდა იყოს უფრო მაღალ დონეზე. შესაბამისად, ამ ბიზნესის წარმატების შეფასებისთვის მთავარ კრიტერიუმად განათლების ხარისხი და ახალგაზრდა თაობის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა ავირჩიეთ“.

წარმატება:

წარმატება რამდენიმე მიმართულებით მოვიდა: ბიზნეს ინფორმაციის კომპანიის შექმნით ქართულ ბიზნეს მნიშვნელოვნად გავუადვილეთ პარტნიორებსა და ინვესტორებზე გასვლის პროცესი.

დსთ-ს სივრცეში პირველი საკრედიტო ბიუროს შექმნით, საქართველოს საბანკო სისტემას დავაკავშირეთ საკრედიტო ინფორმაციის ისეთი ეფექტური მექანიზმი, რომელმაც საბანკო სისტემაში მნიშვნელოვნად გაზარდა ეფექტიანობა, შეამცირა რისკები, გაზარდა მომსახურების ხარისხი, დააჩქარა საბანკო-საფინანსო სისტემის განვითარება რეგიონის ქვეყნებთან შედარებით.

ამერიკელ პარტნიორებთან ერთად რეგიონში პირველი სარეიტინგო სააგენტოს საკონსულტაციო ფირმა დავაფუძნეთ. ამ კომპანიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მთავრობის დარწმუნებაში, მიეღო პირველი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, რითაც საფუძველი დაედო ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგების სიაში გამოჩენას, რაც ინვესტორების ყურადღების მიპყრობის უმოკლესი გზაა.

პირველი კერძო მიკროსაფინანსო კომპანიის დაფუძნება –  მას მოჰყვა ასოციაციის დაფუძნებაც, რითაც მოთამაშეების კონსოლიდირება მოვახდინეთ დარგისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, რამაც მიკროსაფინანსო საქმიანობისადმი ინვესტორების ინტერესი და შედეგად, კომპანიების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

პირველი M&A-ზე ორიენტირებული კომპანიის დაფუძნება და მისი წარმატებული გარიგებები, რამაც ქვეყანას ასობით მილიონი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოუტანა.

პირველი უძრავ-მოძრავი ქონების შეფასებისა და მართვის პლატფორმის დაფუძნება, რომელმაც ბიძგი მისცა დარგში კონკურენტუნარიანობის ზრდას, მომხმარებლისთვის ფასების შემცირებას, თაღლითობის შემთხვევების შემცირებას და ამ დარგის მიმართ ბევრი მოთამაშის ინტერესის ზრდას.

ფინური საერთაშორისო სკოლის გახსნა საქართველოში, რომელიც რეგიონში პირველი მერცხალია და გვჯერა, ჩვენ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ საერთაშორისო მასშტაბით ახალგაზრდა თაობების კონკურენტუნარიანობის ზრდაში.

თუმცა იყო წარუმატებლობებიც:

ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ დარგში ინვესტიციების მოზიდვა და განახლებადი ენერგიის წყაროების დაფინანსების გაადვილება. მოვიზიდეთ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდი, რომელმაც $100 მილიონიანი ფონდის საქართველოში დაფუძნება დააანონსა. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ჩვენს მიერ შერჩეული პროექტების დაფინანსება და $1 მილიარდის ოდენობით. მათთან ერთად  დავიწყეთ და ავაშენეთ ერთ-ერთი პირველი კერძო ჰესი, რომელმაც დიდი გამოცდილება მოგვიტანა, თუმცა ასევე დიდი ფინანსური ზარალი.

2005 წელს ერთ-ერთი პირველი ფიტნეს კლუბის გავხსენით, თანამედროვე დანადგარებით, ფიტნეს დანადგარების იმპორტით გავხდით უმსხვილესი იმპორტიორი, თუმცა გამოუცდელობისა და მენეჯმენტის შეცდომების გამო, არ გავაგრძელეთ გაფართოება.

მახსოვს ნაპოლეონ ჰილის გამონათქვამი: უპირველესი მიზეზი რატომ განიცდიან ადამიანები ცხოვრებაში მარცხს, არის ის, რომ ისინი უსმენენ და უჯერებენ მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს. შესაბამისად ყველა ჩემი პირადი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მე უკეთ მესმოდა, იწვევდა საპირისპირო მოსაზრებებს ამ კეთილისმყოფელების მხრიდან.

უნდა გააცნობიეროთ:

  1. თქვენი წარმატებითა და ცხოვრების აზრით, თქვენ უფრო უნდა იყოთ ვდაინტერესებული,, ვიდრე ნებისმიერი თქვენი კეთილისმსურველი.
  2. თქვენი პოტენციალი, შესაძლებლობები, გატაცებები, ინტერესი, ოცნება, მიზნები, წარსული გამოცდილება, თქვენზე მეტად არავინ არ იცის. ყველა საკუტარი გამოცდილებიდან და პერსპექტივიდან გიურებთ. ამიტომაც ხშირ შემთხვევაში უფრო გამართლებულია მათი რჩევები მოისმინოთ, მაგრამ გადაწყვეტილება თავად მიიღოთ.
  3. დიდი სამსახური გამიწია ჩემმა მუდმივმა სწრაფვამ ღირებულებების შექმნისაკენ და არა წარმატების დევნისკენ.
  4. როგორც დიდი აინშტაინის გამონათქვამია: „ეცადე გახდე არა წარმატებული ადამიანი, არამედ ღირებული ადამიანი.“
  5. თითოეულ ბიზნესში და გადაწყვეტილებებში ჩვენ ფულს, სახელს და წარმატებას კი არ ვეძებდით, არამედ როგორც ჩვენი კომპანიის მისია გვკარნახობდა ქვეყნისთვის ღირებულების შექმნისკენ ვმუშაობდით, რამაც უფრო დიდი სამსახური გაგვიწია და ამიტომაც ვართ სადაც ვართ.
  6. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და თითოეული ძალისხმევა, შედეგი ყოველთვის გზრდით, ყველაფერი გზრდით, რომ უფრო ღირებული გახდეთ თქვენი თავისა და გარშემომყოფებისათვის. საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა ნაკლებად გაგზრდით.
  7. ათლეტი, რომელიც სიგრძეში, ან სიმაღლეში ჭოკით ხტება ათასობით წარუმატებლობას განიცდის სანამ დიდ შედეგს მიიღებს. მისი თითოეული სანტიმეტრის გაუმჯობესების წილ დგას 10, 20, 50 თუ 100 წარუმატებელი მცდელობა, რის შემდეგაც მოდის გაუმჯობესება. ასე ხართ თქვენც, არც ერთი მარცხი, თუ წარუმატებლობა არ არის მიზეზი გაჩერდეთ და ხელები ჩამოყაროთ.
  8. არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დანებდეთ! ყველა ადამიანი წარმატებისათვის არის შექმნილი, ჩვენი მისია დაბადებიდანვე არის ვისწავლოთ, გამოცდილება მივიღოთ და მოვახდინოთ ჩვენი პოტენციალის საუკეთესო გამოყენება. ამ საქმეში ჩვენ მეტოქეები, მოქიშპეები და მტრები კი არ გვყავს, არამედ განგების მიერ გამოგზავნილი სასარგებლო გარემოებები, რომლებიც გვაძლიერებენ, გამოცდილებას გვაძლევენ და უფრო მაღალ საფეხურზე ასვლაში გვეხმარებიან.

თუ რაიმეს ვერ აღწევ ეს ნიშნავს, რომ მალე უფრო დიდს მიაღწევ!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები