LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დადარი” – სოციალური საწარმო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და იძულებით გადაადგილებულ პირებს ასაქმებს

128
დადარი

“გამოფენაზე “დადარის” ნამუშევრებმა ძალიან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, ჩვენი სათამაშოების მაღალ ხარისხსა და განსაკუთრებულ დიზაინს აღიარებდნენ სათამაშოების დარგის წამყვანი კომპანიები”, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი არჩილ გობეჯიშვილი.

“დადარი” სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ბენეფიციარია. სააგენტოს ინიციატივით, ცოტა ხნის წინ მათი პროდუქცია გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში, სათამაშოების უმსხვილეს გამოფენაზე გამოჩნდა.

როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, 5-დღიანმა გამოფენამ კომპანიას დიდი წარმატება მოუტანა და ამ ეტაპზე “დადარის” სათამაშოებით 40-მდე უცხოური კომპანიაა დაინტერესებული.

“დადარის სათამაშოებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, რის გამოც წარმოების გაფართოებასა და წარმადობის გაზრდაზე მუშაობენ. საწარმოს დიდი გეგმები აქვს ექსპორტის მიმართულებითაც”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც კომპანიაში ამბობენ, 2023 წლის გეგმებში თანამშრომელთა გადამზადება და საწარმოს ტექნიკური აღჭურვა პირველ ადგილზეა, ეს პროცესი უკვე დაწყებულია და წელს საწარმოს შესაძლებლობების 80%-იან ზრდას ვარაუდობენ.

სოციალური საწარმო „დადარის“ დამფუძნებელი დამწყებ მეწარმეებს ურჩევს, სწორად შეარჩიონ ის საქმე, რისი კეთებაც მოსწონთ. ენდონ საკუთარ თავს და გულწრფელად, პატიოსნად შეუდგნენ საქმის კეთებას.

სოციალური საწარმო “დადარი” 2018 წელს შეიქმნა, რომლის მისია ბავშვებისთვის სამყაროს შეცნობის პროცესის გასამარტივებლად უსაფრთხო და შემეცნებითი სათამაშოების შექმნა იყო. იდეა წარმატებული აღმოჩნდა და ,,დადარის“ გუნდის მიერ დამზადებული სათამაშოებით უამრავი ბავშვი თამაშობს მსოფლიოს მასშტაბით.

საწარმო ასაქმებს როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ისე საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, ხელს უწყობს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართვასა და შრომითი ბაზრის კონკურენტუნარიან კადრებად ჩამოყალიბებას.