LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბედნიერი ვარ, რომ სწორედ სპილბერგი იღებს, რადგან დარწმუნებული ვარ აუცილებლად შთმბეჭდავ სანახაობას შექმნის“ – ,,დამიჭირე თუ შეგიძლია”

267
catch me if you can - 1

კრიმინალური ტრაგიკომედია “დამიჭირე თუ შეგიძლია” სტივენ სპილბერგმა ფრენკ აბიგნეილის ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვით გადაიღო და მაყურებელს ამერიკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა თაღლითის რეალური ამბავი მოუთხრო.

მართალია, ახალგაზრდა აბიგნეილი ხან ოლქის პროკურორის თანაშემწედ, ხან ექიმად, ხან ცნობილი ავიაკომპანიის პილოტად ასაღებდა თავს, მაგრამ სახელი მაინც საბანკო ჩეკების გაყალბებით გაითქვა, რამაც რამდენიმე მილიონი დოლარით გაამდიდრა.

საკუთარი არაორდინალური ისტორიის ეკრანიზაციაზე უფლება, ფრენკ აბიგნეილმა 1980 წელს გაყიდა, თუმცა 20 წელზე მეტი გავიდა, სანამ რომანით სპილბერგი დაინტერესდა.

ტიტულოვან რეჟისორს არც კრიმინალურ კინოში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, არც ტრაგიკომიკური ფილმების დადგმით იყო გატაცებული, თუმცა, ცნობილი თაღლითის ისტორიით მაინც დაინტერესდა და ენთუზიაზმით შეუდგა მუშაობას.

მართალია, ფილმში აღწერილი მოვლენები მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალური ფაქტებისგან, მაგრამ აბიგნეილი, რომელიც ნაკლებად ერეოდა სამუშაო პროცესში და მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდის გადაღება მოითხოვა თავიდან, ყოველთვის თვლიდა, რომ სპილბერგი ერთადერთი იყო, ვინც მის ცხოვრებას საუკეთესო კინორომანად აქცევდა, „ეს არა დოკუმენტური ფილმი, არამედ გამოგონილი ისტორიაა და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ სპილბერგი იღებს, რადგან დარწმუნებული ვარ აუცილებლად შთმბეჭდავ სანახაობას შექმნის“, – აღნიშნა აბიგნეილმა, რომელმაც პოლიციელის ეპიზოდური როლი შეასრულა ეკრანული “ალტერ ეგოს” დაპატიმრების სცენაში.

ფილმმა, რომლის გადაღება სულ რაღაც 52 დღე გაგრძელდა, თითქმის მთელი შეერთებული შტატები და კანადა მოიცვა. სხვათა შორის, აბიგნეილის დაპატიმრების სცენაც კვებეკის ძველ რაიონშია გადაღებული და არა საფრანგეთში.

მართალია, ეკრანულ ისტორიაში მრავალი რეალური ფაქტია შეგნებულად შეცვლილი, მაგრამ როგორც ჩანს, ფილმის შემქმნელებს რამდენიმე უზუსტობა გაეპარათ. მაგალითად, ერთ-ერთ სცენაში 1996 წელს გამოშვებული ფულის კუპიურები ჩანს, მაშინ როცა სიუჟეტის მიხედვით ფილმის მოქმედება 1967 წელს ვითარდება.

ფილმში გამოყენებული ავტომობილი – Aston Martin DB5, სინამდვილეში სტივენ სპილბერგის საკუთრებაა, რომელიც პირველად ცნობილი აგენტის ჯეიმს ბონდის კინოეპოპეას ერთ-ერთ ეპიზოდში ნახა და როგორც თავად აღნიშნა, სწორედ მაშინ შეუყვარდა, მისსის აბიგნეილის სახლი კი, ჰოლივუდის პოპულარული კინოდეკორაციაა, რომელიც პირველად კომედიაში „პატარძლის მამა“ პირველ გამოჩნდა.

„ოქროს გლობუსის“ და „ოსკარის“ ნომინაციებთან ერთად, სპილბერგის ტრაგიკომედიამ BAFTA-ს და კინომსახიობთა გილდიის პრემიაც მოიპოვა, რომელიც კრისტოფერ უოკენმა მიიღო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის. გარდა ამისა, შესანიშნავი მუსიკალური ნომრებით გაფორმებული ფილმი Grammy-ს პრეტენდენტიც გახდა საუკეთესო საუნდთრეკის ნომინაციაში.

ფილმმა რომლის ბიუჯეტმა 52 მლნ. დოლარი შეადგინა, მთელ მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა და დახარჯულ თანხასთან ერთად საკმაოდ სოლიდური მოგება – 352 114 312 დოლარიც ნახა.

მომენტები ფილმიდან