თსუ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი“. მათივე განმარტებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ და 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში, ერთ დაშავებულს კი ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება“.

თსუ-ის ინფორმაციით, გამოცდები ჩატარდება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების ყველაზე უფრო თანასწორი, სამართლიანი და ობიქტური ფორმა.

მათივე ცნობით, გამონაკლისი დაიშვება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

თსუ-ის სტუდენტებმა მორიგი აქცია გამართეს და რექტორის კაბინეტი დაიკავეს

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე მივიღეთ გადაწყვეტილება, მედიასა და საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი პოზიცია და უნივერსიტეტის მიერ სწავლის არადისტანციურ ფორმატში აღდგენის შემდეგ გადადგმული ნაბიჯები.

მოგეხსენებათ, რომ პანდემიის დროს სწავლა მიმდინარეობდა ონლაინ ფორმატში. დისტანციური სწავლება იყო გამოსავალი, რომელიც უნივერსიტეტმა აირჩია მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ არსებობდა. პანდემიის დასრულების შემდეგ კი, ბუნებრივია, უნივერსიტეტი დაუბრუნდა სწავლებისა და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს.

ინფორმაცია სასწავლო პროცესების ვადების შესახებ სტუდენტებს 18 თებერვალს მივაწოდეთ. სტუდენტების დიდი ნაწილი 7 მარტიდანვე ითხოვდა სააუდიტორიო სწავლებას. თუმცა, იმ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა და ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც თან ახლდა სტუდენტებისა თუ პროფესურის დაბრუნებას ორი წლის შემდეგ აუდიტორიებში, ყველა ფაკულტეტს 2 თვეზე მეტი დრო მიეცა სასწავლო პროცესისათვის მოსამზადებლად.

ჩვენ გავითვალისწინეთ ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში მცხოვრები, აგრეთვე, დასაქმებული სტუდენტების სასწავლო პროცესში სრულყოფილად მონაწილეობისთვის 11 მაისს თსუ რექტორის ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართა, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები კი ჩატარდება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების ყველაზე უფრო თანასწორი, სამართლიანი და ობიქტური ფორმა. გამონაკლისი დაიშვება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

აქვე ხაზგასასმელია კიდევ ერთი გარემოება. საგამოცდო პროცესში სტუდენტთა მხარდასაჭერად რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული:

გაიხსნა რეგიონული საგამოცდო ცენტრები ახალციხესა და ქუთაისში, სადაც მხოლოდ 160 სტუდენტი დარეგისტრირდა; საერთო საცხოვრებლები საგამოცდო პერიოდში გახდა უფასო;

თუ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რომელიმე სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოახერხებს საგამოცდო პროცესში ჩართვას, თითოეული ეს შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ.

ჩვენი მთავარი ამოცანაა ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფა. უნივერსიტეტი უნდა ფიქრობდეს განათლების ხარისხზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკურენტული და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რაც სტანდარტულ ვითარებაში სწორედ აუდიტორიული მეცადინეობის პირობებში მიიღწევა.

ამ ნაბიჯების მიუხედავად, სტუდენტთა მცირე ჯგუფი დღემდე აგრძელებს პროტესტს სხვადასხვა, მათ შორის გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარების მოთხოვნით. სტუდენტთა ამ მცირე ჯგუფთან კომუნიკაცია პირველივე დღეებიდან მიმდინარეობს. მათ 2 შეხვედრა ჰქონდათ რექტორთან, ხოლო 20-მდე შეხვედრა შედგა რექტორის მოადგილესთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მის მოადგილესთან, ფაკულტეტების დეკანებთან, ადმინისტრაციული დეპარტამენტების წარმომადგენლებთან.

სამწუხაროდ, პროტესტმა მიიღო ძალადობრივი ფორმა. დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში, ერთს ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას, დეკანს. აქ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები. თითოეულ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ჩატარდება მოკვლევა, თსუ სტუდენტების საკითხი გადაეცემა უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას, გარეშე პირების ქმედებებს კი მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ძალადობრივ ქმედებებს და მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები