LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ომსარაშვილი: “სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტროსა და სააგენტოს წარმომადგენლები არ უსმენდნენ ამ ადამიანებს…სოციალური აგენტების გარკვეული ნაწილი თავად გახდა სოციალურად დაუცველი”

214
hryewyhehre

ორშაბათიდან სოციალური მომსახურების 390 თანამშრომელი, სოციალური აგენტები გაიფიცებიან. შესაბამისი განაცხადი მათ დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეიტანეს.

სოციალური აგენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხელფასების გაზრდაა.

აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ სოლიდარობის ქსელის იურისტმა დავით ომსარაშვილმა ისაუბრა.

ორშაბათიდან სოციალური მომსახურების 390 თანამშრომელი გაიფიცება, ფაქტობრივად ეს იმას ნიშნავს, რომ ორშაბათიდან ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრები ბენეფიციარებს ისინი ვეღარ მოემსახურებიან.

რა გახდა იმის მიზეზი, რომ ასეთი რადიკალური გადაწვეტილება მიიღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა?

როგორც ვიცით, მანამდეც გქონდათ კომუნიკაცია სამინისტროსთან, როგორ მიმდინარეობდა პროცესი და რატომ მივიდნენ თანამშრომლები აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე?

„წლების განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები აპროტესტებდნენ იმ მძიმე სამუშაო პირობებს, სადაც უწევდათ მუშაობა. მათი უმთავრესი პრობლემა იყო ანაზღაურება, იქიდან გამომდინარე, რომ 10 წელზე მეტია მათი ხელფასი არ შეცვლილა.

ყველაფერი შეიცვალა ქვეყანაში, მაგრამ ამ ადამიანების ხელფასი არ შეცვლილა, რამაც გამოიწვია ის, რომ მათი ხელფასი ზოგიერთ შემთხვევაში უფრო დაბალია, ვიდრე ის დახმარება, რომელსაც სოციალურად დაუცველები იღებენ.

შესაბამისად, ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი თავად გახდა სოციალურად დაუცველი, ან რისკის ქვეშ მოექცა, რომ გახდეს სოციალურად დაუცველი.

სამწუხაროდ, სამინისტროსა და სააგენტოს წარმომადგენლები არ უსმენდნენ ამ ადამიანებს, არ აღიარებდნენ ამ პრობლემას, რამაც მოგვიყვანა აქამდე.

ჩვენ მივმართეთ, კოლექტიური დავის დაწყებით როგორც სამინისტროს, ასევე სააგენტოს, ჩატარდა მედიაციაც, კანონით გათვალისწინებული, 21-დღიანი, თუმცა, სამწუხაროდ, კვლავ ვერ მოხერხდა მოლაპარაკება.

ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ ადამიანების მუშაობა ამ პირობებში.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ორშაბათიდან სოციალური აგენტები გაიფიცებიან, რაიმე სახის კომუნიკაცია თუ გქონდათ ჯანდაცვის სამინისტროსთან?

როგორია თქვენი პროგნოზი, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს პროტესტი?

არანაირი ოფიციალური კომუნიკაცია არ ყოფილა, თუმცა ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ თითქოს, ისინი მანამდე აპირებდნენ ხელფასების მატებას.

ზოგადად, ყოველთვის ასე ხდებოდა, როცა ეს ადამიანები გამოთქვამდნენ პროტესტს, ყოველთვის იყო ზეპირი დაპირებები, რომ ხელფასები მოემატებოდათ.

გავიხსენებ 2020 წელს, როდესაც პირველად დავიწყეთ კოლექტიური მოლაპარაკებები და დავა სააგენტოსთან, მაშინ პირველად გაჟღერდა, რომ თითქოს აპირებდნენ ხელფასების მომატებას, მაგრამ სამწუხაროდ, მოატყუეს ეს ადამიანები, ამან გამოიწვია ის, რომ ნდომა დაიკარგა მხარეებს შორის, დამსაქმებლის მიმართ ნდობა დაკარგეს დასაქმებულებმა.

ბოლო პერიოდში, მინისტრის მოადგილე ქალბატონი თამარ ბარკალაია ჩაერთო პროცესში, თითქოს დადებითი ტენდენცია იყო მხარეებს შორის, რომ შევძელით დავმსხდარიყავთ მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ სამწუხაროდ, ისევ უშედეგოდ დასრულდა ეს მოლაპარაკება,“-განაცხადა დავით ომსარაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

როგორც მან აღნიშნა, ხელფასის გაზრდის გარდა, თანამშრომლებს არაერთი მოთხოვნა აქვთ, რომელიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას უკავშირდება.

სრულად დასაქმებულთა მოთხოვნები კი შემდეგია:

სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების ხელფასის ორივე ნაწილის (ფიქსირებული და გამომუშავებული ერთეულის) ზრდა 100 %-ით;

სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გაწეული გზის ხარჯის ანაზღაურება სოციალური აგენტებისათვის;

სპეციალისტების, უფროსი და მთავარი სპეციალისტების ხელფასების ზრდა 100% -ით. (რომელიც არ გაზრდილა 2007 წლის შემდეგ);

რეგიონში და რაიონულ განყოფილებებში დასაქმებული სპეციალისტების, უფროსი და მთავარი სპეციალისტების ხელფასის თბილისის სერვის ცენტრებში იგივე პოზიციაზე დასაქმებულთა ხელფასებთან გათანაბრება.

იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციის დასრულებას მოჰყვება მთავარი სპეციალისტის (იურისტი) შტატის შემცირება, აღნიშნული პირები, როგორც მთავარი სპეციალისტები, გადაყვანილი იქნენ შესაბამის პოზიციაზე იმავე ან სხვა განყოფილებაში.

სააგენტოს მიერ, სხვა დამატებითი სამუშაოს დაკისრების შემთხვევაში (სხვა სიპების დახმარების მიზნით) შემსრულებელ პირს დაერიცხოს დამატებით შრომის ანაზღაურება.

სააგენტოს ცენტრებს დაემატოს კადრები, რათა არ მოუწიოს დასაქმებულს სხვა დამატებითი პოზიციების ფუნქცია მოვალეობის შეთავსება.

გაფორმდეს პროფესიულ კავშირთან შრომის კოლექტიური ხელშეკრულება.

ჩაიდოს ხელშეკრულებაში ხელფასის ყოველწლიური კალკულაცია ინფლაციის დონის გათვალისწინებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g