ცესკო-ს ახალი თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის მაღალი კვორუმით არჩევას პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე კიდევ ერთხელ ეცდება.
ამჯერად მათ დეპუტატთა 90 ხმა დასჭირდებათ თანამდებობებზე დასამტკიცებლად.
ცნობილია, რომელ კანდიდატურებს აქვთ “ქართული ოცნების” უმრავლესობის მხარდაჭერა.
კენჭისყრისას ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე ყველაზე მეტი ხმა გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო, ხოლო ცესკო-ს პროფესიული წევრის ადგილზე უმრავლესობა გიორგი ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს უჭერს მხარს.
რაც შეეხება ოპოზიციას, ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს მათი მხარდაჭერა დღესაც არ ექნებათ.
თუ 26 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე ცესკო-ს ვაკანტურ თანამდებობაზე პირთა არჩევა კვლავ ვერ მოხდა, მომდევნო კვირაში კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.