საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა და თქვა, რომ მთავარი განსახილველი საკითხები შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, უსაფრთხოების, ეკონომიკური, ტურიზმის და ასევე დავით გარეჯის საკითხი იყო.
მისივე განმარტებით, საქართველოს და აზერბაიჯანს ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია აქვთ და მხარეები მოტივირებულები არიან, მეტი პროექტი განახორციელონ ერთობლივად.
„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან. განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მოგეხსენებათ ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობის ნაყოფიერი ისტორია, მოტივირებულები ვართ, რომ კიდევ ბევრი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად.
განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებიც. შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხიც. შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგრც ჩვენს ძმობას და ჩვენს მეგობრობას შეეფერება. კომისიები გააგრძელებენ მუშაობას და მოგვიანებით გახდება ცნობილი უფრო კონკრეტულად.
გვქონდა შეხვედრა პარლამენტის სპიკერთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთანაც, რომელთანაც განვიხილეთ, ეკონომიკური საკითხები, როგო უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ინვესტიციების მიმართულებით, მითუმეტეს პანდემიის შემდეგ. მითუმეტეს პანდემიამ ძალიან დააზარალა ეკონომიკები, მთელ მსოფლიოში ასე მოხდა.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ ტურიზმის საკითხთან დაკავშირებითაც. მილიონ 500 ათასი ადამიანი ჩამოვიდა 2019 წელს, ეს იყო რეკორდული მაჩვენებელი. ასეთი კარგი ტონალობით ვასრულებთ დღევანდელ ვიზიტს.
მე მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს და მის მთავრობას გულთბილი დახვედრისთვის, მე პრეზიდენტი მოვიწვიე საქართველოში და მისგან მივიღე დაპირება, რომ იგი გვესტუმრება თბილისში და გავაგრძელებთ აქტიურად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე თანამშრომლობას და კიდევ უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ ერთობლივად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით:
„აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობა ემყარება მეზობლობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას. ეს არის ძალიან კარგი საფუძველი ჩვენი ამჟამინდელი ურთიერთობების განვითარებისათვის, რაც აჩვენებს დიდ დინამიკას და მოიცავს ბევრ სფეროს”, – წერს ილჰამ ალიევი.