LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი სცენის“ ჟიურის ნიკოლოზ რაჭველი შეუერთდა

994
didiscenanewssjn

„დიდი სცენა“ მალე „რუსთავი 2“–ის ეთერში მეორე სეზონს დაიწყებს. არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის საზაფხულო ბადე ძალიან დატვირთული იქნება, მათ შორის, მუსიკალური მეგაპროექტითაც.

ჟიურის სულ სამი წევრი ეყოლება, წინა სეზონიდან – ნატო მეტონიძე და გიორგი ცაგარელი რჩებიან, და მათ შემოემატა ყველასთვის საყვარელი მაესტრო, ნიკოლოზ რაჭველი.

მუსიკოსებისთვის შოუში მონაწილეობა, ხანგრძლივი კარანტინის შემდეგ, როცა კონცერტების ბედი გაუკვეველია, ორმაგად სასიამოვნოა, რადგანაც ყოველკვირეულად საინტერესო მუსიკალურ პროცესში მოუწევთ მონაწილეობის მიღება, რაც ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანია.

ჟიურის წევრებს კასტინგის დაწყების წინ ექსკლუზიურად შევხვდით.

როგორ ხვდებით ახალ სეზონს?

გიორგი:

ნატოს ახალი ვარცხნილობით (იცინის).

ნატო:

ვხვდებით ჟიურის ახალი წევრით, ვეტერანით, რომელიც დაუბრუნდება ამ საქმეს, – ნიკოლოზ რაჭველი. მე და გიორგიმ ვთქვით, რომ ნიკა უდრის ჟიურის ათ წევრს. ყველაზე ძალიან გაგვიხარდა მისი მოსვლა.

გიორგი:

მე შევამჩნიე ნიკას ნოსტალგია, როცა „დიდ სცენაში“ მონაწილეობდა და თავადაც უნდოდა, შეეფასებინა კონკურსანტები. ძალიან გამიხარდა მეც, რადგან ნიკასთან ერთად ათასობით სხვადასხვა იდეას ვამუშავებთ და იქიდან ათ პროექტს მაინც ვაკეთებთ ხოლმე. ჟიურიში მასთან ერთად ყოფნა ძალიან კარგი იქნება.

ნიკა:

8 წლის წინ როდესაც ვთქვი, რომ ჟიურის წევრი არასდროს ვიქნებოდი, არ ვიცოდი, რომ არასდროს უნდა თქვა არასოდეს. პოსტპანდემიურ პერიოდში მივხვდი, რომ იქ, სადაც არიან ნატო და გიორგი, ძალიან გამიხარდებოდა ყოფნა. ვიქნებით ჩვენ სამნი, მეგობრები, რაღაცაში მსგავსები, რაღაცით განსხვავებულები. საინტერესო ტრიო გამოვა. მახსოვს, რომ პროდიუსერებს აქვთ სურვილი, ჟიურის წევრებს შორის იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. ნატომ და გიორგიმ ამ მიმართულებით კლასი გვაჩვენეს, ახლა კი შევეცდები, მათ გადავუჯოკრო, გრადუსს ავწევ.

ანუ იქნება ჩხუბი, კამათი?

გიორგი:

რეალურად, ჩვენ ძალიან ბევრს ვკამათობთ, მაგრამ არა მუსიკაზე. მე და ნიკა წლებია, ერთმანეთს ვუთანხმებთ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ. 95% ერთ აზრზე ვართ. ხასიათზე არ ვსაუბრობ, მუსიკისადმი მიდგომასა და გემოვნებას ვგულისხმობ. მე და ნატოსაც ძალიან ბევრი საერთო გვაქვს.

ნიკა:

ჩვენ სამს გვყავდა ერთი ადამიანი, რომელიც გვაერთიანებს მუსიკალურად და ეს არის გია ყანჩელი. მისი მუსიკის გარშემო ვიტრიალეთ და ჩვენთვის ბევრი რამ სწორედ გია ყანჩელს უკავშირდება.

გიორგი:

იქნება კამათი, თუმცა ხელოვნური დადგმების გარეშე. როცა მე და ნატო ვკამათობდით, ეს რეალური იყო.

ნატო:

კამათს ძირითადად სულ გიორგი იწყებდა. ხანდახან, როცა გადამეტებულად კრიტიკული იყო ვოკალისტების მიმართ, მე ვერთვებოდი მათ დასაცავად, რადგან ხანდახან ასეა – უნდა იცოდე, რას ნიშნავს იყო ვოკალისტი და რატომ შეიძლება დაგემართოს რაღაც სცენაზე. სხვა ამას ვერ მიხვდება. ყელი ხომ ჩვენი ინსტრუმენტია. ამიტომ ვიწყებდი ამის ახსნას, გიორგი არ მპატიობდა, მისი აზრით, კონკურსანტებს თავზე ხელს ვუსვამდი.

ნიკა, რადგან დაუბრუნდი ჟიურის წევრობას, რაიმე არის, რაც არ მოგწონს?

ჩემთვის ცოტა უხერხულია კონკურსანტისთვის ქულების დაწერა. ჩვენს დროს ეს არ იყო, მხოლოდ კომენტარებით შემოვიფარგლებოდით, მაყურებელი წყვეტდა კონკურსანტის ბედს, თუმცა ერთის გადარჩენის უფლება გვქონდა და მაშინ წამოვედი ამ ტიპის პროექტიდან, როდესაც ეს უფლება ჩამოგვართვეს. აღარ მქონდა ნიჭიერი ადამიანის გადარჩენის არანაირი ბერკეტი.

ნატო:

თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არაერთხელ ყოფილა ამის გამო არაობიექტური, რადგან მხოლოდ მაყურებლის ზარებზე ვიყავით დამოკიდებულები. ამიტომაც დაგამშვიდებ და გეტყვი, რომ როდესაც ჩვენ ქულებს ვწერთ, ამით ბევრ რამეს ვაბალანსებთ.

გიორგი:

ყველას უნდოდა, ფინალში ომა ფავორი ყოფილიყო. ის ერთი თავით მაღლა იდგა ხოლმე. ერთ–ერთ ტურში, როდესაც საშუალოდ გამოვიდა, დავუწერე რვიანი, რასაც იმსახურებდა, მაგრამ აუთსაიდერებში სწორედ ჩემი დაწერილი ქულის გამო მოხვდა. ძალიან დამწყდა გული. ქულების დაწერა რეალურად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. სპონტანურად ვერ დაწერ ქულას. ყველაფერი უნდა გქონდეს გათვლილი, ვის რას დაუწერ.

საქართველოში წლებია, ტარდება მუსიკალური კონკურსები. თითქოს ყველა გამოვიდა, ვისაც გამოსვლა უნდოდა. დარჩა ვინმე? როგორმა კონკურსანტმა შეიძლება, ასეთ გამოცდილ ადამიანებს გაფიქრებინოთ, რომ განსაკუთრებული მუსიკოსი იპოვეთ?

ნიკა:

სხვათა შორის, დასაწყისში ზოგჯერ არ ჩანს ეს განსაკუთრებულობა. პროექტში შეძენილი გამოცდილების შემდეგ ვლინდება და კარგი მომღერალი ჩნდება შენ წინაშე, ზოგჯერ პირდაპირ ჩანს, რომ უნიჭიერეს პერსონასთან გაქვს საქმე, რომელსაც შესაძლოა, რაღაც ჰქონდეს დასახვეწი, მაგრამ ჩანდეს ძლიერი მარცვალი.

ნატო:

ყოფილა შემთხვევა, ძალიან მოგწონებია ვიღაც, მაგრამ ის დაუფარავს პროცესში სხვას, ვინც ნაკლებად ნიჭიერი გეგონა. ამიტომაცაა საინტერესო კონკურსი, ბევრ რამეს აჩენს.

გიორგი:

თაობებიც იცვლება, ახალი მომღერლები მოდიან. მაგალითად, წინა სეზონზე იყო ბიჭი, რომელსაც გარდატეხის ასაკი ჰქონდა. ის შეიძლება, შემდეგ წელს დაგიბრუნდეს და მოხვდეს კონკურსანტებს შორის. ზოგადად, ასეთი ტიპის კონკურსი კეთდება ადამიანებისთვის, ვისაც სურს ამ სფეროში მოხვედრა და ეს თავისებური გამოცდაა მათთვის, დაინახონ, არის თუ არა მათი საქმე სიმღერა და მუსიკა. არიან კონკურსანტები, რომლებიც პროგრესირებენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება, უფრო მნიშვნელოვანიც, ვიდრე კონკურსანტი, რომელიც სტაბილურად მღეროდა ყველა ტურზე. შესაძლოა, ასეთმა მომღერალმა ბევრად მეტს მიაღწიოს, ვიდრე გამარჯვებულმა. გამარჯვება არ არის ამ კონკურსის მთავარი პრინციპი. მთავარია, ჩვენი კომენტარებითა და რჩევებით გზაზე დავაყენოთ, შემდეგ კონკურსანტის გადასაწყვეტია, როგორ განავითარებს თავის კარიერას.

ნიკა:

საქართველოში ამ პროფესიის შენარჩუნება და თავის გატანა ურთულესია. თუ თავი მუსიკას არ მიუძღვენი, წარმატება გამორიცხულია. ვისაც რჩება საშუალება, რომ შემოსავალი ჰქონდეს მუსიკით და ამით იცხოვროს, ერთეულია ჩვენს ქვეყანაში. ეს პროექტები ემსახურება იმას, რომ მაყურებლებმა, პოტენციურმა დამკვეთებმა, ბენდებმა დაინახონ და შეამჩნიონ ახალი ვოკალისტები.

გიორგი:

კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ ნიჭიერმა მომღერალმა შეძლოს და მიიქციოს სპონსორების ყურადღება, რომ საზღვარგარეთ ბერკლიში ან ჯულიარდში შეძლოს სწავლის გაგრძელება.

მეორე ისაა, რომ „დიდი სცენის“ გასულ სეზონზე ჩემთვის აღმოჩენა იყო ომა ფავორი, რომელთანაც თანამშრომლობას აუცილებლად ვაპირებ. ერთი ასეთი კონკურსანტიც თუ გამოჩნდა თითო სეზონზე, ძალიან კარგია.

ნიკა:

გვიხარია, რომ მე, ნატოს და გიორგის შეგვიძლია, რეკომენდაცია გავუწიოთ ახალგაზრდებს მათ წინაშე, ვინც ჩვენს აზრს იზიარებს და ენდობა.

პანდემია ვახსენეთ და როგორ გადაიტანა კარანტინი თითოეულმა თქვენგანმა?

ნატო:

მე ვარ სახლის ადამიანი, ქუჩა არ მეძახდა და ფიზიკურად არ გამჭირვებია. რაც შეეხება სცენას, ჩემი ტვინი აქამდე ვეღარ მივიდა, რადგან ადამიანების სიცოცხლის საკითხი იდგა და იმ წუთას რაღაც სხვა აქტუალური აღარ იყო. მახსოვს, ნიკამ შემაფხიზლა და გამახსენა, რომ სცენა არსებობს. მითხრა, აშშ–ში ახალ წლამდე ყველა ღონისძიება აიკრძალაო. მაშინ გავაცნობიერე ჩემი როლი პანდემიის შემდგომ ცხოვრებაში. მერე დავიწყე ამაზე ფიქრი. რა იქნება ხვალ  და ჩემი პროფესიით რას გავაკეთებ.

და რა მოიფიქრეთ?

გადავწყვიტე, რომ ვისწავლო ექთნობა. ევროპულ ქვეყნებში ხომ ამბობდნენ, სამედიცინო პერსონალი არ გვყოფნისო. ვიფიქრე, ჩვენთან ეს დრო თუ დადგება, ექთნობას ვისწავლი–მეთქი. ამაზე ღამე დავფიქრდი და დილას ჩემს მეუღლეს გავუზიარე, მან კი დამცინა, შენ მორიგეობებს გაქაჩავო? შევეცოდე ამ დატვირთვისთვის, მაგრამ ამ თემაზე ნამდვილად დავფიქრდი.

გიორგი:

მგონი, ყველა კონტინენტზე ყველა ხელოვანი ერთნაირ განწყობაზეა. ჩემს მეგობრებს ვესაუბრები ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში და ამიტომ ვამბობ. არავინ იცის, როდის რა იქნება. არავის აქვს სტიმული, რომ ამდენი თავისუფალი დრო შემოქმედებითად დატვირთოს და რაღაც ახალი დაწეროს. სხვა დროს თავისუფალ დროსა და განმარტოებაზე ოცნებობენ, მაგრამ ახლა არავის არაფერი შეუქმნია.

სხვა პროფესიაზე გიფიქრია?

ფიზიკურად ვიშრომებდი, ალბათ. ან გადავსახლდებოდი სადმე ქალაქგარეთ და მიწაზე ვიმუშავებდი, რაც ისედაც არის ჩემი ერთ–ერთი ოცნება.

ნატო:

გიორგიმ, მაგალითად, შემომთავაზა, რომ საცხობი გამეხსნა, რადგან სერიოზულად შევუდექი პურის ცხობას. მოდიოდა და მასაც ვუნაწილებდი ამ პატარა პურიკებს.

ნიკა:

თვითიზოლაციის დროს შემოქმედებითად არ ვიყავი დატვირთული. ძალიან განვიცდი სოციალურად დაუცველი ადამიანების მდგომარეობას. ორკესტრი სახელმწიფო დოტაციაზე ვართ და ეს პერიოდი თავი გავიტანეთ იმით, რომ კულტურის სამინისტრო ხელფასებს გვიხდიდა. სულ ვფიქრობდი, რამდენი არაჩვეულებრივი ხელოვანია, რომელსაც არ აქვს შემოსავალი და მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდნენ. არ მგონია, რომ ეს ხელოვნური თავმდაბლობა იყო და გადავწყვიტე, არ მეცხოვრა ისე, როგორც ეს ახასიათებთ შემოსავლიან ადამიანებს, მაგალითად, არ ვსარგებლობდი საჭმლის გამოძახების სერვისით. ჩვეულებრივად მივდიოდი მაღაზიაში, ვყიდულობდი პროდუქტებს, ინტერნეტში ვეცნობოდი კერძის მომზადების რეცეპტებს, ჩემზე იყო მხოლოდ მარილი გემოვნებით და ზოგი რამ გამომდიოდა, ზოგი – არა. მაგალითად, ბლინები არ გამომივიდა, მაგრამ ნატო შემპირდა, რომ გამომიცხობს. მზარეულად არ გამოვდგები, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს და თუკი მუსიკა არ იქნება ჩემი შემოსავლის წყარო, მგონია შევძლებ მიმტანობას, ბარში ყოფნას, ტექნიკურ სამუშაოებს, ძალიან კარგად გამომდის სახლის დალაგება და ამასაც.

ნატო:

ყველაზე მეტად მაიმედებდა ის, რომ მოქალაქეობრივი და ადამიანური პასუხისმგებლობის ძალიან დიდი მაგალითები დავინახეთ. ჩვენ გვაქვს მომავალი თაობის იმედი და დარწმუნებული ვართ, რომ არა მარტო მუსიკოსები, რომლებიც ან „დიდ სცენაში“ ან სხვა პროექტში მოვლენ, არამედ ზოგადად ახალი თაობა ჩვენზე ბევრად უკეთესი იქნება. ყველა ჯგუფის საქმიანობით ვინტერესდებოდი, რაც ამ პერიოდში გააკეთეს. პატარა გოგონებმა იმდენ მოხუცებულს გაუმართეს ხელი. არ მგონია, რომ ეს რომელიმე სხვა ქვეყანაში ხდებოდა.

„დიდი სცენის“ ამ პერიოდში დაწყება თქვენთვის, როგორც ვხვდები, ძალიან დიდი სტიმულია და მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება ამ დიდი პაუზის შემდეგ.

გიორგი:

რა თქმა უნდა. ზოგადად, ამა თუ იმ არხზე სხვადასხვა შოუ რომ გამოჩნდა, უკვე იყო სტიმულის მომცემი, რომ ნელ–ნელა ეს სფეროც ამოძრავდა. მე და ნიკა მაჩაიძეს რომ დაგვირეკეს და სასტუმროს გახსნაზე გვთხოვეს დაკვრა, ესეც ძალიან გაგვიხარდა. ნიკას აზრს გავაგრძელებ, რომ ძალიან ვნერვიულობ მუსიკოსებზე, რომელთაც ბევრი შეკვეთა ჰქონდათ და ახლა საერთოდ აღარ აქვთ შემოსავალი, ეს ძალიან მძიმეა. ხშირია ონლაინკონცერტები, მაგრამ ისეთი აქტუალური არ არის. ხალხს, როგორც ჩანს, აქამდე არ ჰქონდა საკონცერტო განწყობა. შესაძლოა, იმასთან შეგუებამაც მოგვიწიოს, რომ მაყურებელი რომელიმე აპლიკაციის საშუალებით შემოგვიერთდება და ასე მოგვისმენს… რა თქმა უნდა, ყველას ერთი სული აქვს, როდის გამოვა აუდიტორიის წინაშე. დიდი ფასი აქვს ადამიანებთან ხელით შეხებას და ტეტ–ა–ტეტ ურთიერთობას. ეს ახლა დავაფასეთ…

„დიდი სვენაც“ ერგება ამ ახალ რეალობას, რომელიც დადგა.

ნატო:

არტისტისტისთვის, ალბათ, არ იქნება ადვილი „დიდ სცენაში“ გამოსვლა, რადგან ჩვენ მათ პავილიონში მოვუსმენთ, გულშემატკივარი კი ეზოში იქნება და მათი აპლოდისმენტები ჩვენამდეც მოაღწევს. სულ კავშირი არ გაწყდება, მაგრამ როცა ახალბედა ხარ და დარბაზში ერთი გულშემატკივარი მაინც გეგულება, ეს მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, ეს მათთვის ახალი ცხოვრების დიდი გამოწვევა შეიძლება გახდეს. ჩვენი კომენტარები ხშირად არ მოსწონდათ კონკურსანტის გულშემატკივრებს და შესაბამის რეაქციასაც იწვევდა დარბაზში, მაგრამ ესეც დაგვაკლდება.

ნიკა:

მე არ ველოდი, რომ საზაფხულო პერიოდში ტელეკომპანია მეგაპროექტს წამოიწყებდა. დასვენების რეჟიმზე გადასვლის ნაცვლად ისეთ პროექტს იწყებენ, რაც ტრადიციულად შუა სეზონზე გადის ხოლმე. ვფიქრობ, ექსკლუზიური ყურადღება იქნება ჩვენს პროექტზე, რადგან სხვაგან მსგავსი არაფერია. რეიტინგულიც იქნება. თავის როლს ითამაშებს, სატელევიზიო ნაწილიც, ჟიურის ფაქტორიც და ის მუსიკოსებიც, რომლებიც სცენაზე იდგებიან. განგებას უნდა ვთხოვოთ, გაგვიმართლოს კონკურსანტებში. იმედი მაქვს, რადგან ყოველთვის არის ერთი–ორი ძალიან კარგი მონაცემის ახალგაზრდა, გამოკვეთილად ნიჭიერი, რომელსაც ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანი შეიყვარებს. იმედი მაქვს, პროექტი წარმატებულად შედგება, რადგან ძალიან სასიამოვნო სამუშაო გარემოა შექმნილი.

ჩვენთვის პირველადი მაინც ჩვენი საშემსრულებლო ცხოვრებაა, მაგრამ დღეს ისეთნაირად მოეწყო ჩვენი ცხოვრება, რომ სხვა არაფერს ვაკეთებთ და პროექტი იქნება ჩვენთვის პირველადი, ამიტომაც მაქსიმალურად ჩავერთვებით. ძალიან საინტერესოა, ჯერ კიდევ დაუსრულებელი კარანტინის პერიოდში, როგორი იქნება ჩვენი მონაწილეობა ახალ პროექტში.

ფოტო: ნათათო ასანიძე

პოპულალურები