ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „კურიერს“ დაუდასტურა, რომ იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი.
გიორგი გახარია ვაშინგტონში სააკაშვილს შეხვდა? – სად დააფიქსირეს ყოფილი პირველი პირები
„დიდხანს გვეძებდით? იმ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე, იქ შევიკრიბეთ, ჩვენ სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვფრინდით. მეორე დღეს უკვე ვიყავით სხვა სასტუმროში, ჩვენ გადაკვეთა არანაირი არ გვქონია … საერთოდ ეს არასერიოზულია.
ჩვენი წასვლა თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი, ლოჯისტიკურად სხვა სასტუმროში, მისვლა-მოსვლისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი, იქ უბრალოდ ჩვენ შევიკრიბეთ. ერთი რამე გაითვალისწინეთ, ამის უკან საერთოდ არაფერი არაა და შეხვედრაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, არ არის ეს სწორი. არაფერი დასამალი არ მაქვს, არაფერი საერთო “ნაციონალურ მოძრაობასთან” არ მაქვს და უფრო მეტსაც გეტყვით “ქართულ ოცნებას” წლების განმავლობაში ისეთი ჟინით რომ ებრძოლა “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ, როგორც დღეს ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის, დღეს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე დეტალურ საუბარს გიორგი გახარია თბილისში დაბრუნების შემდეგ აპირებს.
გიორგი გახარია აშშ-ში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება და საქართველოში ის კვირის ბოლოსთვის დაბრუნდება.
შეგახსენებთ, გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა, 29 მაისს კი პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დააფუძნა.