ქართველი პატარების საყვარელი მეგობარი ჟირაფი ჟოზე, რომელიც 9 წლის წინ დაიბადა, ახლა უკვე საზღვრებს მიღმა, ამერიკელ ბავშვებთან შესახვედრად ემზადება.
რამდენიმე საათში, ჟოზეს პირველი ინგლისურენოვანი სერიის პრემიერა Youtube-ზე შედგება.
პერსონაჟი, რომელიც პატარებთან ერთად, ზრდასრული ასაკის მაყურებელმაც ძალიან შეიყვარა, ოკეანეების მიღმაც უცვლელი სახელით, ჩაცმულობით, ხასიათით დარჩება და ახლა უკვე ინგლისურად ამეტყველებული, ამერიკელ ბავშვებს დაუმეგობრდება.
როგორ დაიბადა „ჟირაფი ჟოზე“ და როგორ გაიცნეს ოკეანეების მიღმა – „ფორტუნას“ პერსონაჟ „ჟოზეს“ შემქმნელი, გიორგი მარშანია ესაუბრა.
როგორც გიორგი გვიყვება, ჟოზე 2013-2014 წლებში შეიქმნა. ავტორს კონკრეტული ინსპირაციის წყარო არ ჰქონია. მულტფილმების სიყვარულმა მეგობარ მხატვარ-კატრიკატურისტ კემოსთან ერთად საცდელი ანიმაციების შექმნა გადააწყვეტინა, მათ შორის ერთ-ერთი საბავშვო-საგანმანათლებლო იყო.
„ამ პერიოდში ბავშვთა გასართობ ცენტრში ვმუშაობდი, ვხედავდი, რომ ქართველი ბავშვების უმეტესობამ დათვლა ინგლისურად იცოდა. ამ ფაქტმა მიმახვედრა, რომ არ არსებობდა ქართული მულტფილმი, რომელიც ბავშვებს ასწავლიდა ქართულად თვლას, ანბანს, ფერებს.. ამ პრობლების დანახვის შემდეგ, ვიფიქრე, რომ ბავშვებისთვის ეს შესაძლებლობა შემექნა.
გვინდოდა, განსხვავებული პერსონაჟი გვყოლოდა. ჩვენთვის ჟირაფი ეგზოტიკურია და ბავშვსაც განსხვავებული აინტერესებს“, – ამბობს გიორგი მარშანია და გვიყვება, როგორ გამოჩნდა თავდაპირველად ჟოზე ამერიკულ ეკრანებზე.
„აშშ-ში, ერთ-ერთ ქართულ ამერიკულ ოჯახში ჟოზეს უყურებდა ბავშვი, რომელსაც ის ძალიან უყვარდა. მულტფილმი ნახა ბავშვის მამამ, ახლა უკვე ჩვენმა პარტნიორმა და როდესაც დააფიქსირა, როგორ უყურებდა თავისი შვილი ქართულ ენაზე, იფიქრა, რატომ არ შეიძლება ეს მოეწონოთ იმ ბავშვებსაც, რომლებმაც ქართული არ იციან. ამის შემდეგ გამოვიდნენ კონტაქტზე, 18 თვის წინ.
შეთანხმებებით, სამუშაო და შემოქმედებითი პროცესებით კი მივედით იქამდე, რომ სულ რამდენიმე საათში ჟოზეს ამერიკული პრემიერაა“, – ამბობს გიორგი მარშანია და პრემიერამდე საკუთარ ემოციებსაც გვიზიარებს:
„ძალიან ვღელავ, იმიტომ, რომ ჯერ არ ვიცი, რას იზამს ჟოზე იქ და რამდენად წარმატებული იქნება.
ძალიან მახარებს, ის ფაქტი, რომ ბავშვების სიყვარულმა ჩვენი ქვეყნიდან და ოკეანის გაღმა გააღწია. სულ თავიდან, ალბათ, ეს ვერც წარმომედგინა. შემდეგ, როდესაც ჟოზე საქმიანი გახდა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ბაზარზე გასვლას ვფიქრობდით.
ცოტა დაბნეული ვარ. არ ვიცი, რა ემოცია უნდა მქონდეს, ინგლისურ ენაზე რომ არის, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ჟოზე მსოფლიოს ნებისმიერ ოჯახში შევიდეს.
ეს პერსონაჟი სოფელ გლდანში დავხატეთ, ოფისი, ორი პატარა ოთახით მუხიანში გვაქვს ნაქირავები. არ ვიცი, რა ჰქვია ამ შეგრძნებას, როდესაც იაზრებ, რომ უცებ, შენი ნაშრომი შესაძლოა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაიგონ“, – ამბობს გიორგი მარშანია.
გიორგი ასევე აღნიშნავს, რომ „ჟირაფი ჟოზეს“ ამერიკულ ვერსიაში განსაკუთრებულად არაფერი შეიცვლება, რადგან ჟოზე ქართული კულტურის ნაწილია და ამერიკული აუდიტორიისთვისაც სწორედ ეს არის საინტერესო:
„უცვლელი დარჩება ჟოზეს და ჟოზეფინას სახელები, შესაძლოა მხოლოდ სხვა პერსონაჟების სახელები შეიცვალოს, კერძოდ, ერთ-ერთი პერსონაჟის სახელი, რომელიც ამერიკულ სლენგზე განსხვავებულ ასოციაციას იწვევს, მაგრამ ჟოზეს კვლავ ჩოხა ეცმევა და ჩიჩილაკი ისევ იქნება – სწორედ ეს არის ის, რაც ამერიკელ პარტნიორებს მოეწონათ. ჟოზე, რა თქმა უნდა, ქართული კულტურის ნაწილია, რადგან ქართველებმა საქართველოში შევქმენით, ამ მხრივ არაფერი შეიცვლება.
ჟოზე არ არის ამერიკული კულტურის ნაწილი, ამიტომ, ვფიქრობ, მათთვის უფრო საინტერესო იქნება ახალი კულტურის გაცნობა. სწორედ ეს არის მთავარი ხიბლი – შენი კულტურა გააცნო“.
გიორგი მარშანია ჟოზეს მიმართ პატარა მაყურებლების დამოკიდებულებასა და სიყვარულზეც გვიყვება და ამბობს, რომ შემოქმედი ადამიანისთვის ესაა ყველაზე დიდი ბედნიერება:
„ბავშვებისგან მომისმენია ძალიან ბევრი ისეთი შეფასება, რაც გულს გაგითბობს. „ჟოზეს“ ფეისბუკგვერდზე, 4, 5, 6 წლის ბავშვები გვწერენ ხოლმე და ეს არის საოცრება. მგონია, რომ თოვლის ბაბუა ვარ და ბავშვების სურვილებს ვკითხულობ.
„ჟოზე“ ხომ მათთვის რეალურია, ეუბნებიან, რომ ძალიან უყვართ, უყურებენ, უნდათ ახალი ვიდეოები, მასთან პირდაპირ კომუნიკაციაში შედიან.
მშობლებისგანაც მომისმენია, რომ პირველი და მეორე თუ არა, მესამე, მეოთხე სიტყვა „ჟოზეა“, ამაზე მეტი ბედნიერება შემოქმედი ადამიანისთვის რა შეიძლება იყოს?! ვიცი, რომ მშობლებსაც უყვართ. მინახავს, ნასვამი მამები სუფრაზე ბავშვების გარეშე რომ მღერიან ჟოზეს სიმღერებს.. ერთ-ერთ ტელევიზიაში შემარქვეს და ახლა ბევრი ასე მიცნობს, როგორც „ჟოზეს მამა“, – აღნიშნა გიორგი მარშანიამ „ფორტუნასთან“.