LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

DRI პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების სამუშაო გამოცდილების გადამოწმებას აპირებს

66
dri-1024x734

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აგრძელებს პროექტს „უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტის შესწავლა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავლენებისგან თავისუფალი საჯარო და კერძო დაწესებულებების არსებობის ხელშეწყობაა.

როგორც “ფორტუნას” DRI-დან აცნობეს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ყურადღების ცენტრში მოექცა 12 სექტემბერს გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატები წარსულში სამართალდამცავ სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ ან/და სხვადასხვა დროიდან (ძირითადად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს) საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ (ე.წ კონფიდენტები) სხვადასხვა ძალოვან უწყებებთან.  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთ მათგანს დავალებული ჰქონდა კონკრეტული პირების ფარული თვალთვალი და მიყურადება.

“თემის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, DRI-ის გავრცელებული ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებთან გადამოწმება აუცილებლად მიაჩნია. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, თანამდებობის პირი ვალდებულია, თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში, საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რომლის საჯაროობასაც უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის ბიურო.

აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე არ არის გამოქვეყნებული იმ პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები, რომლებიც 12 სექტემბერს გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ძალოვან უწყებებში ისეთ თანამდებობებს იკავებდნენ, რომლებიც, კანონის მიხედვით, წარმოადგენს დეკლარაციის წარდგენისა და, შესაბამისად, მის საჯაროდ გამოქვეყნების საფუძველს. სწორედ ამიტომ, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განცხადებით მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს და აღნიშნულ პირთა (სულ ოთხი პირი) ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს ითხოვს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საჯარო სამსახურის ბიუროდან მხოლოდ იმ პირთა შესახებ ითხოვს ინფორმაციას, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით, ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ჰქონდათ.

საქართველოს კანონმდებლობა პასიურ საარჩევნო უფლებას არ ართმევს იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ ძალოვან უწყებებში მუშაობის გამოცდილება, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პირები დასახელებულები არიან მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებად, ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად, აუცილებელია, ამომრჩეველს ჰქონდეს მათი სამუშაო გამოცდილების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია”,- ნათქვამია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში.