LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მალე – საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ისევ აქტიურად იფრენენ

87
Wizz-Air-vs-Ryanair-na-Ukrainie

ნოემბრიდან საქართველოში უკვე დაბალბიუჯეტიანი კომპანიებიც იფრენენ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს. ნათია თურნავას თქმით, ოქტომბრის ბოლომდე რეგულარული ფრენების სიხშირე გაიზრდება, ხოლო ნოემბრიდან დაემატება ახალი მიმართულებები, როგორც თბილისის, ისე ქუთაისის აეროპორტიდან.

„ფრენებთან მიმართებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც აბსოლუტურად სინერგიაშია ადაპტაციის პოლიტიკასთან, რომ ოქტომბრის ბოლომდე გავზარდოთ, არსებული რეგულარული ფრენების სიხშირე ევროპის მიმართულებით. ეს ძალიან დაგვეხმარება მათ შორის ორგანიზებულად საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის უზრუნველყოფაში ჩვენი არჩევნებისთვის. ნოემბრიდან ფრენების რაოდენობის და მიმართულებების ეტაპობრივი გახსნა მოხდება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

დღეს კონკრეტულ მიმართულებებს არ დავასახელებ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ პროექტი მთავრობის გადაწყვეტილების უკვე მომზადებული გვაქვს, მაგრამ მთავრობის პრეროგატივაა, უნდა იმსჯელოს და უახლოეს დღეებში აისახება ეს საჯარო გადაწყვეტილებაში, თუ რა მიმართულებები გაიხსნება სხვადასხვა ავიაკომპანიებისთვის. ეს იქნება ევროპული მიმართულებები, ასევე გეტყვით, რომ ეს იქნება ფრენები როგორც თბილისის ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დაბალბიუჯეტიანი კომპანიებიც იფრენენ უფრო აქტიურად,“- განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის საქართველოს ცა 1-ელ ნოემბრამდე ჩაკეტილია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შესაბამისი ნოტამის მიხედვით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20). შეზღუდვა არ ვრცელდება სამ მიმართულებაზე: მიუნხენი, პარიზი, რიგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები