„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევას მხარი დაუჭირა – ენმ-ის სიით გასული დეპუტატი ნიკა მაჭუტაძეა.
ანა წითლიძემ ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა და თქვა, რომ მაჭუტაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა დაადასტურა:
„ეს ძალიან სამარცხვინოა. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და ამ ადამიანებმა უნდა ახსნან, რას დაუჭირეს მხარი.
ვინც უნდა ყოფილიყო ამ ხუთ ადამიანში ოპოზიციის მხრიდან, მე მომხრე ვარ, რომ ამ ადამიანების სახელი და გვარი გასაჯაროვდეს.
რატომ მიიღეს იმაში მონაწილეობა, რომ „კლანის“ წევრებს დაუჭირეს მხარი? ნიკა მაჭუტაძემ ჩემთანაც დაადასტურა. მისი არგუმენტი – რომ ეს 12- პუნქტიან გეგმაში შემავალი რეკომენდაცია ყოფილა, ჩემთვის მიუღებელია, ეს არასწორია. ჯერჯერობით, ვარკვევთ, ვინ არიან ეს ადამიანები.
ინფორმაციის მოძიება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ბაჩუკი ქარდავა და ნატო ჩხეიძე დღეს სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა, სწორი არ იქნება, მათზე დაუზუსტებლად ვთქვა რამე“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი. კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93.
კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, პოზიცია შეთანხმებული იყო, რომ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი „გაიყიდა“.
„ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა“ – ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე