LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძნელად აღსაზრდელი ბავშვები“ და ხალხის სამსახურში ჩამდგარი ოპოზიცია – ვის გვერდით დასხდნენ პარლამენტში ბოიკოტის შემდეგ შესული დეპუტატები

127
55

27 აპრილი, 2021 წელი – ისტორიული აღმოჩნდა საქართველოსთვის. დამთავრდა ოპოზიციის ექვსთვიანი ბოიკოტი. პარლამენტში მუშაობაზე დათანხმდნენ:

„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „რესპუბლიკური პარტია“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, ,,გირჩი”, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს და პარლამენტში შევიდნენ –  სალომე სამადაშვილი და  შალვა შავგულიძე.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს, მაგრამ დღეს პარლამენტში არ მივიდა გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე.

დავით ბაქრაძემ პარლამენტში არმისვლის მიზეზი განმარტა და  აღნიშნა, რომ „პარლამენტში სრულფასოვანი ჩართვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ კონკრეტული შედეგების დადგომის, კერძოდ, გიორგი რურუას გათავისუფლების და ნიკა მელიასთან მიმართებაში შეთანხმებული, საზოგადოების და ოპოზიციის მოლოდინების ამსახველი ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ“.

გრიგოლ ვაშაძეს კი პარლამენტში არმისვლის მიზეზი ამ დრომდე არ განუმარტავს.

 

 

ბოიკოტს კვლავ აგრძელებს, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“.

ამ ისტორიულ დღემდე ბევრი შრომა და ენერგია ჩადეს ევროპელმა მეგობრებმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ორჯერ იმყოფებოდა საქართველოში. მანვე ქართველი პოლიტიკოსების შესარიგებლად გამოგზავნა კრისტიან დანიელსონი, რომელმაც პოზიციასთან და ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში უამრავი საათი გაატარა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში სამჯერ იმყოფებოდა. პანდემიის პირობებში ჩვენი ევროპელი მეგობრების ასეთი ჩართულობა ნამდვილად დასაფასებელია.

მედიაციის ორი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. მესამე მცდელობამ გაამართლა.

19 აპრილს, როდესაც მიშელის დოკუმენტს ხელი ოპოზიციის ნაწილმა მოაწერა, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ფიზიკურად გამოიფიტა, თუმცა იქვე დასძინა, რომ დოკუმენტი საქართველოსთვის ევროპისკენ მიმავალი ახალი გზა არის.

 

მოდით, მივყვეთ საკანონმდებლო ორგანოს ისტორიული დღის პროცესებს თანმიმდევრულად.

 

სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, მანამდე კი პარლამენტთან შეთანხმების დეტალებით უკმაყოფილო მოქალაქეები მივიდნენ და ოპოზიციის წარმომადგენლებს საკანონდებლო ორგანოში შესვლა აქციის და შეძახილების ფონზე მოუწიათ.

“ძარღვი დაგრჩათ? „რატომ მიგვატოვეთ?“ „უნამუსო“, „მონა“ – დღეს ეს შეძახილები ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით ისმოდა.

 

 

თავის მხრივ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დარბაზში შესვლამდე განცხადეს, რომ მედიატორის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის მოაწერეს.

აქციის მონაწილეების განსაკუთრებული პროტესტი ვახტან მეგრელიშვილის გამოჩენას მოჰყა. ისინი მეგრელიშვილს პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

„რა უფლებით მოხვედით? ვინც შედიხართ იქ, აყალბებთ 20 ივნისის მდგომარეობას, ყველა არაკაცები ხართ“, – აღნიშნა ერთ-ერთმა მომიტინგემ, რომელმაც ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტში შესვლისას შეაფერხა.

მეგრელიშვილმა ეს საქციელი საბოტაჟად შეაფასა.

ზოგადად „გირჩის“ პარლამენტში შესვლას სოციალურ ქსელში ბევრი ხუმრობა მოჰყვა, მაგრამ ფაქტია, მათ 3 მანდატი მოიპოვეს და ახლა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩაერთვებიან.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, „გირჩელები“ ერთი სართულით ზემოდან ადევნებდნენ თვალს.

 

 

„გირჩი“ პარლამენტში როგორაა იცით?
ის ძველი ანეკდოტი ხომ გახსოვთ, სკოლაში რომ კომისია მივა და ნახავენ, ერთ კლასს აწერია „კარგი ბავშვები“, მეორე კლასს აწერია „ძნელად აღსაზრდელი ბავშვები“, მესამე კლასს აწერია “სულ მთლად გადარეული ბავშვები“ და ბოლოს ხედავენ ერთ კლასს აწერია „ვოვაჩკა“.- წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.

ჰოდა, ეს ვოვაჩკა არიან ეგენი“.- წერენ სოციალურ ქსელში.

„გირჩის“ ერთ ერთმა ლიდერმაც იაგო ხვიჩიამ ერთ-ერთმა პირველმა გადაიღო სელფი ბოიკოტირებაშეწყვეტილ პარლამენტარებთან.

 

ხვიჩიას განცხადებით, კორექტულობისა და მეგობრულობის ნიშნად გირჩის წარმომადგენლები “დაუმორჩილებლობის აქტს” წყვეტენ და პარლამენტის სხდომათა დაბრაზში პირბადეებს გაიკეთებენ.

საბოლოოდ, ქართველმა ამომრჩევლებმა, ექვსთვიანი ლოდინის შემდეგ, პარლამენტში ოპოზიციის მიერ დაკავებული ადგილები იხილა. მართალია, სრულად არ შევსებულ ოპოზიციონერების ადგილები, მაგრამ როგორც პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, იმედი აქვს, რომ დანარჩენ ოპოზიციონერებსაც იხილავს პარლამენტში და რომ ისინი ხალხის სამსახურში ჩადგებიან.

შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დარბაზში ამომრჩევლის ხმა მაქსიმალურად გაჟღერდება: კუჭავა

კახა კუჭავას მხარი მხოლოდ ექვსმა დეპუტატმა არ დაუჭირა. სიტყვით გამოსული ოპოზიციონერები ამბობდნენ, რომ მოსწონთ კუჭავას ბეგრაუნდი, მოსწონთ, რომ მას განათლება უცხოეთში აქვთ მიღებული და  დარწმუნებულები არიან, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას თავს კარგად გაართმევს.

დიდ ინტერესს იწვევდა, ვინ ვის გვერდით დაჯდებოდა პარლამენტში.

ბოიკოტის დასრულებამდე პარლამენტში შესული „მოქალაქეების“ გვერდით „გირჩმა“ დაიკავა ადგილი.

სალომე სამადაშვილი, ხათუნდა სამნიძე და გიორგი ვაშაძე გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ. მათ გვერდით არიან „ლელოს“ წევრებიც.

„გირჩელები“ და „მოქალაქეებიდან“ ერთი რიგის გამოტოვებით კი „პატრიოტთა ალიანსიდან“ შესული, აწ უკვე „ევროპელი სოციალისტები“ ზიან.

დღის ბოლოს, ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეასრულა დადებული პირობა და გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.

 

მოკლედ, შეიძლება, უკვე თავისუფლად ვთქვათ, ბოიკოტი დასრულდა, თუმცა ვინ იცის…

როგორც ამბობენ, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველის… შესაძლოა, სულ მალე პოლიტიკაში მეორედ დაბრუნებულებიც ვიხილოთ და მოულოდელმა წასვლებმაც უკვე აღარ უნდა გაგვაკვირვოს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები