„ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს“ – ექსპერტი ვახტანგ ჭარაია ლარის გაუფასურების გამო, ცენტრალურ ბანკს ინტერვენციისკენ მოუწოდებს.
ეკონომისტმა გადაცემაში – “რეალური დრო თეონა ცხომელიძესთან ერთად”  არადამაიმედებელი პროგნოზი გაააკეთა. ქვეყანაში ლარის მკვეთრი გაუფასურების შეჩერების მიზნით, ჭარაია თვლის, რომ ამ ეტაპზე პროცესებში ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს.
„ეროვნული ბანკი არ არის ყოველ ჯერზე მაშველი რგოლი და არ აქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ ლარი გადაარჩინოს, მაგრამ როდესაც ჩვენ ვხედავთ ნახტომისებრ, 5 თეთრიან ან ერთ და ორ კვირაში 20-25 თეთრიან ნახტომს, მაშინ ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს. ამიტომ აქვს მას რეზერვები“ – ამბობს ჭარაია.
თუმცა ექსპერტის განმარტებით, ეს მუდმივად ვერ მოხდება და პროცესის მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისია.
„მე არ ვხსნი პასუხისმგებლობას მთავრობას და არ გადამაქვს ისრები ეროვნულ ბანკზე, თუმცა მოკლევადიან პერიოდში სწორედაც ეროვნულ ბანკს აქვს ეს ინსტრუმენტები. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი შეგვიძლია ვთქვა, მთავრობის „ბრალია“ რომ არ არის საკმარისი ეკონომიკური ზრდა” – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ, გადაცემა „რეალურ დროში“ საუბრისას.
ექსპერტი დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებს, ვერც ინფლაციის შესახებ და ის ფასების ზრდას ელოდება. „სამწუხაროდ ჩემი მოლოდინი არ არის ოპტიმისტური, იმიტომ რომ ლარის ასეთ გაუფასურებას, შეუძლებელია, არ მოყვეს ინფლაცია.“ – აცხადებს ჭარაია.
მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები