LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზვიად გამსახურდიას იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო

135
1554025354-5

საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზვიად გამსახურდიას ფოტოები, თარგმანები და პირველი პრეზიდენტის შესახებ გამოცემული წიგნები გამოიფინა.

დამთვალიერებელს გამოფენის ნახვა 8 აპრილამდე შეეძლება. ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია მისი ხუთტომეული, სერიიდან “საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები”.

იქვე გაიმართა საფოსტო მარკის წარდგენა, რომელიც საქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოსცა.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამოფენა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომენტარისას კვლავ აქცენტი გააკეთეს იმაზე, რომ “სირცხვილია, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოუძიებლობა”. ირაკლი კობახიძის თქმით, კანონში შეტანილი ცვლილილებით მათ სამართალდაცავებს მეტი დრო მისცეს საქმის გამოსაძიებლად.

“სამწუხაროა, რომ ამდენი წლის მანძილზე ვერ მოხერხდა საქმის გამოძიება, მისი ბოლომდე მოყვანა. ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ საქმე არის სასწრაფოდ ბოლომდე მისაყვანი. სამართლებრივი ზომებიც მივიღეთ ამისთვის და კანონში შევიტანეთ ცვლილება. შესაბამისად, არის სრული მხარადჭერა სამართალდამცველი ორგანოების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ გაიცემა პასუხები”,- აღნიშნა კობახიძემ 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენაზე იმყოფებოდა თბილისის მერიც.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა რამდნიმე თვალსაზრისით. ჩვენ აღვნიშნავთ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს. ზვიად გამსახურდია იყო ადამიანი, ვინც ეროვნული იდეა შექმნა და ქართველებს სამშობლოს შეგრძნება, -პატრიოტიზმი გამოუღვიძა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. მნიშვნელოვანია, ასევე რომ სწორად მოვუყვეთ მომავალ თაობებს, თუ ვინ იყო ზვიად გამსახურდია. 28 წლის წინ ქართველმა ხალხმა რეფერენდუმი ჩაატარა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება გამოძიებას, საქმე უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი”,- აღნიშნა კალაძემ.