ისტორიის სახელმძღვანელოში რუსული პროპაგანდის ელემენტებია, ეს სახელმძღვანელო რუსული ჰიბრიდული ომის ელემენტია, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ბიძინა ივანიშვილის ისტორიის სახელმძღვანელოში გამოჩენასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.
ჩიხლაძის განცხადებით, თუ რატომ არ იყო საქმის კურსში ოპოზიცია, თუნდაც განათლების კომიტეტის ოპოზიციონერი წევრები, ის ამ მხრივ იღებს კრიტიკას.
“ყოვლად დაუშვებელი და გაუგებარია, რატომ უნდა იყოს შეტანილი ბიძინა ივანიშვილმა რომ ბანკი “რასიისკი კრედიტი” დაარსა 1990 წელს, მით უმეტეს ბანკი, რომელიც ფულის გათეთრებაში და იარაღით ვაჭრობაში იყო გახვეული და მისი თანადამფუძნებლები დაჭერილებიც კი იყვნენ ამ საკითხზე.” – აცხადებს ჩიხლაძე
მისი თქმით, კიდევ უფრო დაუშვებელია, რომ რუსული პროპაგანდის ელემენტები ამ წიგნში და ეს სახელმძღვანელო რუსული ჰიბრიდული ომის ელემენტი გახდა.
“პირდაპირ არის ჩადებული რუსული პროპაგანდა კითხვებში, ფაქტების დამახინჯებაში, მეზობლების ამბავში – სჯობს რომ მეზობელთან იმეგობროთო, სუფთა პრორუსული და რუსული პროექტია და სამწუხაროა, რომ ავტორებიც ამას დაყვნენ და ასეთი რამ დაწერეს” – აცხადებს ჩიხლაძე.
მისი თქმით წიგნში ჩადებულია ელემენტები ომის თარიღთან დაკავშირებით, ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით, სამეზობლო საკითხებთან დაკავშირებით.
“რასაც სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რასაც ლავროვი და რუსული მედია ამბობს, ის გზავნილებია ამ წიგნში, რა თქმა უნდა, ეს ყოვლად დაუშვებელია და ამოსაღებია.” – აცხადებს სერგო ჩიხლაძე
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ამ მხრივ ოპოზიციასაც ამ საკითხებზე ვინც მუშაობს, უფრო მეტი მონდომება უნდა გამოეჩინა.
“ახლა მოგვიწევს ამაზე ბრძოლა, თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო ადრეც უნდა გვცოდნოდა და ნამდვილად ვიღებ ამ კრიტიკას, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი”, – განაცხადა ჩიხლაძემ.
ცნობისათვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, „ვარდების რევოლუციას“ და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში „ვარდების რევოლუციის“ როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.
საკითხზე კომენტარი გააკეთა განათლების სამინისტრომ. უწყების წარმომადგენლის, მარიამ ჩიქობავას განცხადებით, ისტორიული პროცესები გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივადაა აღწერილი და ის პროცესების შეფასების ნაწილს არ მოიცავს.