LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესაა თაღლითების ოცნება: აუცილებლად გავიმარჯვებთ! – ოპოზიციის ლიდერები არჩევნებს არ აღიარებენ და ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ

151
FORTUNA.GE (28)

არჩევნების შემდეგ ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა. მათი თქმით, ხელისუფლებამ მათ ხმები წაართვა, რის გამოც პარლამენტში შესვლა არ უნდა.

 

პარლამენტთან აქციაზე იმყოფება „სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი:

„მე დღეს თამამი ვარ. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“ გვაქვს თქვენგან მოცემული მანდატი, თამამად გეტყვით, ამ უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ.  თუ აღმოჩნდება ის ერთი, თუ ორი, რა თქმა უნდა, არავინ შევრისხავთ, მაგრამ გვარი და სახელი რუსთაველზე გამოვაცხადოთ, რადგან დღეს ქართული სახელმწიფოებრიობა დიდი საშიშროების ქვეშაა“, – აცხადებს ჩარკვიანი.
მისი თქმით, ხმების დაცვა პარლამენტში არ შესვლაა. ჩარკვიანმა სხვა პარტიის წარმომადგენლებს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ზაალ უდუმაშვილი:

„არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება ოპოზიციის მხრიდან ამ არჩევნებს და დავტოვებთ მარტო ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს. ჩვენ კარგად ვნახეთ რა ვითარებაში მიმდინარეობდა არჩევნები. ერთ მაგალითს მოგიყვანთ მხოლოდ, ერთ-ერთ უბანზე მივიდა 62 ადამიანი და „ქართულ ოცნებას“ აქვს 374 ხმა აღებული. როგორ შეიძლება ამ არჩევნებს ვუწოდოთ ლეგიტიმური? ამიტომ არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება ოპოზიციის მხრიდან ამ არჩევნებს“, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ივანიშვილი მენტალურად რუსია და მისი ადგილი საქართველოში არაა.

„გუშინ მთელი დღე ივანიშვილის პროპაგანდისტულ საშუალებებზე ეწერა ასეთი წარწერა. „გარეჯი საქართველოა“. დიახ მეგობრებო, გარეჯი საქართველოა, მაგრამ ივანიშვილი არ არის საქართველო. ივანიშვილი არის თაღლითი, ივანიშვილი არის რუსი, ის არის მენტალურად საბჭოთა, რუსი, სოციალურად მდაბიო და პერსონალურა აფერისტი. რაც გუშინ გააკეთეს, ამას აკეთებდა ასლან აბაშიძე, ამას შევარდნაძეც კი არ აკეთებდა. ასლან აბაშიძე იღებდა და წერდა რასაც უნდოდა, ზუსტად ეს იყო გუშინდელი არჩევნები. რაც გუშინ გააკეთეს, იყო ბოლო დონის მათხოვრობა. ამიტომ მეგობრებო, თუ არ გვინდა ამ უგვანო ადამიანმა 2030-მდე ჯიჯგნოს ქვეყანა, სწორი, შეჯერებული და მტკიცე ტაქტიკა იქნება საჭირო. ესაა თაღლითების ოცნება“, –  განაცხადა უგულავამ.

ამ შედეგებს არ ვცნობთ და ვიბრძოლებთ სანამ არ მივაღწევთ ახალ, სამართლიან არჩევნებს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობიანი ბრძოლა გაგრძელდება თავისუფალია არჩევნების მოპოვებამდე.
„ჩვენ გვართმევენ თავისუფლებას. ჩვენ ვართ ერი, რომელიც არ შეეგუება იმას, რაც გუშინ დაგვმართეს. არ ვაღიარებთ სიყალბეს, რაც გუშინ მოხდა. ჩვენ გვინდა ახალი არჩევნები, ესაა გამოსავალი. ამ შედეგებს არ ვცნობთ და ვიბრძოლებთ სანამ არ მივაღწევთ ახალ, სამართლიან არჩევნებს. დავდგეთ ერთად, რომ გავათავისუფლოთ ქვეყანა ჭაობისგან, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა შეგვიყვანა. უნდა ვიდგეთ ერთად მშვიდობიანად და მსოფლიოს დავანახოთ, რომ ღირსი ვართ ძლიერი, თავისუფალი ქვეყნის“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

 

ის რაც გუშინ ვნახეთ არ არის არჩევნები, დემოკრატია და ევროპა, ეს იყო უბრალოდ საარჩევნო „მოროდიორობა“ და ჩვენ ამას არ შევეგუებით არცერთ შემთხვევაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

,,ყველა ადამიანმა, რომელიც თვალს გვადევნებს უნდა ნახოს, რომ ვიქნებით ყოველდღე უფრო მეტი, იმიტომ, რომ ჩვენ არასდროს უკან არ დავიხევთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ის რაც გუშინ ვნახეთ, არ არის არჩევნები, დემოკრატია და ევროპა. ეს იყო უბრალოდ საარჩევნო „მოროდიორობა“ და ჩვენ ამას არ შევეგუებით არცერთ შემთხვევაში. ოპოზიცია ვაპირებთ, რომ ვიყოთ ერთიანები, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს! ამ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ მივაღწევთ, რომ არჩევნების შედეგები არ იყოს აღიარებული მათ შორის საერთაშორისო თვალსაზრისით. გვაქვს განსაზღვრული პირველადი სამოქმედო გეგმა და პირველი რასაც ვაკეთებთ, მომავალ კვირას, 15:00 საათზე, მთელი საქართველო უნდა შეიკრიბოს აქ. საქართველო არ შეეგუება იმას რაც მოხდა, არცერთი არ ვაპირებთ რომ შევეგუოთ, არ გავუფორმებთ ამ შედეგებს ივანიშვილს და საბოლოო ჯამში, აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

დღეს ვიწყებთ ბრძოლას მშვიდობიანად და ღირსეულად, როგორც ქართველებს გვეკადრება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„16 წელია პოლიტიკაში ვარ და ყველა მიცნობთ. არასდროს ვყოფილვარ და არ ვარ რადიკალური პოლიტიკის მომხრე, მაგრამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, სად ვდგავართ და რას ვემსახურებით. ვდგავართ საკუთარი კომფორტის, შეგუების და კონფორმიზმის მხარეს, თუ შევდივართ ბრძოლაში და ვართ ღირსების, ჩვენი შვილების მომავლის მხარეს. ამიტომ, გადაწყვეტილება არის ცალსახა – ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, ჩვენ ვგავართ ჩვენი ღირსების, ჩვენი სამშობლოს და ჩვენი შვილების მხარეს. ამიტომ, თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ ბრძოლაში ხართ, მინდა მადლობა გითხრათ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ოპოზიციამ მომდევნო კვირას 15:00 საათზე გრანდიოზული აქცია დააანონსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g