LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეთი ნახსენებია 79-ჯერ, არა ერთხელ, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არამედ 79-ჯერ: ბოკუჩავა

63
თინა ბოკუჩავა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ხელაშვილმა დეპუტატებს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, თინა ბოკუჩავამ მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუცია მოიყვანა.

ბოკუჩავას განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეთი, არა ერთხელ – როგორც ქართული ოპოზიცია ითხოვს, არამედ 79-ჯერ არის ნახსენები.

თინა ბოკუჩავას თქმითვე, მმართველი გუნდი მათ პროპაგანდისტულად, ყალბად და უღირსად ადანაშაულებს ომის რიტორიკაში მხოლოდ იმიტომ, რომ უნდათ, მტერს მტერი უწოდონ:

“როდესაც რეზოლუციის ტექსტზე შეჯერების მცდელობა გვქონდა და ოპოზიციის ამოცანა სწორედ ეს იყო, რომ ერთობლივი ტექსტი შეემუშავებინა, საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგში დავაყენეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, მისი შინაარსის განხილვა, პათოსის შენარჩუნება და გაზიარება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

რამდენჯერ არის ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში რუსეთი ნახსენები? თქვენ მიერ შემოთავაზებული ტექსტი მიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას არ გაეცანით, ამიტომ შემიძლია დაგეხმაროთ – ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეთი ნახსენებია 79-ჯერ. არა ერთხელ, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არამედ 79-ჯერ.

მათ შორის, ამ რეზოლუციას ჰყავს ინიციატორები თქვენი პოლიტიკური ჯგუფიდან. ევროპარლამენტმა მოახერხა ის, რაც ამ პარლამენტმა უნდა მოახერხოს – მან შეიმუშავა ინტერფრაქციული ჯგუფი და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა ამ ტექსტზე, ინიციატორებს შორის არის თქვენი პოლიტიკური ჯგუფის არაერთი წარმომადგენელიც. ჩვენ რომ პროპაგანდისტულად, ყალბად და უღირსად ომის რიტორიკაში გვადანაშაულებთ მხოლოდ იმიტომ, რომ მტერს მტერი გვინდა ვუწოდოთ, აგრესორს – აგრესორი, ოკუპანტს – ოკუპანტი, მაინტერესებს, ბატონი სვენ მიქსერი, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციის თანაინიციატორია, სადაც რუსეთი 79-ჯერ არის ნახსენები, ომის რიტორიკის ინიციატორია? მიპასუხეთ კონკრეტულად, ან ერთხელ და სამუდამოდ თავი დაანებეთ ცილისმწამებლურ და ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას. კმარა, ამდენი სიცრუე, პოპულიზმი, ცილისწამება და ოპონენტებისგან მუდმივად მტრის ხატის შექმნა იმიტომ, რომ ახლა ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენის საკითხის წინაშე ვდგავართ და ამ ყალბი და მდაბიო პოლიტიკური თამაშების დრო უბრალოდ არ არის”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მდინარაძე: ყველა ფრაზა იმდენად სწორად არის ჩაწერილი, აწონილი და გაზომილი, რომ ვერცერთ დროში ვერავინ, ვერც მტერი და ვერც მოყვარე, რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ვერ მოგვედავება

სამნიძე მდინარაძეს: თქვენ თქვით, რომ „ისეთი ტექსტი მოვამზადეთ, ვერავინ შემოგვედავება და ყველასთან მართლები ვართო“ – რუსეთსაც თვლით?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g