LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოცხიშვილების საცეკვაო დინასტიის წარმომადგენელი ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი მოცეკვავეა – „ალბათ, იმიტომ დავაინტერესე ასე ძალიან, რომ ქართული ცეკვა მაინც თავისას შვრება…“

854
გიორგი მთავარზე

ცნობილი ქართველი მოცეკვავის, გელოდი ფოცხიშვილის შვილიშვილი, ფოცხიშვილების საცეკვაო დინასტიის წარმომადგენელი, 21 წლის გიორგი ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის მოცეკვავეთა ძირითად შემადგენლობაშია და ბოლო პერიოდის განმავლობაში კარიერულ საფეხურზე წინ გასაოცარი სისწრაფით მიიწევს. ჯერ ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის ახალგაზრდულ შემადგენლობაში მიიწვიეს, შემდეგ კი, ძალიან სწრაფ ტემპში, ერთ-ერთ წამყვან მოცეკვავედ იქცა, რომელიც  სცენაზე დგომის 15-წლიანი სტაჟით პრიმაბალერინა ანა ციგანკოვას უწევს პარტნიორობას.

გიორგი ფოცხიშვილთან fortuna.ge-მ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ცოტა უხერხულიც კია, გკითხო, როგორ დაინტერესდი ცეკვით…

მართლა არ მახსოვს, როგორ დაიწყო ეს ინტერესი, რადგან როცა გათვითცნობიერება დავიწყე, რომ მოცეკვავეობა მინდოდა, ცეკვა უკვე დიდი ხნის დაწყებული მქონდა. აზრადაც არ მომსვლია, რომ სხვა რამ მეკეთებინა, ოღონდ ახლა ქართულ ცეკვაზე ვსაუბრობ. ბაბუაჩემიდან, გელოდი ფოცხიშვილიდან რომ დაიწყო, სავარაუდოდ, მამაც, გელა ასე იყო, დედაჩემიც… მეც ამ დინებაში მოვყევი, ჩემდა უნებურად. სულ ვიცოდი, რომ ქართულის მოცეკვავე გამოვიდოდი, ჩემი ოჯახის ტრადიციის გასაგრძელებლად. ბავშვობიდან არ მქონია სურვილი, რომ ბალეტი მეცადა. ბალეტის მიმართ ინტერესი დედამ გამიღვივა, რადგან ის ბალერინაა, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სკოლა აქვს დამთავრებული. ეს ცოდნა ჯერ მამას გაუზიარა და თავიანთი სტილი შექმნეს ქართულ ცეკვაში, სამეფო ნაციონალური ბალეტის სახით, დიდხანს ვასრულებდი ქართულ ცეკვას. მე აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ბალეტში მეცადა ძალები. მშობლებმა შემომთავაზეს, დავუფლებოდი ცეკვის სხვა სახეობასაც, რადგან ბალეტი აყალიბებს მთლიან ფუძეს ცეკვისას… ბალეტისთვის ვარჯიში 13 წლის ასაკში დავიწყე…

ვიცი, რომ ერთადერთი ბიჭი იყავი კლასში…

(იღიმის) ასე იყო ნამდვილად. ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სასწავლებელში რომ შევედი, ამის გამო ცოტა შოკირებული ვიყავი. ქართულ ცეკვაში სულ ბიჭებთან ერთად მიწევდა ვარჯიში, აქ კი – სულ გოგონები იყვნენ. თავიდან გაკვირვებული ვიყავი, მაგრამ ხუმრობით რომ ვთქვათ, მერე მივხვდი, რომ ეს ცუდი სულაც არ იყო (იცინის).

ცეკვა ცეკვაა, თუ მოძრაობა შეგიძლია, ბევრი რამ ხდება შესაძლებელი, მაგრამ ბალეტში მარტო არ ცეკვავ, ქართულისგან განსხვავებით – სოლოშესრულება შეიძლება სულ რამდენჯერმე მოგიწიოს სპექტაკლში, დანარჩენი სულ პარტნიორობაა. ჩვენი ტრადიციები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქართულ ცეკვაში ასე შეეხო ქალს. სპორტსმენის დატვირთვა გაქვს ბალეტში – ისეთი ფიზიკური მომზადება დამჭირდა, რაც ქართულ ცეკვაში არ მჭირდებოდა. გინდა ტრენაჟორზე ვარჯიში, რადგან როცა გოგო გყავს აწეული, ცეკვის გაგრძელება ძნელია. ბალეტს თავისი სპეციფიკა აქვს, უნდა იყო მოქნილი, ძლიერი, უნივერსალური. ბალეტში არის არა მხოლოდ ცეკვა, არამედ როლებიც, მსახიობობაც გჭირდება. სხვათა შორის, თავიდანვე მომეწონა. რაც მთავარია, მაყურებელსაც მოეწონა ჩემი ნახვა სცენაზე ამ მხრივ.

საზღვარგარეთ როგორ აღმოჩნდი?

ბალეტში სერიოზული საფუძველი მომცეს და დამეხმარნენ ქალბატონი ნინო ანანიაშვილი, ძალიან კარგი პედაგოგები: უილიამ პრატი, ვიქტორია კუზნეცოვა, ქეთი მოწონელიძე, აღარ დავასახელებ დედას და მამას, რომელთან ერთადაც ყოველდღიურად ვვარჯიშობდი. ჩემი პირადი კარიერის განსავითარებლად საჭირო იყო გარკვეული მცდელობები საზღვარგარეთ. როცა ბალეტის სამყაროსკენ გავიხედე, ევროპისკენ, ეს მოხდა მაშინ, როცა ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმაბალერინა ელენე გლურჯიძე ჩვენი სკოლის გამოსაშვებ საღამოზე თბილისში ჩამოვიდა. მას სურდა, ქართველი ბალერონები დაეპატიჟებინა საზაფხულო სკოლაში, თავის მასტერკლასებზე. თავად გამოყო დაფინანსება. იქ გავიარეთ მსოფლიოს წამყვანი სკოლების პროგრამა, – ნეო კლასიკი, კონტემპორარი, პარტნიორობა სიღრმისეულად – მივხვდი, რომ ბევრი რამის სწავლა შემეძლო. ბალეტი ისეთი სფეროა, ევროპაში იმდენი განსხვავებული ადგილია, უნდა იპოვო საკუთარი სტილი, სად უფრო კარგად წარმოაჩენ საკუთარ შესაძლებლობებს.

მოვხვდი მილანში კონკურსზე, სადაც მიმიწვიეს, ბერლუსკონის მიერ იყო ორგანიზებული.იქაც რომ ვიკითხე, ჩემთვის ყველა გზა ამსტერდამში მიდიოდა. იქ აღმოვაჩინე ბალერონების საუკეთესო მასწავლებელი, გრიგორი ჩიჩერინი. მასთან ერთი კვირა ჩავედი გასინჯვებზე და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჩემთან მემუშავა. ჰოლანდიაში არის ხელოვნების ძალიან კარგი სასწავლებელი, სადაც გავდიოდი საგნებს, მასტერკლასებს. ორი წელი იქ ყოფნის შემდეგ, ჰოლანდიის ნაციონალურმა ბალეტმა შემომთავაზა კონტრაქტი, ჯუნიორ კომპანიში, ანუ როგორც სტაჟიორს, დამწყებ მოცეკვავეს. უკვე ორი წელია, იქ ვცეკვავ, უნივერსიტეტიც დავამთავრე, ავიღებ ბაკალავრის დიპლომი. ჯუნიორ კომპანიიდან, რომელიც ორწლიანი, მე ერთი წლის შემდეგ დამაწინაურეს და პირველივე თვეში ვიცეკვე წამყვანი პარტია ნეოკლასიკ ბალეტში, ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონიაზე დადგმულ სპექტაკლში. რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე დამაწინაურეს. ამ სეზონის კულმინაცია კი გახდა დიდი კლასიკური ბალეტი „რაიმონდა“, რომლის ნაწილიც გავხდი და ანა ციგანკოვასთან ერთად შევასრულე წამყვანი პარტია. დადგმის პროცესში თავადაც ვმონაწილეობდი და ითვალისწინებდნენ ჩემს მოსაზრებებსაც. ანა ციგანკოვა 15 წელიწადია, პრიმაბალერინაა, ძალიან გამოცდილი მოცეკვავეა, ისიც და მისი ყოფილი პარტნიორიც კი მეხმარებოდნენ. ძალიან კარგი სპექტაკლი გამოვიდა. სამაქტიან ბალეტში მთავარი პარტიის შესრულების შემდეგ კვლავ დამაწინაურეს, ძალიან გამანებივრეს, თუმცა მთელი წელი დარბაზიდან არ გამოვსულვარ.

როგორია შენი დღის წესრიგი?

დილის ათიდან საღამოს ექვსამდე ვარ დარბაზში, ვარჯიშებზე, შემდეგ თუკი არ ვარ კმაყოფილი რაღაცით, ტრენაჟორებზე სავარჯიშოდ მივდივარ. რაც შეეხება კვებას, საკუთარ თავს არაფერს ვუკრძალავ, რადგან მთელი დღის განმავლობაში ორგანიზმი მომყვება, ყველაფერს მისრულებს და შემდეგ ენერგია სჭირდება. ცომეულს ვერიდები, რაც საქართველოში ჩამოსვლისას ცოტა ძნელია, რადგან ხაჭაპურის გარეშე ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ჰოლანდიაში ზოგჯერ კვირები ისე გადის, რომ პურს არ მივირთმევ. დღის განმავლობაში, როცა ვხვდები, რომ ენერგია მაკლდება, აუცილებლად მივირთმევ, წვნიანებს და უფრო მეტად ჯანსაღ საკვებს, ვერიდები გაზიან სასმელს.

შენი ვიდეოები და ფოტოები მაქვს ნანახი, როცა შეიძლება ითქვას, ჰაერში დაფრინავ. ეს უნარი, ალბათ, მაინც ქართული ცეკვიდან გაქვს…

ჰოლანდიელ მაყურებელსა და ამ სფეროს ალბათ, იმიტომ დავაინტერესე ასე ძალიან, რომ ქართული ცეკვა მაინც თავისას შვრება. ახლაც რომ ვიცეკვე, ვცდილობდი, იქაური პუბლიკისთვის ქართული ელემენტებით გაჯერებული მოძრაობები შემეთავაზებინა. ქართული ცეკვისა და ბალეტის სინთეზით გამოდის ის, რაც არავის აქვს ნანახი. ახლა ბალეტი ისე განვითარდა, რომ ვერავის გააკვირვებ, მაგრამ  ქართული ცეკვის დახმარებით, მამაკაცურობით, სცენაზე რომ იგრძნობა, რომ ქართველი ვარ, ახლის შექმნა მოხდა. კიდევ ცდებსა და  ექსპერიმენტებში ვარ. რაც ბალეტი დავიწყე, ქართულ ცეკვაშიც ვეძიებ ხოლმე საინტერესო და ახალ სინთეზებს, რასაც ახლა წარმოვადგენთ ჩვენს კონცერტებზე. 10 ივლისს – თბილისის საკონცერტო დარბაზში, ხოლო 13 და 14 ივლისს – ბათუმში ვიცეკვე. 4 წელია, ქართული ცეკვა არ შემისრულებია და ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იქნება, ძალიან მონატრებული ვარ. დრო რომ გამოჩნდა, გადავწყვიტეთ, საქართველოში მეცეკვა.


ოჯახის წევრებს როგორი რეაქცია აქვთ, როცა შენს წარმოდგენებს ესწრებიან?

ბალეტამდე, რასაც ვაკეთებდი, ყველაფერს ვაკეთებდი მშობლებისა და ბაბუის გამო. ახლა, როცა შემოვიდნენ თეატრში, როგორც მაყურებლები, გაოგნებულები იყვნენ. მათ რომ არ უკავშირდებოდა ეს ყველაფერი და პირიქით, ეძღვნებოდა, შოკირებულები იყვნენ. ძალიან ნერვიულობდნენ. ვუთხარი, წლებია, ამას ვაკეთებ და დამშვიდდით-მეთქი, მთავაზობდნენ თავიანთ დახმარებას. როცა წარმოდგენას ესწრებოდა, დედაჩემი დამამშვიდებლებს სვამდა პარტერში. მაქვს რკინის ნერვები. ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი, მხოლოდ მე ვარ ახალწვეული წამყვან მოცეკვავეებს შორის. სხვათა შორის, იქ სამი ქართველი ვართ – წამყვანი პრიმაბალერინაა მაია მახათელი და 24 წლის გოგონა, სალომე ლევერაშვილი სოლისტი გახლავთ. სამივე ქართველს კარგი სახელი გვაქვს ჰოლანდიის ნაციონალურ ბალეტში. იქ მსოფლიოს წამყვანი მოცეკვავეები ცეკვავენ და მეც რომ შემარჩიეს, ამას მგონი, ჩემი ნერვებიც დამეხმარა…

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

magti 5g