13 თებერვალს მსოფლიო რადიოს საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
რადიო სივრცისთვის განსაკუთრებული თარიღი იუნესკოს ინიციატივით უკვე თერთმეტი წელია, 2011 წლიდან აღინიშნება.
ამ დღის მთავარი გზავნილი რადიოს განვითარება და მისი უფრო მეტად პოპულარიზაციაა.
როგორც იუნესკოში აღნიშნავენ, სხვადასხვა საერთაშორისო მოხსენების მიხედვით, დღემდე რადიო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ხელმისაწვდომ მედიად რჩება. “რადიოსა და ნდობას” ეხება რადიოს მსოფლიო დღის 2022 წლის თემაც.
რადიო სივრცისთვის სიმბოლური თარიღის ერთად აღსანიშნავად, წელს იუნესკო მსოფლიოს ყველა რადიოსადგურს ონლაინ ფორმატის ღონისძიებაზე იწვევს. ღონისძიების მიზანია, რადიოსადგურის დამფუძნებლებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარონ.
ქართულ რადიო სივრცეში ლიდერ პოზიციაზე მყოფ რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” რადიოს მსოფლიო დღეს მომღერალი რატი დურგლიშვილი ულოცავს:
“ჩემი აზრით, სწორედ რადიოა გადამწყვეტი მუსიკოსის განვითარებასა და მისი შემოქმედების პოპულარიზაციაში.
ძალიან მიყვარს თქვენი ჰოლდინგი, რომელსაც ჩემს დიდ ოჯახად ვთვლი, რადგან ყველა ჩემი მეგობარია. საოცარია, მაგრამ “ფორტუნაში” მხოლოდ ბედნიერი ადამიანები მუშაობენ ჯადოსნური ენერგეტიკით, ამიტომ სიგიჟემდე მიყვარს თქვენთან სტუმრობა.
სწორედ “ფორტუნასთან” ასოცირდება სიმღერა “ესა მესა”, რომლის გამოშვებაშიც მთელი ჰოლდინგი გვერდით დაგვიდგა, ამიტომ მისი ჰიტად ქცევაც თქვენი დამსახურებაა, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას. მაშინ გავიცანით ერთმანეთი, მაშინ დაიწყო ჩვენი მეგობრობა და ბედნიერი ვარ, რომ დღემდე გრძელდება”, – აღნიშნავს რატი დურგლიშვილი.
რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” წარმატების ისტორია უკვე 24 წელს ითვლის.
სწორედ 24 წლის წინ, 1997 წლის 31 დეკემბერს გავიდა პირველად ეთერში რადიო “ფორტუნა”.
24 წლის შემდეგ კი რადიოჰოლდინგი უკვე ოთხ რადიოსადგურს, ერთ ინტერნეტრადიოს – “როკრადიოს” და ვებგვერდ fortuna.ge-ს აერთიანებს.
უკვე 24 წელია, ერთგულ მსმენელთან ერთად, რადიოჰოლდინგი “ოქროს სტანდარტით” მიიწევს წინ და იკავებს ლიდერ პოზიციებს, ყველგან, სადაც საქართველოა.
“ფორტუნას”, “ფორტუნა პლუსს”, “არ დაიდარდოს” და “ავტორადიოს” ჯამურად, რადიოაუდიტორიის 60% უსმენს.