სახლები კინემატოგრაფიაში, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილია –  როგორც წესი, ფილმების და სერიალების გადაღებები პავილიონებში მიმდინარეობს, თუმცა არსებობს რეალური სახლები, რომლებიც საკულტო ფილმებსა და სერიალებში გადაიღეს… ამ სახლებს ყველა ჩვენგანი იცნობს, თუმცა ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ისინი რეალურად არსებობს და შეგიძლიათ ეწვიონ, ზოგან კი ღამეც გაათიოთ…

სახლი ფილმიდან „ჩიტის ყუთი“ / Bird Box

სახლი, რომელშიც ფილმის ფლეშბექებში ასახული მოქმედება ვითარდება კალიფორნიაში, ლოს ანჯელესის გარეუბანში მდებარეობს. სახლის პატრონის თქმით, იგი ბოლო ორი დეკადის განმავლობაში „ჩიტის ყუთის“ გარდა კიდევ სამ ფილმში გადაიღეს, თუმცა სახლს საყოველთაო პოპულარობა სწორედ „ნეტფლიქსის“ თრილერმა მოუტანა, რომელშიც მთავარ როლს სანდრა ბალოკი ასრულებს.

სახლი ფილმიდან „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ / Harry Potter and the Sorcerer’s Stone

დიახ, ფილმის სცენებში რეალურად არსებული სახლის ექსტერიერია გადაღებული, რომელიც ლონდონის გარეუბანში მდებარეობს. იმ შემთხვევაში კი, თუ თავგადაკლული პოტერჰედი ხართ და სახლის ინტერიერის დათვალიერება ან სულაც ცნობილ კიბისქვეშა საკუჭნაოში შეხედვა გსურთ, „უორნერ ბრაზერსის“ სტუდიას უნდა ეწვიოთ.

 

სახლი ფილმიდან „კრავთა დუმილი“ / Silence of the Lambs

სახლი, რომელშიც 1991 წლის კინოშედევრის პერსონაჟი, სერიული მკვლელი ბუფალო ბილი ცხოვრობდა, სრულიად რეალურია. იგი პენსილვანიაში, პიტსბურგთან ახლოს მდებარეობს. 2016 წელს სახლი თითქმის 200 000 აშშ დოლარად გაიყიდა.

სახლი ფილმიდან „არდადეგები“ / The Holiday

კამერონ დიასის პერსონაჟის კუთვნილი ულამაზესი სახლი, რომელშიც ფილმის მსვლელობისას კეით უინსლეტის პერსონაჟი, აირისი ცხოვრობს ლოს ანჯელესში მდებარეობს. სახლს, რომლის ფართობიც 960 კვადრატული მეტრია, ულამაზესი ბაღიც აქვს. „არდადეგების“ ეკრანზე გამოსვლის შემდეგ სახლი ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ადგილად იქცა.

სასახლე სერიალიდან „დაუნტონის სააბატო“ /Downton Abbey

ვიქტორიანული ხანის ციხესიმაგრე ჰაიკლერი, რომელშიც ცნობილი სერიალი გადაიღეს, დიდ ბრიტანეთში, ჰემპშირში მდებარეობს. წელიწადში 60-70 დღე სასახლე დამთვალიერებლებისთვის ღიაა, ასე რომ სერიალის ფანებს მისი მონახულება შეუძლიათ.

სახლი ფილმიდან „ზაზუნას დღე“ / Groundhog Day

ცნობილი სახლი „ზაზუნას დღიდან“ ნამდვილად არსებობს. იგი ნამდვილად სასტუმროა და შესაბამისად, იქ ღამის გათევაც შეგიძლიათ. თუმცა რეალურად სახლი არა პენსილვანიაში, არამედ ილინოისში, ჩიკაგოს ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობს.

სახლი ფილმიდან „მარტო სახლში“ / Home Alone

მაკკალისტერების სახლი შესაძლოა ყველაზე ცნობილი სახლია კინოს ისტორიაში. იგი ჩიკაგოს გარეუბანში, ძალიან მშვიდ ადგილას მდებარეობს. სახლის ინტერიერის დათვალიერებას სამწუხაროდ ვერ შეძლებთ, თუმცა ექსტერიერის მონახულება შეგიძლიათ.

სახლი ფილმიდან „მისის დაუტფაიერი“ / Mrs. Doubtfire

ცნობილი სახლი 1993 წლის კომედიიდან კალიფორნიაში, სან ფრანცისკოში მდებარეობს. სახლი განსაკუთრებით მოთხოვნად ტურისტულ დანიშნულების ადგილას რობი უილიამსის სიკვდილის შემდეგ იქცა. 2016 წელს იგი 4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

სახლი ფილმების სერიიდან „ბინდი“ / Twilight

შესაძლოა „ბინდის“ საგა შედევრების სიას არ მიეკუვნება, თუმცა თუ ფილმები ერთხელ მაინც ნახეთ, აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ ეს ორიგინალური სახლი, რომელიც პორტლენდში მდებარეობს. მაკკალისტერების სახლის მსგავსად, ინტერიერს ვერც ამ შემთხვევაში დაათვალიერებთ.

სახლი სერიალიდან „მეგობრები“ / Friends

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი სერიალის ეპიზოდები „უორნერ ბრაზერსის“ სტუდიაში, კალიფორნიაშია გადაღებული, ექსტერიერის სცენებში ნაჩვენები სახლი რეალურია. იგი ნიუ-იორკში მდებარეობს.

სასახლე ფილმიდან „ბნელი რაინდის აღზევება“ / The Dark Knight Rises

ბრიუს უეინის საგვარეულო სასახლე ფილმიდან „ბნელი რაინდის აღზევება“ სინამდვილეში ნოტინჰემში მდებარე ვოლოტონ ჰოლია, რომელიც ისტორიის მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. ასე რომ ბეტმენის ფანებს სასახლის მონახულება და მისი როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის დათვალიერება შეუძლიათ.

 

 

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები