„დასამალი არაფერი არ არის, ჩემმა შვილმა გაავრცელა ინფორმაცია, ეს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უფლებაა. ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება,”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მისი შვილი, რომელსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, კონტაქტში იყო იმ კლასტერთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ იტალიიდან დაბრუნდა.
ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა:"არ მინდა ეს საკითხი დამატებითი პანიკის წყარო გახდეს"
"დარწმუნებული ვარ,რომ ძალიან მალე დავძლევთ ჩვენს ქვეყანაში ამ გამოწვევას"
მისივე თქმით, ნიკოლოზ გამყრელიძე ბოლო ორი დღე თვითიზოლაციაში იყო.
“ჩემი შვილი კონტაქტური იყო იმ კლასტერთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა, ისინი არიან მისი თანამშრომლები და იყო ორშაბათს საღამოს სხდომაზე ჩემს შვილთან და დიდი ალბათობით იქიდან მოხდა ინფიცირება.
ჩემი შვილი, ბოლო ორი დღე იყო თვითიზოლირებული და შემდგომ პირველი ტესტი იყო საეჭვო, ამიტომ მიზანშეოწინლად ჩავთვალეთ მისი კვლევა. გუშინ დადასტურდა. მისი კონტაქტები ყველა ჩამოთლილია, გაუგზავნა დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ამ კონტაქტების კვლევა მიმიდნარეობს ინტენსიურად“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით დაავადებული 12 ადამიანიდან 10 პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიაში მოგზაურობის ისტორიას. ამჟამად მიმდინარეობს იმ ადამიანების კვლევა, ვისაც კონტაქტი ჰქონდათ იტალიასთან დაკავშირებული კორონავირუსის დადასტურებულ შემთვევებთან.
“ინტენსიურად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. სულ ამ იტალიურ კლასტერთან დაკავშირებით 76 ადამიანია შესწავლილი და 50-ის შესწავლა მიმდინარეობს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, იტალიიდან დაბრუნებული ადამიანები კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდი საფრთხეა და ამ ადამიანებმა სიმპტომები არ უნდა დამალონ.
“პანიკას ნუ მივეცემით, მეტი სიფხიზლე უნდა გვქონდეს და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როცა ვბუნდებით რისკის მქონე ქვეყნებიდან, ნუ დავმალავთ სიმპტომებს, განსაკუთრებით დამაზიანებელია იტალია, საიდანაც ჩვენი თანამემამულეები ბრუნდებიან. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩამოსვლის შემდეგ უნდა გაიარონ ორკვირიანი კარანტინი”- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა
დღესდღეობით კორონავირუსი მსოფლიოს 97 ქვეყანაშია გამოვლენილი.დაღუპულთა რაოდენობა 3 497 -მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი – 57 624-ია. ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი ვირუსს ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში ემსხვერპლა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს ახალი კორონავირუსით ინფექციაზე ტესტირება კიდევ 17 ადამიანს ჩაუტარდება.მისი ინფორმაციითვე, ამ დრომდე ბოქსირებულ განყოფილებაში 46 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. ინფიცირებული პაციენტებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კვლავ საშუალოზე მძიმეა.
ამ ეტაპზე, კარანტინის რეჟიმში 140 ადამიანი იმყოფება. რაც შეეხება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პირებს, მათი რიცხვი 42-ს შეადგენს.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.