LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავლენიანი მოსამართლეების კლანი დაწინაურების სისტემას შიდა ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტად იყენებს: TI

49
1

როგორია საერთო სასამართლოების სისტემაში დაწინაურების არსებული საკანონმდებლო რეგულაციები და დამკვიდრებული პრაქტიკა – საკითხი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” (TI) შეისწავლა და კვლევის შედეგები წარადგინა. 

კვლევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დაწინაურების შესახებ 2015-2020 წლებში მიღებული გადაწყვეტილებებია გაანალიზებული.

კვლევის შედეგები კი აჩვენებს, რომ დაწინაურების სისტემას გავლენიანი მოსამართლეების კლანი შიდა ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტად იყენებს.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილებების უმრავლესობა საერთო სასამართლოების სისტემაში არა დამსახურების პრინციპზე დაფუძნებით, არამედ გავლენიან მოსამართლეების ჯგუფის პირადი, ვიწრო ინტერესების შესაბამისად მიიღება და ამის შესაძლებლობას მათ არსებული სამართლებრივი მოწესრიგება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი აძლევს.

TI ყურადღებას ძირითად მიგნებებზე ამახვილებს:

? მოსამართლეთა დაწინაურებისას ძირითად პრობლემას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებების არაჯანსაღი მიზნებით გამოყენება წარმოადგენს;

? იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკადრო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არათანმიმდევრულია და არ ითვალისწინებს კონკრეტული სასამართლოს საკადრო საჭიროებებს;

? დაწინაურების არსებული წესი უმეტესად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან სასამართლოებს შორის მოსამართლეთა ე.წ. როტაციის მიზნით გამოიყენება, რითაც ე.წ. კლანი ინარჩუნებს გავლენებს სასამართლო სისტემაში;

? სასამართლოს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფი, ყველაზე დიდ და გავლენიან სასამართლოებს, მისდამი ლოიალური და ერთგული კადრებით აკომპლექტებს;

? თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაწინაურებულ მოსამართლეთა გავლენები სასამართლო სისტემაში საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება.

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში” აცხადებენ, პრობლემების მოგვარების მიზნით, მნიშვნელოვანია:

? იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილება დაწინაურების თაობაზე საბჭოს არამოსამართლე და მოსამართლე წევრების ორმაგი ⅔-ის უმრავლესობით მიიღებოდეს;

? მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნის წესს, ორგანული კანონის 37-ე მუხლს, საგამონაკლისო ხასიათი უნდა ჰქონდეს და იგი ზემდგომ ინსტანციაში გადაყვანის შესაძლებლობას არ უნდა ითვალისწინებდეს;

? გადაწყვეტილებები მოსამართლეთა დაწინაურების თაობაზე ღია კენჭისყრით უნდა მიიღებოდეს;

? იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები სათანადოდ უნდა დასაბუთდეს და ექვემდებარებოდეს გასაჩივრებას.

ორგანიზაციაში იმედს იტოვებენ, რომ კვლევის შედეგად გაკეთებული მიგნებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება საბჭოს წევრების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები