LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გავრცელებულია ნაწლავური ინფექციის განსაკუთრებით საშიში შტამი” – ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ

“გავრცელებულია ნაწლავური ინფექციის განსაკუთრებით საშიში შტამი”- ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, ექიმი დავით გადელია ავრცელებს.

“ჩემი კლინიკის გამოცდილი და საუკეთესო პროფესორებიც ვერ იხსენებენ ასე მძიმედ მიმდინარე ამდენ შემთხვევას –  დაავადების დაწყებისთანავე იწყება თირკმელების უკმარისობა, ხშირად მუცელში სითხის დაგროვება და სისხლი გამონაყოფში,” –  წერს დავით გადელია.

მისივე თქმით, არსებული ინფექცია ეშერიხია კოლის შტამია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ გერმანიაში ეპიდემია გამოიწვია. ექიმი მოუწოდებს მოსახელობას, მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენა, გარეცხონ ბოსტნეული და სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

“პროფილაქტა პირველ ყოვლისა! ძალიან ხშირად დაიბანეთ ხელები და დაბანეთ ბავშვებს (ბავშვებში სამწუხაროდ, უფრო მძიმედ მიმდინარეობს) და ძააალიან კარგად გარეცხეთ ბოსტნეული, საკვები, გამდინარე ონკანის წყლით!!
პირღებინების, ფაღარათის, სისხლიანი განავლის შემთხვევაში, აუცილებლად დასაწყისშივე მიმართეთ ექიმს!! მოეკიდეთ სერიოზულად, სამწუხაროდ ბევრი დამძიმებული ავადმყოფი გვიწევს ამ, თითქოს უმნიშვნელო სიმპტომებით დაწყებული,” – წერს დავით გადელია.

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურ დირექტორს, ექიმ დავით გადელიას “ფორტუნაც” ესაუბრა.

“ნაწლავური ინფექია, როგორც წესი ზაფხულობით ყოველთვის მომატებულია, თუმცა წელს შემოვიდა ისეთი შტამები, რომლებიც განსაკუთრებით ტოქსიკურია, იწვევს თირკმელის უკმარისობას და ცვლილებებს ღვიძლში. ჩვენთან შემოსული ერთ-ერთი პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. ინფექცია გამოვლინდა, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში,” – განაცხადა “ფორტუნასთან” საუბრისას ექიმმა დავით გადელიამ.

ფორტუნა” დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაუკავშირდა. ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, ნაწლავური ინფექციის ჯგუფური შემთხვევები მესტიასა და დედოფლისწყაროში დაფიქსირდა, თუმცა მისივე თქმით, ამ ეტაპზე ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

“დაავადებულ პაციენტებში გამოვავლინეთ stx2 გენის მატარებელი ნაწლავის ჩხირი, რომელიც ტოქსიგენურია. ამ ტიპის ნაწლავური ინფექციის რამდენიმე შემთხვევა ყოველთვის ფიქსირდებოდა სხვადასხვა რეგიონში, ახლა გამოვლინდა ჯგუფური შემთხვევა მესტიასა და დედოფლისწყაროში. დაავადება თანაბრად გამოვლინდა, როგორც ბავშვებში, ასევე მოზარდებში. ამ ეტაპზე ეპიდემიის გავრცელების არანაირი საფრთხე არ არსებობს.

მოსახლეობამ იცოდეს რომ, თუ ოდნავ მაინც გამოვლინდა სისხლიანი განავალი, აუცილებლად მიმართონ ექიმს, დროულად დაწყებული მკურნალობის შემთხვევაში, პრობლემა არ იქმნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექცია შეიძლება გართულდეს თირკმელების უკმარისობით,” – განაცხადა “ფორტუნასთან” პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და ბოსტნეულისა და ხილის კარგად გარეცხვა.

 

 

თამუნა გოგუაძე